
„მიღებული ზომები საკმარისია, რომ კომპანიებმა თანამშრომლების შენარჩუნება შეძლონ“
13/03/2020 10:52:30 ეკონომიკა
„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია. საუბარია, ახალი ტიპის კორონავირუსით დაზარალებული კომპანიებისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადების გადავადებაზე, ხოლო რიგი სასტუმროებისთვის საბანკო საპროცენტო განაკვეთების საბიუჯეტო სახსრებით სუბსიდირებით შემცირებაზე.
როგორც ალავერდაშვილი „აქცენტთან“ საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე მიღებული ზომები საკმარისია იმისთვის, რომ კომპანიებმა თანამშრომლების შენარჩუნება შეძლონ:
„ფანტასტიურია! რაც ვითხოვე, ყველაფერი დააკმაყოფილეს“.
ცნობისთვის: ე.წ. „სტუმარ–მასპინძლობის“ სექტორში შექმნილ პრობლემებზე „აქცენტი ალავერდაშვილს 12 მარტს ესაუბრა. ანტიკრიზისული გეგმა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი.
ალიბეგაშვილი აცხადებდა, რომ თბილისის მასშტაბით 10–მდე სასტუმრო უკვე დაიხურა (თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს), მნიშვნელოვანი ნაწილი კი ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების ეტაპზეა:
„არ იციან, რა გააკეთონ. ყველანი მთავრობის სამოქმედო გეგმას ველოდებით, რომელიც უნდა გაგვაცნონ და იმედია, ეს დროულად მოხდება. ჯერ მოლოდინის რეჟიმში ვართ“.
რაც შეეხება რეგიონებს, ალავერდაშვილი აცხადებდა, რომ ვინაიდან ჯერ სეზონი არ დაწყებულა, საკურორტო ზონებს „დარტყმა შედარებით ნაკლებად შეეხოთ, გარდა გუდაურისა და ბაკურიანისა, რომლებმაც უთოვლობის გამო ისედაც ძალიან მძიმე იანვარი გაიარეს“:
„ჯამში პრობლემები ყველას შეეხო. ჩვენს სექტორში 100 000–მდე ადამიანია დასაქმებული და დიდი საფრთხე გვაქვს, რომ ქვეყანაში 50 000 ადამიანი უმუშავარი დარჩეს. დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, კადრები შევინარჩუნოთ. ფინანსური ვალდებულება აბსოლუტურად ყველას გვაქვს. არ მინახავს სასტუმრო და ობიექტი, სესხის გარეშე მუშაობდეს. გარდა ამისა, ქონების გადასახადიც გვიწევს. სასტუმროს კარი ფიზიკურად ღია რომ გქონდეს, ხარჯი გაქვს და ბევრს ურჩევნია, დახუროს“.