ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსისა (GARA USA) და ასოციაცია "თვისტომის" თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე ბრუკლინის "რესპუბლიკური პარტიის" ქართულ და სხვა ეთნიკურ სათვისტომოებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება 25 სექტემბერს გამართულ პარტიის ყრილობაზე იქნა მიღებული.
"აქცენტი" აღნიშნულ საკითხზე ნიკოლოზ ჩხეიძეს ესაუბრა:
– ბატონო ნიკოლოზ, როგორ შეაფასებთ ახალ პოზიციაზე დანიშვნის ფაქტს და ზოგადად, მოგვიყევით როგორ მოხვედით აქამდე?
ეს ჩემთვის დიდი პატივი და ამავე დროს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. მეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო ეფექტურად ვემსახურო საზოგადოებას, რომელსაც წლებია ვეკუთვნი. ეს გამარჯვება მხოლოდ ჩემი არ არის — ეს ჩემი გუნდის დამსახურებაა, გუნდის, რომელიც ყოველდღიურად დაუღალავად შრომობს საერთო მიზნების მისაღწევად. აქვე გეტყვით, რომ კიდევ ერთი ქართველი, GARA USA-ის ალიანსის საბჭოს წევრი ქეთევან გოლდი, ბრუკლინის "რესპუბლიკური პარტიის" ახალგაზრდებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა. გულით ვულოცავ ქეთის ამ დიდ წარმატებას და წინ საინტერესო და წარმატებებით სავსე პოლიტიკურ კარიერას ვუსურვებ! ეს ჩვენი ყველას საერთო გამარჯვებაა!
რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოვედი აქამდე — ამ ეტაპამდე მოვედი წლების განმავლობაში საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართულობით. ყოველთვის მქონდა სურვილი, დამემყარებინა მტკიცე კავშირი დიასპორასა და ადგილობრივ თემებს შორის. ვაორგანიზებდი შეხვედრებს, კულტურულ ღონისძიებებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ აქციებს — ყველაფერს, რაც ხელს უწყობდა ქართველი თანამემამულეების ინტეგრაციასა და ერთიანობას უცხო გარემოში, ხოლო მეორე მხრივ, ბმის შენარჩუნებას საქართველოსთან.
სწორედ ამ მიზნებით 2003 წელს ჩამოვაყალიბე ქართული სათვისტომო ორგანიზაცია — ასოციაცია „თვისტომი“, რომლის მთავარი იდეაც არის ის, რომ ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები გავაერთიანო ერთ ძლიერ კარგად ორგანიზებულ სტრუქტურულ ორგანიზაციაში - ქართულ სათვისტომოში. ასოციაცია „თვისტომი“ ჩემთვის არა მხოლოდ ფორმალური გაერთიანებაა, არამედ ქართული იდენტობის, სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების სივრცეა. აქ ყველა თანაბარია განურჩევლად პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა.
„თვისტომის“ შექმნის მიზანი იყო გაეერთიანებინა გაბნეული და არაორგანიზებული ემიგრანტები. როდესაც დავინახეთ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ქართული დიასპორის ხმა არ ისმოდა, ხოლო ქართული ლობის ჩამოყალიბება ასეთ მოცემულობაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა პოლიტიკური პლატფორმა. სწორედ ამ მიზნით, თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი“ — ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება იმ ღირებულებებსა და მიზნებს, რაც, ჩვენი ღრმა რწმენით, მნიშვნელოვანია თითოეული აქტიური მოქალაქისთვის: მივცეთ ხმა ქართულ დიასპორას; გავაძლიეროთ მისი ჩართულობა ამერიკულ დემოკრატიულ პროცესებში და ხელი შევუწყოთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობათა გაღრმავებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ “ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი” (GARA USA ) წარმოადგენს პირველ ქართულ პოლიტიკურ გაერთიანებას ამერიკაში.
ალიანსის ფარგლებში ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით: ვმართავთ შეხვედრებს ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებთან, პოლიტიკურ პირებთან, ვთანამშრომლობთ საგანმანათლებლო და კულტურულ ორგანიზაციებთან. აქტიურად ვმონაწილეობთ საარჩევნო პროცესებში. გასულ წელს ჩვენმა ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკის შტატის ასამბლეისა და სენატის არჩევნებში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილმა ორმა კანდიდატმა გამარჯვება მოიპოვა. ხოლო მიმდინარე წელს მონაწილეობა მივიღეთ ქალაქის საბჭოს არჩევნებში, სადაც ასევე გაიმარჯვა ჩვენს მიერ მხარდაჭერილმა გუნდის წევრმა. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი ორგანიზაციის წევრები წარმოადგენილნი არიან ნიუ-იორკის საარჩევნო კომისიაშიც.
ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია — ამერიკაში მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობის გააქტიურება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში.
გვჯერა, რომ მხოლოდ აქტიური და ორგანიზებული დიასპორა შეძლებს რეალური გავლენის მოხდენას იმ გარემოში, სადაც ცხოვრობს და მოქმედებს.
ამ ჩართულობის საფუძველზე, ჩვენი შემდეგი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა — ქართული თემის ინტერესების ადვოკატირება ამერიკის პოლიტიკურ სივრცეში, რათა საქართველოს საკითხები უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი და მხარდაჭერილი აშშ-ის შიდა და საგარეო პოლიტიკაში.
– რას გვეტყვით თქვენს მიზნებსა და პრიორიტეტებზე ბრუკლინის "რესპუბლიკური პარტიის" ფარგლებში?
მთავარი მიზანი ჩემთვის არის ნიუ-იორკში "რესპუბლიკური პარტიის" მეტად გაძლიერება. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ადგილობრივი ეთნიკური თემები აქტიურად ჩაერთვებიან პროცესებში, განსაკუთრებით - არჩევნებში. სწორედ ამ მიზნით ვაპირებ ჩემი დიდიხნის იდეის - ემიგრანტ თემებთან ძლიერი და უშუალო კავშირების დამყარების საფუძველზე - ეთნიკურ სათვისტომოთა მრგვალი მაგიდის ფორმატის შექმნას. ვგეგმავ აქტიურ შეხვედრებს, რათა უშუალოდ მოვისმინო და შემდგომ უკვე შეძლებისდაგვარად ვუზრუნველყო ყველა ემიგრანტი თემის საჭიროებათა გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიტანა და მათთან ერთად ამ პრობლემათა გადაჭრაზე ერთობლივად მუშაობა - ერთგვარი ხიდის შექმნა ეთნიკურ თემებსა და სახელმწიფოს შორის. ამ ჯგუფების ეფექტური ჩართულობა , მათი ხმა იქნება პოლიტიკური პროცესების აქტიური და გავლენიანი ნაწილი. დიალოგისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად არაერთი ღონისძიება მაქვს უკვე დაგეგმილი და აუცილებლად მოვიწვევთ პრესასაც ამ ღონისძიებებზე.
– რას ნიშნავს თქვენი დანიშვნა ქართული დიასპორისთვის და რა სარგებელს მოუტანს ეს ქართულ თემს ამერიკაში?
ეს ნიშნავს, რომ ქართველებს ხმა უკვე აქვთ ამერიკის პოლიტიკაში. ეს სარგებელს მოუტანს თემს იმით, რომ ქართულ დიასპორას მეტი შესაძლებლობა ექნება საკუთარი საჭიროებებისა და ინტერესების გასახმმოვანებლად და მათი უფლებების დაცულობას მეტი ხარისხი მიეცემა.
– რა როლს შეასრულებს „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი“ თქვენს ახალ საქმიანობაში?
ჩვენი ემიგრანტებისთვის ალიანსი იქნება მთავარი პლატფორმა, სადაც ჩვენი თანამემამულეები გაერთიანდებიან და ერთიან ძალად გაამყარებენ თემის პოზიციებს. ესაა სწორედ ქართული საზოგადოებირივ-პოლიტიკური ლობის შექმნის რეალური წინაპირობა, რაც ჩვენი დიასპორის დაცულობასა და სტაბილურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
– რამდენად მნიშვნელოვანია დიასპორის წარმომადგენლობა პარტიულ სტრუქტურებში?
ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აძლიერებს ჩვენი სათვისტომოს ინტერესების დაცვას, ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩვენს ჩართულობასა და წვლილს. ეს კონტრიბუცია არის სწორედ ჩვენი საზოგადოების დამკვირვებლის სტატუსიდან თანამონაწილის სტატუსზე გადასვლა , რაც აქამდე ვერ მოხერხდა.
– რას ეტყოდით ქართულ და ამერიკულ საზოგადოებას თქვენი დანიშვნის შემდეგ?
ქართველებს ვეტყოდი, რომ ეს არის საერთო გამარჯვება, რომელიც აჩვენებს ჩვენს შესაძლებლობებსა და რესურსებს და ასევე აჩენს ახალ პერსპექტივებს. ამერიკელებს კი ვეტყოდი, რომ ქართველები სანდო პარტნიორები არიან ქვეყნის განვითარებაში და მზად ვართ, ვიყოთ აქტიურად ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. მინდა, ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, რომ ქართული თემის სახით ადგილობრივმა სოციუმმა შეიძინა ძლიერი და ეფექტური ძალა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.