
"ძლიერი საქართველოს" ლიდერები პრეზიდენტს ხვდებიან
18/11/2024 12:13:30 პოლიტიკა
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. შეხვედრაზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მივიდნენ.
მანამდე ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გეგმა, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირებაა. ხაზარაძეს მის თავმჯდომარედ პრეზიდენტი ზურაბიშვილი წარმოუდგენია.
"პროტესტი უნდა გაგრძელდეს სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ადგილას ვიდრე არ მივაღწევთ ხმების დაბრუნებას, რომელიც ასე მზაკვრულად, ასე სისტემურად, რუსული სცენარით მოიპარა "ქართულმა ოცნებამ". ერთიანი ვართ ყველა - ამომრჩეველი, ოპოზიციური კოალიციები, პრეზიდენტი. მეორე - არჩეულია ოპოზიციური პარტიებიდან დეპუტაცია, რომლებმაც მოიგეს არჩევნები, ამიტომ, გარდა ქუჩაში პროტესტისა, უნდა შევქმნათ სივრცე, სადაც დავანახებთ საზოგადოებას, რომ შეგვიძლია ერთად უამრავი საკითხის გადაწყვეტა და რაც ყველაზე მთავარია, ლეგალურად, მშვიდობიანად ახალი არჩევნების მიღწევა. ამისთვის საჭიროა დეპუტატების შეკრება და აქ ვიწვევთ ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან გაუწიოს ამ გაერთიანებას ხელმძღვანელობა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს ამ თავყრილობამ თუ ალტერნატიულმა პარლამენტმა, არის ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს დააკომპლექტებინოს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს წარუდგენს ჩვენი ამომრჩევლის ხმას იმ გაყალბებული არჩევნების შესახებ",- თქვა ხაზარაძემ მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე და დასძინა, რომ ამ საკითხებზე ისაუბრებენ.