
ჯონ დელი: „ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერებამ მოსკოვს სრული კმაყოფილება მიჰგვარა“
03/04/2020 09:29:00 ეკონომიკა
ჯეიმსთაუნის ფონდის მკვლევარი ჯონ დელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერების ფაქტს ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერების გამო კმაყოფილია“.
როგორც ევრაზიის საგარეო საქმეებისა და თავდაცვის პოლიტიკის ექსპერტი წერს, "1991 წელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციისთვის უმთავრესი პრიორიტეტი იყო შეენარჩუნებინა ან რაც შეიძლება დიდი ხნით გაეხანგრძლივებინა გავლენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე, განსაკუთრებით კი თავდაცვის სფეროში. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია შავი ზღვის რეგიონში, სადაც მდებარეობს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები – უკრაინა და საქართველო, რომლებსაც ნატო–ში გაწევრიანება სურთ და ორივეს შეიარაღებულ კონფლიქტი ჰქონდა რუსეთთან".
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, "რუსეთის შეშფოთება ვრცელდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზეც, რომელსაც აქვს ორმაგი დანიშნულება – როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო":
"შესაბამისად, საქართველოში, ანაკლიაში დაგეგმილი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერებამ მოსკოვს სრული კმაყოფილება მიჰგვარა, რადგან პროექტის შეჩერება ამცირებს საქართველოს საზღვაო პოტენციალს ნატო–ს მიერ შესაძლო გამოყენებისთვის, თუკი თბილისის ალიანსში გაწევრიანების მცდელობები საბოლოოდ წარმატებული გამოდგება".
ექსპერტი ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეის ისტორიაზეც საუბრობს:
"სოფელ ანაკლიაში პორტის აშენების იდეა პირველად, 1960-იან წლებში საბჭოთა სპეციალისტებმა განიხილეს. ინიციატივა კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, ექს–პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში. მოგვიანებით, პროექტს შევარდნაძის მემკვიდრე მიხეილ სააკაშვილი მიუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) საქართველოს მთავრობასთან ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა, 2020 წლის 28 იანვარს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ADC–ს როლი განახორციელოს პროექტი, შეჩერებულია.
ცქიტიშვილის თქმით, ADC–ს 120 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია თავად კონსორციუმს უნდა მოეხდინა და მოეზიდა 400 მილიონი აშშ დოლარი სესხის სახით. მისივე განცხადებით, ვინაიდან ADC–მ ეს ვერ მოახერხა საქართველოს მთავრობამ, რომელსაც აქვს "უპირობო უფლება", გააუქმა ADC –სთან დადებული კონტრაქტი და სამომავლოდ ახალ ინვესტორებს მოიძიებს".
სტატიაში საუბარია რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომზეც და ხაზგასმულია ქვეყანაში ღრმაწყლოვანი პორტის არარსებობა, რომელიც მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური გადაზიდვებისთვის.
„იმისთვის, რომ საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებისთვის სტრატეგიული საფუძველი გაეძლიერებინა, თბილისმა უფრო აქტიურად დაიწყო ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის გამოყენებაზე მუშაობა. და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, განსაკუთრებით ბაქო – თბილისი – ყარსის (BTK) რკინიგზასთან ერთად ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა", – ნათქვამია სტატიაში.
ექსპერტი აშშ–ის მიერ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და მოსკოვის შეშფოთებაზეც ამახვილებს ყურადღებას:
"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ პროექტის მხარდაჭერას მოსკოვის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, ამ უკანასკნელს ეშინოდა, რომ პროექტი საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას გააძლიერებდა.
გარდა ამისა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რუსეთისთვის ეკონომიკურად არახელსაყრელი იქნებოდა, რადგან იგი პირდაპირ კონკურენციას გაუწევდა რუსეთის შავი ზღვის პორტებს აზიიდან ევროპაში ტვირთების გადასაზიდად.
ამ ეკონომიკური დათქმების მიღმა, რუსეთი აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი ანაკლიას უყურებდა, როგორც გეოსტრატეგიულ საფრთხეს, რადგან ღრმაწყლოვანი პორტი, რომელის რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, შესაძლოა, მომავალში, აშშ-სა და ნატო–ს ხომალდების მასპინძელი გამხდარიყო.
2019 წლის 27 თებერვალს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძემ შეხვედრა გამართეს და რომელიც დახურულ კარს მიღმა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. 2019 წლის თებერვლის შეხვედრის შემდეგ, კარასინმა კომენტარი გააკეთა საქართველო-ნატო–ს ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით და პირდაპირ დაემუქრა საქართველოს: „თბილისი უნდა ჩამოყალიბდეს: ირჩევს სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური სტაბილურობის ატმოსფეროს, თუ ევროატლანტიკური დღის წესრიგს“. მან დაამატა, რომ თუ საქართველო ამ უკანასკნელზე გააკეთებს არჩევანს, „იგი შეიძლება, იგივე პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს, როგორც ეს 2014 წელს უკრაინაში მოხდა“.
ვაშინგტონმა ნათლად შენიშნა კრემლის მხრიდან წამოსული ინტენსიური ზეწოლა. 2019 წლის ივნისში იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შეერთებულ შტატებში მიიწვიეს. 11 ივნისს იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე პომპეომ განაცხადა: „მე გამოვთქვი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის [ანაკლიის] პროექტს. პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ. ამ მოჩვენებით მეგობრებს საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ ამოძრავებთ“.
პომპეოს განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მყისიერად გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა კომენტარს ”მიუღებელი” უწოდა და დაამატა: „ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს, მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს“
ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც საქართველოსთვის სტრატეგიული ეკონომიკური და სამხედრო მნიშვნელობის მქონეა, საბოლოოდ შეწყდა საშინაო პოლიტიკური ბრძოლებისა და ეკონომიკური კორუფციის გამო.
მიუხედავად საქართველოს მთავრობის ოპტიმიზმისა, მოიძიოს ანაკლიისთვის ახალი ინვესტორები, ნაკლებად სავარაუდოა ეს უახლოეს მომავალში განხორციელდეს, რადგან ADC–სთან კონტრაქტის გაუქმების მიზეზად 520 მილიონი აშშ დოლარის 3 წელზე მეტი დროის განმავლობაში ვერმოზიდვა დასახელდა. ასეთი თანხები მნიშვნელოვანი თანხაა, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც რუსეთსა და საქართველოს შორის (და რუსეთსა და უკრაინას შორის) გადაუჭრელი კონფლიქტებია, რაც სავარაუდოდ, უცხოურ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს კიდევ უფრო ფრთხილს გახდის“, – წერს სტატიის ავტორი.