
რა ელის ლარს – მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოლოდინები
12/03/2020 09:10:51 ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, როდესაც მსოფლიოში შოკია, ლარის კურსზე საუბარი სწორი არ იქნება.
„ლარზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ფაქტია, რომ შოკია მსოფლიოში და ჩვეულებრივი რეაქციაა. იცით რა ხდებოდა რუსეთში, იცით რა ხდება ზოგადად მსოფლიოში, ამიტომ დღეების მიხედვით ლარის კურსზე საუბარი არ იქნება სწორი. ცოტა უნდა დასტაბილურდეს სიტუაცია როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთან. შევხედავთ რა წონასწორულ ნიშნულს მიაღწევს, ამიტომ ამაზე საუბარი არავისგან იქნება სწორი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს გეგმა, როგორ უნდა დაეხმარონ ეკონომიკას, თუმცა ეს გეგმები ჯერ დამტკიცებული არ არის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კი ლარის კურსზე ნეგატიური მოლოდინების მოკლევადიანი ზეგავალენაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ საქართველო კორონავირუსის გამოწვევას მყარი ეკონომიკით ხვდება.
„უკვე ყველა დავრწმუნდით, რაოდენ სენსიტიურია ჩვენი ვალუტა და გაცვლითი კურსი და ზოგადად ფინანსური ბაზარი სხვადასხვა სახის მოლოდინების მიმართ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადდა პანდემია. შესაბამისად, ეს აისახება გლობალურად ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, საფინანსო ბაზრებზე. ჩვენს რეგიონშიც, თუნდაც ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი რუსეთის რუბლი 16-17%-ით გაუფასურდა, რაზეც ასევე მოქმედებს, მათ შორის, სანავთობო ბაზრებზე არსებული ვითარება, იმიტომ, რომ ეს არის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანა. თურქული ლირა იწყებს გაუფასურებას, 3%-ით მოხდა გაუფასურება. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე ეს არის პირველ რიგში, ნეგატიური მოლოდინების გარკვეულწილად სპეკულატიური მოკლევადიანი ზეგავლენა. რა თქმა უნდა, ნეგატიურ მოლოდინებს აქვს თავისი საფუძველი, რადგან პანდემია არის მსოფლიოში გამოცხადებული, თუმცა ისევ და ისევ ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწრაფად იქნება გადალახული კორონავირუსის პრობლემა. თუ ვისაუბრებთ კონკრეტულად ჩვენი ეკონომიკის მზადყოფნაზე, კარგი არის ის, რომ ჩვენ ამ გამოწვევას ვხვდებით ძალიან მყარი, ჯანსაღი ეკონომიკით. იანვრის შედეგებს შეგახსენებთ, როდესაც ტურიზმი უპრეცედენტოდ 19%-ით გაიზარდა და ასევე ექსპორტიც იყო მზარდი. რა თქმა უნდა, თანდათან ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ დინამიკა დაიკლებს იმიტომ, რომ უკვე თებერვალში ტურისტების რაოდენობა პრაქტიკულად კლებაში გადავიდა და ეს ასეც მოხდება და ეს ჩვენი ერთობლივი შეთანხმებული პოლიტიკის შედეგია,“- განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ყველა წინაპირობა არსებობდა იმისთვის, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირებულიყო, თუმცა “ვერავინ გათვლიდა, რომ მსოფლიო დადგებოდა კორონავირუსის გამოწვევის წინაშე”.
„ჩვენ ვართ ლიბერალური ქვეყანა, სადაც ვაჭრობა და საექსპორტო ბაზრები თამაშობს დიდ როლს, მაგრამ ისევ ვამბობ, ჩვენ წინასწარ ვხედავთ ამ პრობლემებს და ვხდებით ამას მომზადებულები. რა თქმა უნდა, პროგნოზი არ იქნება ისეთივე მაღალი, როგორიც იყო აქამდე, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ნეიტრალიზაცია მოვახდინოთ ამ საფრთხის,“- განაცხადა ნათია თურნავამ.
იხილეთ ასევე: ეკონომიკის «კორონავირუსი»: მოლოდინები და რჩევები