Accentnews.ge
ქართული ეტიკეტის ძალა: რუსული არყის ფანერა ევროპულ ბაზარზე

ქართული ეტიკეტის ძალა: რუსული არყის ფანერა ევროპულ ბაზარზე

19/09/2025 18:56:00 ანალიზი

ავტორები: აიდან იუსიფი, მარიამ კაჭკაჭაშვილი და ნანუკა ბრეგაძე

“პირველად საქართველოში, ვაწარმოებთ ყველა სორტისა და სისქის უმაღლესი ხარისხის არყის ხის ფანერებს”, - წერს “პალატი” თავის ფეისბუქ გვერდზე.

“საქართველოში არყის ხე სად არის? აწარმოებთ კიარა, რუსეთიდან შემოგაქვთ”, - შეეპასუხა ერთ-ერთი მოქალაქე იქვე, კომენტარის ველში.

“...თავისთავად, საქართველოში არ არის არყის ხე. შემოგვაქვს უკრაინიდან, ევროპიდან, ყაზახეთიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან”, - ასე იმართლა თავი “პალატმა”.

“სხვადასხვაში”, წესით, უმნიშვნელო პარტნიორები უნდა იგულისხმებოდეს, თუმცა “პალატმა” ამ კატეგორიაში გაიყვანა რუსეთი - მისი მთავარი მომწოდებელი.

სინამდვილეში, „პალატის“ საქმიანობა რუსულ ნედლეულზე დგას: არყის ხის ფურცლებს მოსკოვში, პეტერბურგსა და ნიჟნი ნოვგოროდში მდებარე საწარმოებიდან ეზიდება, “ქართულ” ფანერად აქცევს და შემდეგ ევროპაში გზავნის. ანუ, რუსეთს სანქცირებული პროდუქტის გასაღებაში ეხმარება.

რუსეთისთვის სანქციებით გამოწვეული ტვირთი აქამდეც შეგვიმსუბუქებია. “აი, ფაქტმა” ამ თემაზე უკვე 5 ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. ამჯერად, ჩეხურ საგამოძიებო მედია “ინვესტიგაცესთან” ერთად ვიმუშავეთ.

4 თვე ვიკვლევდით, რომ თქვენთვის მოგვეყოლა, ვის შემოაქვს ჩვენთან რუსული არყის ხის ნედლეული და ვინ გარდაქმნის მას ქართულ ნაწარმად, როგორ დაარსდა პირველი ფანერის ქარხანა რუსთავში და 2023 წლიდან, ისტორიაში პირველად გავხდით ევროპაში არყის ხის ფანერის მსხვილი ექსპორტიორები. ეს ყველაფერი კი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას “დაემთხვა”.

2023-2025 წლებში საქართველოდან ევროპაში 29 მლნ აშშ დოლარის ღირებულების არყის ხის ფანერა გაიგზავნა. პროდუქტის მონაცემებში მითითებულია: Origin country - Georgia/წარმოშობის ქვეყანა - საქართველო.

ეს წინადადება რომ აბსურდია, მარტივი მისახვედრი უნდა იყოს. საქართველოში ფანერად გამოსადეგი არყის ხე ფიზიკურად არ ხარობს.

“ეს არყი ტანბრეცილი და ძალიან ცუდი ხარისხის ღეროს ხეა. ანუ, მისგან სამასალე მერქანს ფიზიკურად ვერ მივიღებთ. ეს რუსული ‘ბერიოზა’, რაც საბჭოთა დროს შემოდიოდა, საერთოდ განსხვავდება ჩვენი სახეობებისგან. ციმბირის ტყეებში იზრდება არყის უზარმაზარი ხეები, ძალიან სწორი, ფანქრებივით და თან ძალიან დიდი რაოდენობით, მილიონობით ჰექტარი უჭირავს. შესაბამისად, იქ მისი მოპოვება და დამუშავება კომერციულად მომგებიანი იყო, მასალადაც და საავეჯედაც”, - აგვიხსნა ილია აკობიამ. ის პროფესიით მეტყევეა და კავკასიის არყნარებს სწავლობს.

გამოდის, რომ საქართველოში საექსპორტოდ კიარა, მხოლოდ ჩვენი მოხმარებისთვის სამყოფი არყის ხეც არ გვაქვს. ევროპაში გატანილ ფანერებს კი რუსული ნედლეულით ვაწარმოებთ. 2021-2025 წლებში რუსეთიდან საქართველოში 45 მლნ აშშ დოლარის ღირებულების არყის ხის ნედლეული შემოვიდა. სხვა ქვეყნებიდან კი, დაახლოებით, 200 000 აშშ დოლარის.

რუსეთიდან არყის ხის ნედლეულის იმპორტი

რატომ არის ეს რიცხვები რეპუტაციული ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის?

აი, რა უნდა იცოდეთ:

  1. 2021 წელს ევროკომისიამ ევროპაში რუსული არყის ხის იმპორტი ანტი-დემპინგური რეჟიმით შეზღუდა და სპეციალური გადასახადი დააწესა. მიზეზი ის იყო, რომ რუსული ფანერა ევროპაში იაფად შედიოდა და ადგილობრივ მწარმოებლებს აზარალებდა;
  2. 2022 წლის აპრილში, ევროპაში არა მხოლოდ რუსული არყის, ზოგადად სხვა რუსული ხის ნედლეულის იმპორტიც აიკრძალა; მიზეზი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო;
  3. რუსეთს ამ გასაჭირში ყაზახეთი და თურქეთი დაეხმარა. მათ ევროპაში რუსული არყის ხის უპრეცენდენტო ექსპორტი წამოიწყეს. 2022-2025 წლებში ევროპაში 210 მლნ ევროს ღირებულების არყის ხის ფანერა გაიტანეს. იქამდე, ევროპასთან ამ პროდუქტით საერთოდ არ ვაჭრობდნენ;
  4. ევროკომისიამ ეს სქემა გაშიფრა და 2024 წლის მაისიდან ანტი-დემპინგური რეჟიმი თურქეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებულ არყის ხის ფანერებზეც დააწესა; შედეგად, 2024 წელს თურქეთმა და ყაზახეთმა ევროპაში ამ პროდუქტის იმპორტი შეამცირა;
  5. მათი საქმე საქართველომ გადაიბარა და 2024 წელს ევროპაში უპრეცენდენტო რაოდენობის არყის ხის ფანერები გაგზავნა;
  6. 2025 წლის მარტში ევროკომისიამ რუსული არყის ხე განსაკუთრებით მაღალი რისკის პროდუქტად დაასახელა. “ფანერა, განსაკუთრებით კი არყის ფანერა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა […] საკუთარი ფანერის ევროკავშირში გასაყიდად, რუსი და ბელარუსი მწარმოებლები იყენებენ მესამე ქვეყნების კომპანიებს, რომლებიც ხელახლა ფუთავენ და ახალ იარლიყს აკრავენ პროდუქტს”;
  7. 2025 წლის ივნისში არყის ხის ფანერების ევროპაში ექსპორტით ჩინეთსაც გადავუსწარით;
  8. 2021-2024 წლებში რუსეთიდან საქართველოში არყის ხის და ზოგადად ხის მერქნის იმპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია;
  9. ქართულ კომპანიებს რუსული არყის ხე ნედლეულად შემოაქვთ, ადგილზე ამუშავებენ, ფანერად აქცევენ და ევროპაში გააქვთ, როგორც ქართული ნაწარმი. მარშრუტები ასეთია - საქართველო-თურქეთი-ევროპა, ან უფრო გაბედულად - პირდაპირ ევროპა;
  10. გამოვავლინეთ რუსეთიდან არყის ხის ნედლეულის იმპორტიორები. მათ შორის, ყველაზე მსხვილი - “ციტადელი”.  ის მასალას სანქცირებული რუსი მილიარდერის და პუტინის პარტიის დეპუტატების საწარმოებიდან ეზიდება;
  11. გამოვავლინეთ “ციტადელთან” დაკავშირებული კომპანია - “პალატი-2022”, რომელიც საქართველოდან ევროპაში რუსული არყის ხის ფანერის ერთადერთი ექსპორტიორია;
  12. “ციტადელის” და “პალატის” უკან ერთი და იგივე ხალხი ფიგურირებს - ტარიელ ცუცქირიძე და ძმები გიორგი და ირაკლი შეყილაძეები.

როგორ ვიკვლიეთ?

2024 წლის ბოლოს, ჩვენი უცხოელი კოლეგა მოგვიყვა, ანონიმური წყაროსგან ვიცი, რომ რუსულმა ფანერის საწარმომ საქართველოში ქარხანა გახსნა, არყის ხისგან პროდუქციას აქ ამზადებს და შემდეგ ევროპაში გააქვსო. გვითხრა, ამ საქმეს მიჰყო ხელი შპს “პალატი 2022”-მაო. ამბის დეტალებში გარკვევაც ამის შემდეგ დავიწყეთ.

ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობისას გავაანალიზეთ საგარეო ვაჭრობის მონაცემები იმ პროდუქტისთვის, რომელთა შეტანაც რუსეთს ევროკავშირის ქვეყნებში ეზღუდება:

  1. 44 - ხე და ხის ნაწარმი;

44 კოდის ქვეშ შემავალი ხის მასალები:

● 441233 - მერქნის ფურცლებისგან შედგენილი დაწებებული ფანერა;

● 44123310 - არყის მერქნის ერთი გარე შრის მქონე;

● 440890 - ხის მოსაპირკეთებელი ფურცლები შეწებებული ფანერისთვის, წიწვოვანი და ტროპიკული ჯიშების გარდა.

არყის ხის ამბავში გასარკვევად 7 სტატისტიკურ ბაზაში ვიმუშავეთ: ex-trade.geostat.ge - (საქართველოს სტატისტიკის სამსახურის პორტალი, რომელიც მხოლოდ საგარეო ვაჭრობის მონაცემებს გვიჩვენებს), comtradeplus.un.org (გაეროს საგარეო ვაჭრობის პორტალი, რომელიც სტატისტიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საბაჟოებიდან კრებს), ec.europa.eu (ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სავაჭრო და დემოგრაფიულ მონაცემებს ამ ქვეყნების სტატისტიკური ბიუროებიდან აგროვებს), volza.com(აშშ-ში, დელავერის შტატში შექმნილი საერთაშორისო ბაზა, რომელიც ვაჭრობის მონაცემებს ოფიციალური სტრუქტურებიდან და საბაჟო დეკლარაციებიდან აგროვებს), importgenius.com (აშშ-ში, არიზონას შტატში შექმნილი საგარეო ვაჭრობის პორტალი, რომლის მონაცემებიც ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან კრებს და ეყრდნობა მხოლოდ საბაჟო სტრუქტურების დოკუმენტებს), exportgenius.in (ინდოეთში დაფუძნებული საგარეო ვაჭრობის პლატფორმა, რომელიც ექსპორტ-იმპორტის მონაცემებს 60-ზე მეტი ქვეყნიდან კრებს. ისიც საბაჟო დეკლარაციებს და ოფიციალურ სავაჭრო ჩანაწერებს ეყრდნობა), web.eximedia.app (ინდოეთში დაფუძნებული საგარეო ვაჭრობის პლატფორმა, რომელიც მოიცავს ექსპორტ-იმპორტის შესახებ ინფორმაციას 100-ზე მეტი ქვეყნის საბაჟოდან).

ქართულ ნაწარმად გასაღებული რუსული არყის ხის მასალა

“პალატის” ფანერები ჩეხეთში, თურქეთის გავლით

ორი კვირის წინ, ჩეხეთში, ქალაქ ოსიკში, კომპანია “ორლიმექსის” საწყობში შეფუთული არყის ხის ფანერები ვიპოვეთ. ყუთები ადგილზე დაათვალიერა ჩვენმა პარტნიორმა ჟურნალისტმა კრისტინა ვეჯნბენდერმა და მათზე მიკრული იარლიყები შეამჩნია.

შეფუთვიდან ვიგებთ, რომ მასალა ქართული კომპანიის, Palati Playwood-ის წარმოებულია. ის ფანერებს რუსთავში ამზადებს და ევროპასა და ამერიკაში ყიდის. მის დასამზადებლად კი არყის ხის ნედლეული, ძირითადად, რუსეთიდან შემოაქვს. გამოდის, რომ “პალატის” დახმარებით, რუსეთმა შეზღუდვებს თავი აარიდა, არყის ხე მაინც გასაღდა და მისგან ნაწარმოები მასალა ევროპაში მაინც მოხვდა.

“პალატი” საქართველოში 2022 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. მან ხის მასალების რუსეთიდან შემოტანა გახსნიდან ერთ თვეში დაიწყო და იქედან მოყოლებული 9 რუსული კომპანიისგან 14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების არყის ხის მასალა ჩამოიტანა - კონკრეტულად, ვენირები, ანუ ხის თხელი ფურცლები.

“პალატს” არყის ხის ნედლეული შემოაქვს შემდეგი რუსული კომპანიებისგან: “НИЖЕГОРОДСКИЙ ЛЕСОКОМБИНАТ/ “НЛК”, “КРАСНЫЙ ОКТЯБРЬ”, “ФАНПРОМ”, “М-ВУД” “ПЛАЙВУД”, “СТАРВУД НН” “ФАНДЕРА”, “АЛЬТЕРНАТИВА”, და “ЭВОЛОДЖИК”. მათი საქმიანობის სფერო, ძირითადად, ლამინირებული ფანერების, ხის თხელი ფენების და დაპრესილი ხის საწვავის წარმოებაა.

მათგან ყველაზე საინტერესოა “ФАНДЕРА”. ამ რუსული საწარმოს უკან რუსეთის მმართველი პარტიის, “Единая Россия”-ს წევრები დგანან. კომპანიის დირექტორი, სერგეი ხარიტონოვი და 50%-ანი წილის მფლობელი სერგეი ბორიაკინი, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის დეპუტატები არიან. “ФАНДЕРА”, “ФАНПРОМ” და “НЛК”-ს საწარმოში დამზადებულ ფანერებს “СТАРВУД НН” ყიდის. ის მათი ოფიციალური დისტრიბუტორია.

შეიძლება იფიქროთ, რომ “პალატის” მიერ შემოტანილი რუსული არყის ხის ფანერები ქვეყანაშიც გვჭირდება, გამძლე ავეჯის თუ სამშენებლო მასალის დასამზადებლად. სინამდვილეში, “პალატის” ნაწარმი ჩვენთან კი არ რჩება, მთლიანად ექსპორტზე გადის და ამით რუსულ ეკონომიკას ვაძლიერებთ.

2024 წელს თავისი პირით ამბობდნენ, ჩვენი პროდუქციის 100% ექსპორტზე გავიტანეთ, მათ შორის, 70% ევროპაში, 30% ამერიკაშიო. თან, თავს იწონებენ, “ვაწარმოებთ ქართულ პროდუქციას და ვაძლიერებთ საქართველოსო”.

"ორლიმექსის" საწყობში შენახული "პალატის" ფანერები 

ჯერ აგიხსნით, რა გზით მოხვდა “პალატის” ყუთები ჩეხურ საწყობში. 2024 წლის ოქტომბერში “პალატმა” 13 შეკვრა არყის ხის ფანერა ჩეხურ “ორლიმექსს” თურქეთის გავლით ჩაუტანა. ეს Volza-ს საერთაშორისო ბაზით დასტურდება.

“პალატის” ჩეხეთთან ვაჭრობას ადასტურებს ჩვენი პარტნიორი “ინვესტიგაცეს” მიერ მოპოვებული დოკუმენტიც. აღრიცხვის ფურცელზე ჩანს, რომ “ორლიმექსმა” საქართველოდან 2023-2025 წლებში 10 000-ზე მეტი კუბური მეტრის მასალა მიიღო. საყურადღებოა ის დეტალი, რომ, რატომღაც, “ორლიმექსმა” საქართველოსთან ვაჭრობა ზუსტად იმ წელს წამოიწყო, როცა რუსეთთან გაწყვიტა.

"ორლიმექსის" დოკუმენტი

ჩვენი კოლეგა კრისტინა ვეჯნბენდერი “ორლიმექსის” თანადამფუძნებელ სერგეი პავლოვეცსაც ესაუბრა. პავლოვეცის თქმით, ის საქართველოში “პალატის” ქარხანაშიც იყო. სჯერა, რომ პროდუქცია, რომელსაც ყიდულობს, მხოლოდ ლატვიური არყის ხისგან მზადდება:

“...ისინი ომის დაწყებისთანავე, ფანერაზე სანქციების დაწესებამდე გადმოვიდნენ საქართველოში […] ქარხანას რუსები ხელმძღვანელობენ, ეს რუსული წარმოებაა, რუსული დანადგარებით. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მიერ შეძენილი პროდუქცია რუსული ნედლეულით არ არის დამზადებული”.

“ორლიმექსი” რომ შეცდომაშია შეყვანილი, ამას სტატისტიკა და ჩვენი გამოძიება ადასტურებს.

“პალატი” ფინანსურ ანგარიშებში წერს, რომ ნედლეული ესტონეთიდან, ლატვიიდან, ბრაზილიიდან და რუსეთიდან შემოაქვს. ამაში დასარწმუნებლად, საწარმოს სავაჭრო მონაცემები ორ საერთაშორისო ბაზაში, “Export Genius”-სა და “Volza”-ში შევამოწმეთ. ორივეგან მხოლოდ რუსეთიდან იმპორტი გამოჩნდა.

ესტონეთიდან, ლატვიიდან და ბრაზილიიდან ეს პროდუქტი მთელ ქვეყანაში მიზერული რაოდენობით შემოგვაქვს და “პალატის” მთავარი ნედლეული ისედაც ვერ იქნება.

“საქართველოს შემთხვევა განსაკუთრებით საეჭვოა: ‘პალატი’, რომელიც ფანერის მთავარი მწარმოებელია, რუსული ინტერვენციის შემდეგ დაფუძნდა. მისი ექსპორტი ევროკავშირში მკვეთრად გაიზარდა. არადა, საქართველოს არყის ფანერის წარმოების ტრადიცია არ აქვს […] ჯერჯერობით, საბაჟოზე შემოწმებისას პრობლემა ვერ იპოვეს. ჩვენი აზრით, ეს ზედაპირული კონტროლის ბრალია “, - ამბობს ტარა განეში, “ერსსაითის” პროგრამის ხელმძღვანელი ტყეების და სანქციების მიმართულებით.


“პალატის” ფანერები საბერძნეთში, თურქეთის გავლით

ჩეხეთი არ არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც “პალატი” წარმატებით ვაჭრობს. მისი წარმოებული არყის ხის ფანერები საბერძნეთშიც მოხვდა. აი, როგორ:

2023-2024 წლებში “პალატმა” თურქულ სააქციო საზოგადოება “უმუთ სარფ ორმან ურუნლერის” 132 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 147 კბ/მ არყის ხის ფანერა მიჰყიდა. შემდეგ კი “უმუთმა” ზუსტად ეს მასალა გაგზავნა სტამბულიდან საბერძნეთში.

“უმუთი” “პალატთან” ვაჭრობას არ უარყოფს. ეს კომპანიის დირექტორმა და დამფუძნებელმა მეჰმეთ ალიმ ჟურნალისტური გამოძიებისას ჩატარებულ ექსპერიმენტში აღიარა. მისი თქმით, ქართული კომპანიისგან მასალას ექსკლუზიურად ყიდულობს, ღირებულებას 4%-ს ამატებს და ევროპის ქვეყნებში, საბერძნეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში გზავნის.

“უკვე ვყიდით მათ პროდუქციას ევროპაში […] და ჩვენზე ანტი-დემპინგური კანონი არ ვრცელდება, რადგან მხოლოდ გადამყიდველები ვართ. პროდუქცია საქართველოში იწარმოება, აქვს წარმოშობის და Euro1-ის სერთიფიკატიც [გამოიყენება იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ერთმანეთთან თავისუფალი ვაჭრობა აქვთ. საქართველოს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა 2014 წლიდან აქვს] შესაბამისად, ამ პროდუქციაზე არანაირი გადასახადი არ ვრცელდება. “პალატთან” ექსკლუზიური ხელშეკრულება გვაქვს, ისინი პროდუქციას მხოლოდ ჩვენი გავლით ყიდიან, კლიენტებს ცალკე არ ემსახურებიან, რადგან ყოველ თვეში საკმარისი რაოდენობის კონტეინერებს ვყიდულობთ”, - თქვა მეჰმეთ ალიმ.

ალის ინფორმაციით, პალატი რუსული საწარმოა. იგივეს ამბობს კიდევ ორი დამოუკიდებელი წყარო ჩვენთან საუბარში:

“ეს, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა. მათ საწარმო ომის დაწყებისთანავე გახსნეს და ახლა საქონელს საქართველოდან ყიდიან”, - მეჰმეთ ალი.

“ვფიქრობ, რუსულმა ‘STARWOOD’-მა საქართველოში თავისი დამატებითი წარმოება გახსნა, ‘პალატის’ ქარხნის სახით.იქ ნაწარმოები ფანერები ჯერ თურქეთში გადის, შემდეგ ხდება განბაჟება და მერე მიემართება ევროპაში”, - ეკატერინე, რუსეთში მდებარე ხის საწარმოს, “Murashinsky plywood”-ის წარმომადგენელი.

“ქარხანას ქართველი მფლობელები ჰყავს, გაყიდვების მართვის გუნდი და ინჟინრები კი მართლაც რუსეთიდან არიან”, - ამბობს სერგეი პავლოვეცი, ჩეხური კომპანია “ორლიმექსის” თანადამფუძნებელი. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სად მუშაობდნენ ადრე “პალატის” რუსი მენეჯერები, პავლოვეცი პასუხობს: “ისინი “STARWOOD“-ის კომპანიების ჯგუფში მუშაობდნენ”.

“სტარვუდი” არის ნიჟნი-ნოვგოროდში მდებარე ხე-ტყის მრეწველობის საწარმოების ოფიციალური დისტრიბუტორი. კომპანია მომხმარებელს არყის ფანერის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, რომელსაც ეს კომპანიები აწვდიან.

“აი, ფაქტს” აქვს კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ მიუხედავად რისკებისა, “პალატი” ძალისხმევას არ იშურებდა ევროპულ ბაზარზე მოსახვედრად. 2023 წლის 13 აპრილს “პალატის” კომერციულმა დირექტორმა თამარ დემურიშვილმა ბერძნულ კომპანიას ელ.ფოსტაზე მიწერა, ფანერების მიყიდვა შესთავაზა და საპრეზენტაციო ვიდეორგოლიც გაუგზავნა.

“პალატის” ფანერები პირდაპირ ევროპაში

“აი, ფაქტმა” დაადგინა, რომ “პალატი” არის ერთადერთი ქართული კომპანია, რომელიც რუსული არყის ხის ფანერებს ქართული ეტიკეტით ყიდის. ანუ, მთლიანად “პალატისაა” ის 29 მლნ აშშ დოლარის ღირებულების არყის ხის ფანერა, რომელიც საქართველოდან ევროპაში ბოლო სამ წელში გაიგზავნა.

ეს ამბავი საერთაშორისო და ადგილობრივი სტატისტიკური მონაცემების შედარებისა გავშიფრეთ. ნაბიჯ-ნაბიჯ რომ მივყვეთ, სქემა ასე იხსნება:

● Volza-ს ბაზა გვეუბნება, რომ 2023-2025 წლებში საქართველოდან ევროპაში სულ 29 მლნ აშშ დოლარის ღირებულების არყის ხის მასალა გაიგზავნა. ყველა მათგანზე მითითებულია: წარმომავლობის ქვეყანა - საქართველო;

● ქართული წარმომავლობა ეთითება მხოლოდ მაშინ, როცა პროდუქტი ჩვენს ქვეყანაშია დამზადებული ან გადამუშავებული; ეს კი მხოლოდ “პალატს” შეუძლია, რადგან მას საწარმოც აქვს;

● საქსტატი გვეუბნება, რომ 2023-2025 წლებში ევროპაში ხის მასალები მხოლოდ ორმა კომპანიამ გაიტანა - “პალატი-2022”-მა და “თი-თი-სიმ”. მათგან ფანერის საწარმო მხოლოდ “პალატს” აქვს. შესაბამისად, მხოლოდ მას შეუძლია რუსული ნედლეული შემოიტანოს, აქ გადაამუშაოს და ევროპაში ქართული წარმომავლობით გაიტანოს.

“პალატმა” არყის ხის ფანერები გაგზავნა ევროპის 16 ქვეყანაში - მათ შორის, ყველაზე მეტი ჩეხეთში, სლოვენიაში, პორტუგალიაში, საბერძნეთსა და პოლონეთში.

როგორც ჩანს, ევროპული კომპანიები “პალატს” ვერ მიუხვდნენ, რომ მას ფანერის ნედლეული რუსეთიდან მოაქვს. ეს კი იმიტომ, რომ რუსული წარმომავლობა “პალატის” სავაჭრო დოკუმენტებში არსადაა მითითებული. ამას თავად კომპანიაც ადასტურებს, ჟურნალისტური გამოძიებისას ჩატარებულ ექსპერიმენტში.

ექსპერიმენტი ასე წარიმართა:

“ერსსაითის” მკვლევარი “პალატის” ადმინისტრაციულ დირექტორს და გაყიდვების მენეჯერს რუსთავის ქარხანაში ესტუმრა, თავი კლიენტად გააცნო და სთხოვა, რუსული სტანდარტის არყის ხე მომყიდეთ და ევროპაში გამატანეთ, ოღონდ ისე, რომ დოკუმენტებში ნედლეულის რეალური წარმომავლობა არ ჩანდესო.

“პალატი”:არყის ხე გვაქვს მხოლოდ რუსეთიდან, ესტონეთიდან და ლატვიიდან;

“ერსსაითი”: და ჩვენ რა ვქნათ? არ შეგვიძლია, რომ მანდ [დოკუმენტებში] რუსული ეწეროს;

“პალატი”: საერთოდ არ აღვნიშნავთ, არ იქნება. თუ თქვენ ითხოვთ UTR-ს [რეგულაცია, რომელიც ევროკავშირში უკანონოდ მოპოვებული ხის იმპორტს კრძალავს] მაშინ იქ იქნება მითითებული, რომ რუსეთიდანაა გაგზავნილი[… ] მაგრამ ეს არ არის საჭირო, ევროპაში ამას არც ერთი კლიენტი არ კითხულობს. ამიტომ გეუბნებით, არ გჭირდებათ საერთოდ. […] თუ თვლით, რომ ეს თქვენთვის რისკია, შეგვიძლია მოვილაპარაკოთ და თქვენი პროდუქცია დამზადდება მხოლოდ ესტონურისგან. თუმცა, ზუსტად არ ვიცი… (ყოყმანობს ერთ-ერთი თანამშრომელი და მეორეს გადახედავს).

“ერსსაითი”: მე ვგულისხმობ მხოლოდ ქაღალდზე!

“პალატი”: ქაღალდზე! გასაგებია. (თავს უქნევს მეორე თანამშრომელიც).

“პალატს” ინტერვიუსთვის 8 სექტემბერს დავუკავშირდით. ადმინისტრაციულმა მენეჯერმა, ნათია გვაძაბიამ ჩვენი ვინაობა გამოიკითხა, “აი,ფაქტის” შესახებ ჩაინიშნა და გვითხრა, ხვალ გაგაგებინებთ, ვინ გაგესაუბრებათო. მეორე დღეს კი ინტერვიუზე უარი გვითხრეს: “ხელმძღვანელობამ ასე გადმომცა, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთო”.

“პალატის” პარტნიორ ევროპულ კომპანიებსაც ვკითხეთ, თუ იციან, რომ რუსული არყის ხისგან დამზადებულ ფანერებს ყიდულობენ და ამით, სანქციების გვერდის ავლის სქემაში ირიბად მონაწილეობენ. ჯერჯერობით, მათგან პასუხი არ მიგვიღია.

,,პალატის" საწყობის ფოტო - აღებულია კომპანიის ვებგვერდიდან. 

“პალატი” 2023 წლის სექტემბრიდან ფანერების „უფლებამოსილი ექსპორტიორია”. ეს ნიშნავს, რომ მან შემოსავლების სამსახურისგან უკვე მოიპოვა უფლება, მის პროდუქტს “საქართველოში წარმოებული” დაარქვას და ამის გამო ექსპორტზე შეღავათიანი პირობებით გაიტანოს.

“უფლებამოსილი ექსპორტიორის” სტატუსი ენიჭება ისეთ კომპანიას, რომელიც უკვე 1 წელია ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, ბოლო 1 წლის განმავლობაში არ უფიქსირდება სამართალდარღვევა, არ აქვს საგადასახადო დავალიანება და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ექსპორტზე აქვს გატანილი არანაკლებ 100 000 ლარის ღირებულების პრეფერენციული წარმოშობის (ქართული) საქონელი.

ანუ, წარმოშობის დეკლარაციას თვითონ ავსებს და საბაჟოს აღარ წარუდგენს EUR1 სერთიფიკატს [შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ცნობა საქონლის წარმომავლობის შესახებ]. სანაცვლოდ, “პალატი” ინვოისზე უთითებს მხოლოდ “უფლებამოსილი ექსპორტიორის” ავტორიზებულ ნომერს და სულ ესაა. საბაჟოს ეს კოდი არწმუნებს, რომ მისი საქონელი ნამდვილად ქართულია.

შემოსავლების სამსახურისგან გვაინტერესებდა, როგორ აკონტროლებენ “პალატის” წარმოებას, თუ იციან, რომ ის რუსულ ნედლეულს იყენებს, ან თუ ეს ჩვენგან შეიტყვეს, რა ზომებს მიიღებენ მომავალში, ფანერების ექსპორტის მკაცრი კონტროლისთვის? მათთან პირისპირ ინტერვიუს ჩაწერა გვსურდა, მაგრამ კითხვების წერილობით გაგზავნა ამჯობინეს. ჯერჯერობით, რეაგირება იგვიანებს და თუ პასუხებს გამოგვიგზავნიან, სტატიას შესაბამისად განვაახლებთ.

„თუ კონტროლი სუსტია, ეს სტატუსი შეიძლება რეგულაციის გვერდის ავლის საშუალებად გადაიქცეს და საქართველო რუსეთს სანქციებიდან თავის არიდებაში დაეხმარება… ძალიან დაბალია რისკი, რომ ვინმემ ღვინო შემოიტანოს და მერე ჩვენი სახელით გაიტანოს. ამიტომ, ამ დარგის ბიზნესს შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილის სტატუსი. მაგრამ, თუ ეს არის ხე-ტყის დამუშავება… ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგანაც შემოდის ნედლი მასალა. თუ ასეთ კომპანიას მიანიჭებ სტატუსს, მაღალი რისკისშემცველია. შეიძლება რეექსპორტიორის როლში მოგვევლინოს და წარმოშობის საკითხიც დამახინჯდეს. თუ ეს ფაქტი გაირკვა, სკანდალს გამოიწვევს და საერთაშორისო იმიჯსაც დააზიანებს”, - ამბობს ეკონომისტი რამაზ გერლიანი.

“პალატი” შემოსავლების სამსახურის “ოქროს სიაშიცაა”. “ოქროს სიის” მონაწილე სარგებლობს გამარტივებული საბაჟო პროცედურებით, რაც უფრო მეტად აუმჯობესებს ჩვენი პროდუქტის მიწოდებას ქვეყნის საზღვრებს გარეთ”,- წერდა “პალატი” თავის ფეიქბუქ გვერდზე 2023 წლის დეკემბერში. ამ სიაში ხვდება მსხვილი იმპორტიორი/ექსპორტიორი, რომელმაც ერთ წელში, მინიმუმ, 5 მილიონი ლარის ღირებულების საქონლით ივაჭრა;

გარდა ამ პრივილეგიისა, “პალატმა” სახელმწიფო ბიუჯეტითაც ისარგებლა. 2022 წელს “აწარმოე საქართველოსგან” 200 000 ლარზე მეტი მიიღო და სესხის ნაწილი დაფარა.

“ციტადელი” - რუსული ნედლეულის კიდევ ერთი შემომტანი

“პალატი” რუსული არყის ხეებით ვაჭრობის პიონერი არ არის. იქამდე, ეს ბაზარი “ციტადელს” ჰქონდა ათვისებული. თუმცა, ეს ორი კომპანია ერთსა და იმავე მფლობელისაა:

ავტორის შენიშვნა: “პალატის” დანარჩენ 50%-ს ფლობს ინდონეზიური შპს PT BAHAN KONSTRUKSI INTERNASIONAL. ვინ დგას ამ კომპანიის უკან, არ ვიცით, რადგან ინდონეზიური ბაზები მედიისთვის დახურულია.

“ციტადელს” რუსეთიდან მილიონობით დოლარის არყის ხის მასალა 2019-2021 წლებშიც შემოჰქონდა. თუმცა, რუსეთისთვის შეზღუდვების დაწესებისთანავე, ანუ 2022 წლის შემდეგ იმპორტის მოცულობა გააორმაგა.

ბოლო წლებში “ციტადელმა” რუსეთთან ვაჭრობა რომ დიდი მონდომებით გააჩაღა, მის საჯარო დოკუმენტებშიც ჩანს. 2017-2020 წლების ფინანსურ ანგარიშებში უთითებდა, რომ მხოლოდ ერთ რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობდა, 2021 წლიდან კი 11 რუსული პარტნიორი ჰყავს.

“ციტადელის” პარტნიორებს შორის რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიებიცაა. მაგალითად, "Сыктывкарский Фанерный Завод" და "Смоленский Док"-ი. მათი მფლობელები, მიხაილ მაგი და ვადიმ კოსიხი რუსეთის მმართველი პარტიის, “ედინაია რასიას” დეპუტატები არიან.

“ციტადელი” პუტინის გარემოცვასთან თანამშრომლობასაც არ ერიდება. მაგალითად, რუსული “СВЕЗА”-ს ექსკლუზიური პარტნიორი იყო 2011 წლიდან. მისგან 3.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების არყის ხის ფანერები აქვს შემოტანილი. მათ შორის, 15 000 აშშ დოლარის 2022 წლის ივლისში, ანუ მას შემდეგ, რაც “СВЕЗА” სკანდალში გაეხვა და მისი მფლობელი დასანქცირდა.

“СВЕЗА”-ს უკან რუსეთის მილიარდერი ოლიგარქი, ალექსეი მორდაშოვი დგას. საერთაშორისო მედიაში მას პუტინის გარემოცვის წევრად მოიხსენიებენ. რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერის გამო მორდაშოვი და მისი კომპანიები აშშ-მ, უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა, 2022 წელს კი იტალიის პოლიციამ 65 მლნ ევროიანი იახტაც ჩამოართვა. მორდაშოვი “ბანკ რასიას” მფლობელიც იყო, რომელიც რუსეთის პოლიტიკური ელიტის პირად ბანკად მიიჩნევა.

“ციტადელი” ამბობს, პროდუქტები მხოლოდ რუსეთიდან არ შემომაქვს და ავსტრია, აზერბაიჯანი, არაბთა საამიროები, ბელარუსი, ჩინეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, თურქეთი, იტალია და გერმანიაც მაწვდიანო. თუმცა, ჩვენ Volza-სა და Export Genius-ის საერთაშორისო ბაზებში გადავამოწმეთ მისი ვაჭრობის მონაცემები დასახელებულ თერთმეტივე პარტნიორ ქვეყანასთან. ამ ბაზების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ არყის ხის ნედლეული “ციტადელს” მხოლოდ რუსეთიდან შემოაქვს.

ეს კომპანია სახელმწიფო შესყიდვებშიც აქტიურად მონაწილეობს. 2012 წლიდან დღემდე 2.4 მილიონი ლარის კონტრაქტები აქვს გაფორმებული. აქედან ნახევარი მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვით. ის სახელმწიფო უწყებებს, ძირითადად, მზა ფანერებს აწვდიდა. ორ შემთხვევაში კი პირდაპირ აქვს მითითებული, ფანერა რუსული ნედლეულით დავამზადეო.

“ციტადელმა” უშუალოდ რუსული ხისგან ნაწარმოები 7 681 ცალი ფანერა 2017-2018 წლებში შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს მიაწოდა. მათი ჯამური ღირებულება 130 ათასი ლარი იყო.

რუსული არყის ხის მასალა მხოლოდ საქართველოში რეალიზაციისთვის არ შემოაქვს და მას სხვა ქვეყნებში ასაღებს, "ციტადელის" სავაჭრო დოკუმენტებითაც მტკიცდება. ასე, მაგალითად:

2022-2025 წლებში “ციტადელმა” სომხეთში 469 ათასი აშშ დოლარის ღირებულების არყის ხის მასალა გაგზავნა. ტრანზაქცია სულ 32-ჯერ შედგა და ყველა შემთხვევაში შავით თეთრზე წერია, რომ ტვირთი საქართველოდან წავიდა, წარმომავლობის ქვეყანა [Origin country] კი რუსეთი იყო.

ტვირთი “ციტადელმა” სომხეთში თავის წარმომადგენლობას, ასევე “ციტადელის” სახელით რეგისტრირებულ კომპანიას მიაწოდა. სად წავიდა შემდეგ ეს არყის ხის ფანერები, ზუსტად არ ვიცით.

თუმცა, საერთაშორისო ბაზებზე, Volza-სა და Export Genius-ზე დაყრდნობით შეგვიძლია იმის თქმა, რომ საქართველო-სომხეთს არყის ხის ფანერებით ვაჭრობის ისტორია 2022 წლამდე არასოდეს ჰქონია. სარკისებურად, 2022 წლის შემდეგ დაიწყო დიდი რაოდენობით არყის ხის ფანერების გატანა სომხეთიდან ევროპაშიც. მხოლოდ 2023-2024 წლებში სომხეთიდან ევროპაში, კერძოდ, საბრძნეთში 114 000 ევროს ღირებულების არყის ხის ფანერა გაიგზავნა.

ციტადელის” წარმომადგენელ ირაკლი შეყილაძეს ინტერვიუს შესათანხმებლად რომ დავურეკეთ, ჯერ გვითხრა, დანამდვილებით ვიცი, რომ ამ თვეში ინტერვიუსთვის არ მეცლებაო. ჩვენ ავუხსენით, რომ ამდენი დრო არ გვქონდა და კითხვების წერილობით გაგზავნაზე მაინც დავითანხმეთ. აქვე ვუთხარით, “პალატის” შესახებ შეკითხვებსაც თქვენ გამოგიგზავნით-თქო და პრობლემა არ ჰქონია - “კი, შესაძლებელიაო”.

ელ.ფოსტაზე ჩვენი კითხვების მიღების შემდეგ ირაკლი შეყილაძემ უცნაური წინადადებით დაგვირეკა - მოდით, ინტერვიუს გარეშე შევხვდეთ, ეს საკითხი გავიაროთ, დავალაგოთ, კითხვების ფორმულირება დავხვეწოთ და მერე გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზეო. თან, შეურაცხყოფაც მოგვაყენა - “იმდენი რაღაც გიწერიათ, ალბათ, ყური რასაც წაკარით, ყველაფერი დაწერეთო”.

შეყილაძეს შეხვედრაზე და საუბარზე დავთანხმდით იმ პირობით, რომ ინტერვიუს იმავე ან მეორე დღეს ჩავწერდით. ამაზე გაბრაზდა და გვითხრა, ნუ მაწვებით, თამაშის წესებს თუ თქვენ მიდგენთ, კი ბატონო, გამოაქვეყნეთ როგორც გინდათ, არ არის პრობლემაო. კარგად ბრძანდებოდეთო დააყოლა და დაგვემშვიდობა.

„პალატის“ და „ციტადელის“ შემთხვევა მხოლოდ ხის მასალით ვაჭრობის ამბავი არაა. ის კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ აღწევს რუსული სანქცირებული რესურსები ევროპაში, ქართული ეტიკეტით. ამ პროდუქტის ყოველი პარტია, რომელიც „ქართულად“ საღდება, სინამდვილეში სანქციების კედელში გაჩენილი ახალი ბზარია - ბზარი, რომელიც ამაგრებს მოსკოვის ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის საქართველოს სანდოობას, საერთაშორისო იმიჯს, დასავლურ პარტნიორობებსა და მომავალს.

Ifact.ge

მასალაში გამოყენებული წყაროები

სტატიაზე მუშაობდნენ:

რედაქტორი: მანანა ღოღობერიძე

გრაფიკული დიზაინერი: ნინო გაგუა

მადლობა თანამშრომლობისთვის ჩეხურ საგამოძიებო მედია "ინვესტიგაცეს" და მის ჟურნალისტს, კრისტინა ვეჯნბენდერს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S