
ლარს კლინგბეილი: გერმანია, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას აიღებს
25/08/2025 18:40:00 მსოფლიო
გერმანია, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას აიღებს, - ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ლარს კლინგბეილმა კიევში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ უსაფრთხოების გარანტიები იყოს, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ უკრაინას თავს აღარ დაესხმებიან და პუტინი უკრაინაზე შეტევას ვეღარ გაბედავს“, - განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებების მიღება უკრაინელების გარეშე არ უნდა მოხდეს და მოლაპარაკებების პროცესი ცეცხლის შეწყვეტით უნდა დაიწყოს.
„ახლა ბურთი პუტინის მოედანზეა. მჯერა, რომ წინ გრძელი გზაა, მაგრამ ვერ ვხედავ იმას, რომ პუტინი აზრს შეიცვლის და ნამდვილ სამშვიდობო მოლაპარაკებებს მოისურვებს“, - აღნიშნა ლარს კლინგბეილმა.