Accentnews.ge
მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს

18/11/2024 01:49:03 პოლიტიკა

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს.

„1.ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება სხვადასხვა ფორმით, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციებზე, თბილისსა და მთელ საქართველოში;

2.პარლამენტის დელეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩეული ოპოზიციური დეპუტატების მიერ ინდივიდუალურად მანდატების ჩაბარების შესახებ განცხადებებით მიმართვაში. ასევე, 4 ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო სიების ჩახსნა;

3.ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა “სახალხო პარლამენტის” საპატიო თავმჯდომარედ, რეალური, ეროვნული პოლიტიკური ცენტრის შექმნა;

4.“სახალხო პარლამენტის”მოქმედების გეგმის შემუშავება;

5.“სახალხო პარლამენტის” დელეგაციის გაგზავნა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან და მათი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერება“, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: თსუ–სთან "კოალიცია ცვლილებისთვის” მიერ ორგანიზებული 24–საათიანი აქცია მიმდინარეობს. "კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერების თქმით, პროტესტი ხვალ საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. უხლოესი გეგმა ღამის გათენებაა. ადგილზე გაშლილია ათობით კარავი.

ამ დროისათვის გადაკეტლიია ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზისხევი, მელიქიშვილის გამზირი და კეკელიძის ქუჩა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S