
50 000–მდე ადამიანი სამსახურის დაკარგვის მოლოდინშია
12/03/2020 15:31:05 ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა აანონსებს, რომ ეკონომიკური გუნდი 2020 წლის 12 მარტს, დღის ბოლომდე შემუშავებული გეგმის სახით წარმოადგენს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტულ პროექტს, რათა მაქსიმალურად შეამციროს მსოფლიოში პანდემიური ვითარებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. თუმცა სანამ გეგმა სახეზე არაა, „სტუმარ–მასპინძლობის“ სექტორი, რომელმაც ახალი ტიპის კორონავირუსისგან უკვე მიიღო მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმა, საგანგაშო რეალობაზე საუბრობს. სფერო მრავალ მიმართულებას აერთიანებს, მათ შორის – მსხვილ და საოჯახო სასტუმროებს, კაფე–რესტორნებს, ტურ–ოპერატორებს, ავტომობილების გაქირავების სერვისს და ა.შ.
როგორც „აქცენტს“ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი უყვება, თბილისის მასშტაბით 10–მდე სასტუმრო უკვე დაიხურა (თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს), მნიშვნელოვანი ნაწილი კი ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების ეტაპზეა:
„არ იციან, რა გააკეთონ. ყველანი მთავრობის სამოქმედო გეგმას ველოდებით, რომელიც უნდა გაგვაცნონ და იმედია, ეს დროულად მოხდება. ჯერ მოლოდინის რეჟიმში ვართ“.
რაც შეეხება რეგიონებს, მისი თქმით, ვინაიდან ჯერ სეზონი არ დაწყებულა, საკურორტო ზონებს „დარტყმა შედარებით ნაკლებად შეეხოთ, გარდა გუდაურისა და ბაკურიანისა, რომლებმაც უთოვლობის გამო ისედაც ძალიან მძიმე იანვარი გაიარეს“:
„ჯამში პრობლემები ყველას შეეხო. ჩვენს სექტორში 100 000–მდე ადამიანია დასაქმებული და დიდი საფრთხე გვაქვს, რომ ქვეყანაში 50 000 ადამიანი უმუშავარი დარჩეს. დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, კადრები შევინარჩუნოთ. ფინანსური ვალდებულება აბსოლუტურად ყველას გვაქვს. არ მინახავს სასტუმრო და ობიექტი, სესხის გარეშე მუშაობდეს. გარდა ამისა, ქონების გადასახადიც გვიწევს. სასტუმროს კარი ფიზიკურად ღია რომ გქონდეს, ხარჯი გაქვს და ბევრს ურჩევნია, დახუროს“.
ანალოგიურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას “აქცენტთან” საუბრისას რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე. მისი თქმით, რესტორნების ნაწილი თანამშრომლებს ამცირებს, ნაწილი ხელფასს უნახევრებს, ნაწილი კი ობიექტებს საერთოდ ხურავს:
„ზოგიერთმა ობიექტი დახურა, მაგრამ თუ კრედიტი და იჯარა აქვს გადასახდელი, დახურვა არაფერს შველის. ჯამში ეს პრობლემები ეხება ავიაციას, ტაქსებს, ავტობუსებს, ტურიზმს, მანქანის გაქრავებას, ჰოსტელებს და ა.შ. – მთლიანად სტუმარ–მასპინძლობის სფეროს“.
ის მთავრობას კონკრეტული სამოქმედო გეგმის დროულად წარმოდგენისკენ მოუწოდებს:
„გუშინ ჩვენი კოლეგა დაბრუნდა "თელასის" ცენტრალური ოფისიდან, კომუნალური გადასახადის გადავადებას ითხოვდა, რადგან ზოგიერთი კომპანია კომუნალურსაც ვერ იხდის. ოფისში აღმოაჩინა „თელასში“ იგივე პრობლემით მისული 30–მდე კომპანიის წარმომადგენლები. იქ ეუბნებიან, რომ მხოლოდ ათი დღით გადაუვადებენ. ათი დღე რას წყვეტს?! იგივე სიტუაციაა ბანკებთან მიმართებაშიც. ასევე ახლოვდება დღგ–ის გადასახადი და ზოგიერთი შიშობს, „ინკასოს დაგვადებენო“. უამრავი ვალდებულებაა: ვიღაც ხელფასებს ვერ იხდის, ვიღაც - საშემოსავლოს, იჯარას, და ა.შ. ყოველმხრივ საჭიროა საგადასახადო წნეხის რაღაცნაირად შემცირება. ამ თემებზე საუბარი და მზადება დიდი ხანია, მიდის, მაგრამ უკვე 12 მარტია, 15–ში კი კომპანიებს ინკასო დაედებათ. ამდენად, მხოლოდ შეშფოთება არ კმარა, გადაწყვეტილებებია საჭირო. ხვალ და ზეგ შეხვედრები იგეგმება [მთავრობასთან], კომუნიკაციაში ვართ, მაგრამ რაც უფრო სწრაფად მოხდება ქმედებების დაანონსება, მით უკეთესი - ხალხი პანიკაში მაინც აღარ იქნება. კარგია, როდესაც აანონსებენ, რომ რაღაცაზე ფიქრობენ, მაგრამ ვიმეორებ, მოდის ორშაბათი, რომელიც დარტყმის დღეა: ორშაბათს უამრავ რესტორანს და კაფეს ინკასოს დაადებენ, შესაძლოა, ჩაუჭრან დენი, ან შეუწყვიტონ წლის მიწოდება“.