Accentnews.ge
ზვიად ცეცხლაძე - ჰერჩინსკის: გთხოვთ, დაარწმუნეთ ევროპელი ლიდერები, არ გაგვიუქმონ ვიზალიბერალიზაცია

ზვიად ცეცხლაძე - ჰერჩინსკის: გთხოვთ, დაარწმუნეთ ევროპელი ლიდერები, არ გაგვიუქმონ ვიზალიბერალიზაცია

25/08/2025 17:07:00

"დაფიონის" დამფუძნებელი, პროევროპული აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მიმართავს თხოვნით, დაარწმუნოს ევროპელი ლიდერები, საქართველოს არ გააუქმონ ვიზალიბერალიზაცია და არ გააძევონ ევროსაბჭოდან.
„საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!“ არც თუ ისე შორეულ წარსულში ეს სიტყვები გახდა შემართების ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც დღეს მე აქ, ამ რეალობაში მომახვედრა.

თანამედროვე ევროპის ისტორია, რომელშიც დღეს თქვენ იმყოფებით, მრავალ სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ქვაკუთხედს აერთიანებს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არასდროს ყოფილა მხოლოდ დადებითი და სიკეთის მომტანი. შეცდომა ინდივიდის და შეცდომა სოციუმის, მრავალ წარმატებას თან სდევდა კეთროვანი მეგზურის სახით.

თავისუფლება ინდივიდის თუ თავისუფლება სოციუმის, არცთუ ისე მრავალკუთხოვან ტრადიციას ქმნის დასავლეთში. სწორედ ამგვარ ბრძოლებში, მრავალი ჩაგრულის ბრძოლის ისტორია აყალიბებდა დასავლური აზროვნების კულტურას. თაობათა მძიმე და უსამართლო ბრძოლებს ეწირებოდნენ ერთეული ინდივიდები და ამავე ინდივიდების მიერ შექმნილი სოციალური წრეები, რომლებიც გაბატონებულ კლასებს ებრძოდნენ, მრავალი თავგანწირვის – ბრძოლის თავდადებული მაგალითებით, რომელთაც სწამდათ, რომ თავისუფლების გარეშე ცხოვრებას თავისუფლების მოპოვების გზაზე სიკვდილი სჯობდა.

როდესაც კაცობრიობა პირველი მსოფლიო ომის ქარცეცხლში გაეხვა, მისი დასასრული ზოგისთვის თავისუფლების საბოლოო გამარჯვებად იქნა აღქმული, რომლის დასასრულს თან ახლდა ევროპაში ახალი დემოკრატიების ჩასახვა და ძველი მონარქიების ნგრევა, მაგრამ მალევე აღმოცენდნენ ახალი სისტემები, რომლებმაც მთლიანად უგულებელყვეს მანამდე არსებული მონაპოვარი – ადამიანი.

ახალმა სისტემებმა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წარმატებით მიითვისეს ადამიანის სასიცოცხლო ყველა ასპექტი. სოციალურ-ეკონომიკური და პირადი ცხოვრების მოსპობით მიღებულმა განუსაზღვრელმა ძალაუფლებამ, მოიპოვა საყოველთაო მორჩილება. როცა ევროპელთა ერთი ნაწილი (მცირე) თავის ნუგეშს იყო მიცემული და ამგვარ მოვლენებს ერთი ინდივიდის ახირებებს აბრალებდა, მეორე ნაწილი მყარი და დამანგრეველი ძალის მქონე სოციუმს აყალიბებდა. მაშინ “ცივილურმა ევროპამ” კონტინენტური ევროპის ნაწილზე მძიმე კომფორმიზმით (მეტიც, თანამონაწილეობის გზით) გზა გაუხსნა ფაშიზმის აყვავებას, რომლის შემდგომი საფრთხეების არიდებაც არაერთი სიცოცხლის მოსპობის ფასად დაუჯდათ.

„საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!”. ეს გემი მძიმე და მძლავრ ზღვაზე არა დღეს, არამედ „აიეტისა და ფარტაძის” დროსაც იდგა, მაგრამ ზღვა, რომელიც შორი იყო და გადაულახავი ჩანდა, დაახლოვდა, როდესაც ჩვენ მივიღეთ „ვიზალიბერალიზაცია”. პირველად კი ამ გემს შტორმიან ზღვაში საბა გაჰყვა, მაგრამ მაშინდელმა ევროპამ არ დაუშვა ჩვენი პატარა გემი თავის ნავსაყუდელში.

ევროპა – ეს იდეაა თავისუფლებისა. ევროპამ მიაღწია მრავალ სოციალურ და ეკონომიკურ აღმასვლას, რითაც შეძლო „ადამიანის” წინ წამოწევა, მაგრამ როცა ევროპაში დანტემ შექმნა „ღვთაებრივი კომედია”, ეს ევროპული იდეალები ჩვენთან უკვე გააზრებული იყო „ვეფხისტყაოსნის” სახით.

როდესაც ევროპული იდეა დგას ისეთ საწყისებზე, როგორიცაა ათენის დემოკრატია, რომის სამართალი და ქრისტეს მორალი, რომლის ქვემდებარედ უნდა მივიჩნიოთ საქართველოსთვის ზურგის შექცევა?! მთელმა კაცობრიობის ისტორიამ მხოლოდ ერთი ცივილიზაცია შექმნა, რომლის საფუძველიც დასავლური აზროვნების კულტურაა და ჩვენც ვართ ამ ცივილიზაციის თანაავტორები, თუნდაც იმით, რომ გვყავდა რუსთაველი, ვაჟა, ილია და დღეს ყოვლად დაუშვებელია ამ მემკვიდრეობით დავეშვათ ფსკერზე.

„საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!” – ამ სიტყვების გაჟღერებისას ხომ ნათელი იყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პორტრეტი, ის, რომ ამ მოსახლეობის ნაწილი “საბჭოთა საქართველოში” არის დაბადებული? ნუთუ ეს არ არის ერის ტრამვა?! განა რთულია ამ მძიმე იარების დანახვა, რაც გაგვაჩნია და რაც ასე გვიშლის ხელს ამ გემზე ნიჩბის მოსასმელად?!

ჩვენი აწმყო, როგორც წარსული, ჰგავს დავითისა და გოლიათის შერკინების ათობით ადამიანი პირად თავისუფლებას იმიტომ ვწირავთ, რომ ერთი ვარსკვლავი, ლურჯ მშვიდობისფერ დროშაზე ჩვენი ქვეყნის სახითაც ამოიქარგოს, მაგრამ ის „იზოლაციის” პერსპექტივა რას გვიქადის, თუ არა რკინის ფარდის მიღმა აღმოჩენას, სადაც ერთხელ უკვე პირისპირ მარტონი დავრჩით ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ბოროტ ძალებთან.

ბატონო ელჩო, მოგმართავთ თხოვნით, დაარწმუნოთ ევროპელი ლიდერები, არ გაგვიუქმონ ვიზალიბერალიზაცია და არ გაგვაძევონ ევროსაბჭოდან. გაახსენეთ ის თითოეული ახალგაზრდა, რომელიც ევროპის ჰიმნით ეგებებოდა მარბიელ რაზმებს. გაახსენეთ, თუ რაოდენ ღირსეულად ეჭირა ქართველ ქალს ერთიანი ევროპის დროშა და გაახსენეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური საზოგადოების ერთადერთ ჭეშმარიტებად კვლავ რჩება სიტყვები – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი!”- ნათქვამია წერილში.
ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს და მიზეზად დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლას“ ასახელებს. იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდეს, ევროკომისიამ „ქართულ ოცნებას” რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.

რეკომენდაციებით მოთხოვნილია, დაცული იყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

ასევე, მოთხოვნილია ნებისმიერი იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, წერილში აღნიშნულია პირველი რუსული კანონი და ჰომოფობიური კანონი.

წერილში ხაზგასმულია, რომ უნდა გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა,

ევროკავშირი „ოცნებისგან“ მოითხოვს, მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია, ასევე, ცვლილებები შეიტანოს კანონში ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ და გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამ მიმართულებით. ასევე, ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს შეუსაბამოს კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ.

ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ რეკომენდაციების საპასუხოდ კვლავ პროპაგანდისტული და ჰომოფობიური გზავნილები გაავრცელა და განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ დასავლეთი „ლგბტ ქორწინების დაკანონებას ითხოვს”.

„ოცნება“ ევროკავშირის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს „შანტაჟად“ აფასებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S