
ეკონომიკის «კორონავირუსი»: მოლოდინები და რჩევები
11/03/2020 13:41:33 ეკონომიკა
ახალი ტიპის კორონავირუსი მსოფლიო ეკონომიკისთვისაც გამოწვევად იქცა. ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ევროპაში 2008 წლის მსგავსი კრიზისის დაწყებას პროგნოზირებს, თუ „სახელმწიფოები კორონავირუსიდან მომდინარე რისკების საპასუხოდ შესაბამის მონეტარულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ“.
მიმდინარე კვირას ევროპის ცენტრალური ბანკი საბანკო სისტემის ლიკვიდობის შესანარჩუნებლად ფულის რესურსის ღირებულების (მონეტარული განაკვეთის) შემცირებას გეგმავს, 11 მარტს კი დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით – 0.25%-მდე შეამცირა. რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული ბანკი ამ დროისთვის მონეტარული პოლიტიკის შემცირების მიზეზს ვერ ხედავს.
სადღეისო მოცემულობით, ვირუსი ევროზონის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად იტალიის ეკონომიკაზე ახდენს გავლენას, თუმცა ნეგატიური შედეგები უკვე იგრძნობა საქართველოშიც. ეს განსაკუთრებით ტურიზმს, სასტუმროებს, ავიაციას შეეხო, მიიღო რა მთავრობამ ჩინეთიდან, ირანიდან და იტალიიდან ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება. ვრცელდება ცნობები, რომ რიგმა კომპანიებმა თანამშრომლების უხელფასო შვებულებაში გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს. 11 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობა კომერციულ ბანკებთან ერთად ტურიზმის სფეროში ჩართულებს გარკვეულ გეგმას შესთავაზებს.
"ვფიქრობთ, 2020 წლისთვის პროგნოზირებული 5%-იანი ზრდა, რთული მისაღწევი იქნება. ალბათ, გარკვეულწილად მისი გადახედვაც იქნება საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის კარგი, ბუნებრივია, დღევანდელ მდგომარეობას ექნება გავლენა ეკონომიკაზე, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნის ფაქტორის გაანგარიშებაც და გათვალისწინებაც საჭირო იქნება იმ პროგნოზში", - მსგავსი არცთუ დამაიმედებელი პროგნოზი დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააკეთა.
ამასთან, მან კომერციულ ბანკებს მოუწოდა, „სადაც შესაძლებელია, იმუშავონ კლიენტებთან, რომ მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია“.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იყო გარკვეული შოკები, მაგრამ ახლა რაც ხდება, ეს უკვე ტორნადოა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური პრობლემაა“,– ამბობს საქართველოს ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძე.
მისი პროგნოზით, კორონავირუსი საქართველოში პირველ „დარტყმას“ დასვენებასა და კვებასთან დაკავშირებულ სექტორებს მიაყენებს:
„იცით, რომ ვიზიტორების რაოდენობა დაეცა, შეფერხებულია შიდა ტურიზმიც, რაც ამ სექტორისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მაგრამ თუ ეკონომიკური ნეგატიური ტალღა აქ გაჩერდება, ეს ყველაზე პოზიტიური სცენარი იქნება: ვიცით, რომ შესაძლოა, პროცესმა სხვა სექტორებიც ჩაითრიოს და მეტი ეკონომიკური ზიანი მივიღოთ. ამ დღეებში ვნახეთ, რომ მთავრობაში მზაობაა, სწორად შეაფასონ ვითარება. თუ ვერ შევაფასეთ, ვერ გავიგებთ რა სახის ანტიკრიზისული ზომებია მისაღები. ამ დროისთვის კი დიაგნოზის დასმა რთულია, რადგან ჯერ არ ვიცით, საბოლოო ჯამში, ვირუსის გავრცელება და ამის ეკონომიკური ეფექტი რა მასშტაბებს მიიღებს. ვისურვოთ, რომ ეს მასშტაბი მცირე იყოს და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე არ აისახოს, თორემ ის, რომ ეკონომიკური ზიანი გვექნება, ცალსახაა“.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება რთულია:
„ერთია, რომ დღეს დავინახეთ პირდაპირი ეკონომიკური შოკი, რომელიც უკვე მივიღეთ კორონავირუსისგან და მეორე იყო რუსული რუბლი: მისმა დევალვაციამ პირდაპირი ასახვა ჰპოვა ლარზე: ნავთობის ფასის ვარდნა, შემდეგ – რუბლის დევალვაცია გავლენას ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორებზე ახდენს, შემდეგ კი ეს ჩვენზე აისახება. მსგავსი გართულებული მდგომარეობა მე არ მახსოვს, ამიტომ პროგნოზის და რეკომენდაციების გაკეთება რთულია. ამ შოკმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს უძრავ ქონებაზე, შემდეგ კი საფინანსო სექტორზე. ახლა ჩვენ სიტუაციის შეფასება გვჭირდება“.
ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირს არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელ გიორგი კეპულაძესაც, თუმცა ის ლარის გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას:
„ტურიზმი საქართველოში სავალუტო შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა. მაგალითად, შარშან ტურიზმიდან 3,5 მილიარდი ლარი შემოვიდა. ეს ყოველთვიური დანაკლისი ლარზე აისახება. ამას ერთვის გაუარესებული მოლოდინები, პანიკა, რაც მსოფლიოშია – ეცემა აქციების ფასი, დაეცა ნავთობის ფასი, გაუფასურდა რუბლი, სავარაუდოდ, მცირდება ფულადი გზავნილები. დღეს პროგნოზის გაკეთება რთულია: ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, ჩვენი ჯანმრთელობის მიმართ არსებულ საფრთხეებს როგორ დავძლევთ“.
რჩევები მოქალაქეებს
ვიდრე სიტუაცია ჯერ კიდევ გაურკვეველია, კეპულაძე მოქალაქეებს ურჩევს, განსაკუთრებული ეკონომიკური აქტივობებისგან თავი შეიკავონ:
„თუ აუცილებლობა არ არის, მოქალაქეებმა სესხი ისედაც არ უნდა აიღონ, მაგრამ ამ ეტაპზე სჯობს, კარგად დაფიქრდნენ –განსაკუთრებულ ეკონომიკურ აქტივობას მოერიდონ, რადგან როგორ გავითარდება მოვლენები და როდის გადაივლის კრიზისი, არავინ იცის. თუ მაინცდამაინც ისესხებთ თანხას, ისესხეთ იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი გაქვთ. მაინც ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, ჯერ მედიკოსები დაძლევენ კრიზისს, შემდეგ – ეკონომისტები. მსოფლიო სავალუტო ფონდი იმაზე საუბრობს, რომ ქვეყნებისთვის, რომლებიც კორონავირუსის გამო განსაკუთრებით დაზარალდებიან, დახმარება გამოიყოფა. ვისურვებდი, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო დახმარების მიღების კუთხითაც გაააქტიუროს მუშაობა. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს“.
რაც შეეხება ფულად დანაზოგებს, კეპულაძის თქმით, უნივერსალური რჩევაა, მოქალაქეებმა თანხა იმ ვალუტაში შეინახონ, რომელშიც იყიდება ის, რისთვისაც აგროვებენ ფულს.
"საქართველოში დღეს უცხოურ ვალუტაში საკმაოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთია, მაღალია ლარში“ – დასძენს ექსპერტი.