
რუსეთი ზემო ლარსზე ისევ არ ატარებს სომხურ პროდუქციას, საბაბად ფიტოსანიტარულ ნორმებს ასახელებს
25/08/2025 18:37:00 კავკასია, პოლიტიკა
სომეხი დეპუტატი, გარიკ დანიელიანი წერს, რომ რუსეთი ზემო ლარსზე ისევ არ ატარებს სომხურ პროდუქციას და საბაბად ფიტოსანიტარულ ნორმებს ასახელებს.
„ჩვენი ინფორმაციით, ასობით მანქანა, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, ქლიავით, ატმით და ყურძნით არის დატვირთული, ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან უკან ბრუნდება.
მძღოლებს მკაფიო განმარტებას არ აძლევენ და რაღაც ფიტოსანიტარულ პრობლემებზე ლაპარაკობენ.
შედეგად, სოფლის მოსახლეობა უდიდეს ზარალს განიცდის”. – წერს დანიელიანი და დასძენს, რომ სხვა ტვირთი შემოწმებას გადის, რაც ასევე აფერხებს მათ შესვლას რუსეთის ტერიტორიაზე.
სომეხი დეპუტატის თქმით, საქმე ეხება სამშენებლო მასალას.
„ბევრი სატვირთო მანქანა გაურკვევლობაშია და კვლავ ელოდება გადაწყვეტილებას. როგორც ყოველთვის, შესაბამისი ორგანოების მხრიდან არ არის შესაბამისი რეაგირება ან ქმედებები. აშკარაა, რომ პრობლემა მხოლოდ ეკონომიკური არ არის, მას პოლიტიკური ქვეტექსტიც აქვს.
გილოცავთ „ტრამპის გზას!“. – აცხადებს გარიკ დანიელიანი.
უკვე რამდენიმე თვეა, სომხურ ტვირთს, რომელიც რუსეთში საქართველოს გავლით გააქვთ, პრობლემები ექმნება.
მოსკოვი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის მის მიერ დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებულ, ოკუპირებულ აფხაზეთთან, პერიოდულად მიმართავს მსგავს ზომებს პროდუქციის “ფიტოსანიტარული პრობლემების” საბაბით.