Accentnews.ge
OSCE/ODHIR–ის და PACE–ს შეფასებები: "ამომრჩევლების მოსყიდვა, იყო შეგრძნება „დიდი ძმა გიყურებს“

OSCE/ODHIR–ის და PACE–ს შეფასებები: "ამომრჩევლების მოსყიდვა, იყო შეგრძნება „დიდი ძმა გიყურებს“

27/10/2024 12:40:20 პოლიტიკა

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების OSCE/ODHIR–ის და PACE–ს წარმომადგენლებმა საქართველოში 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ დღეს პრეს–კონფერენცია გამართეს და წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღის პირველადი შეფასებები წარადგინეს.

OSCE–ს სპეციალური კოორდინატორი და OSCE–ს მოკლევადიან დამკვირვებელთა ხელმძღვანელი პასკალ ალიზარდი აცხადებს, რომ "კარგად ადმინისტრირებული საარჩევნო დღის მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა არაერთი ხარვეზი აღმოაჩინეს როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე თავად არჩევნების დღეს".

იგი ამ კუთხით რამდენიმე საკითხს გამოყოფს: "არჩევნების პერიოდში არსებული პოლარიზებული გარემო; ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტები", რაც მისი თქმით, "განსაკუთრებით ფართოდ იყო საჯარო მოხელეების მიმართ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში"; "დისბალანსი ფინანსური რესურსების მხრივ" და მისი თქმით, "ამ მხრივ, მმართველი პარტიის უპირატესობა, რაც ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს"; "პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუაელებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის და ქალების ნაკლები წარმომადგენლობა პარტიულ სიებსა და კამპანიებში".

„მიუხედავად იმისა, რომ პოლარიზება რჩება პოლიტიკურ სცენაზე და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენც, როგორც დავაკვირდით, ამომრჩევლებს საკმაოდ ფართო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდათ, რადგან ბევრი საარჩევნო სუბიექტი იყო წარმოდგენილი. მედია გარემო ზუსტად ასახავდა ამ ღრმა პოლარიზებას. კენჭისყრის დღე პროცედურულად ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ მას თან ახლა დაძაბული გარემო, დაშინების შემთხვევები. დასასრულს, მინდა, გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელისუფლება, ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და საქართველოს დაუახლოებს მის გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა პასკალ ალიზარდმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ განაცხადა, რომ "შემაშფოთებელი იყო ის სიძულვილის ენა, მიმართული სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები მიმართ", რაც მისი თქმით, ასევე უკავშირდებოდა "აგენტების კანონის" მიღებას.

„კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს, დავაფიქსირეთ შემთხვევები, როდესაც ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა და ორმაგად ხმის მიცემა. განსაკუთრებით სოფლად. ჩვენი გამოცდილებით, ამ არჩევნებზე არსებობდა ორი სამყარო - ერთი საარჩევნო უბანზე, სადაც ხმის მიცემის ადმინისტრირების პროცესი იყო კარგად ორგანიზებული და მეორე - უბნების გარეთ. საარჩევნო უბნებზე მმართველი პარტიების მიერ დამონტაჟებული კამერები და ასევე ამომრჩევლების აღრიცხვა, ქმნიდა ზეწოლისა და დაშინების კლიმატს და იყო ასეთი შეგრძნება - „დიდი ძმა გიყურებს“. ეს ერთ-ერთმა ჩვენმა დამკვირვებელმა აღნიშნა. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესში დაფიქსირდა არათანაბარი პირობები და სხვა ნაკლოვანებები, რაც ძირს უთხრის მის შედეგსა და სამართლიანობას და საბოლოო შედეგებს“, – განაცხადა მან.

  • სადამკვირვებლო მისიას ჯამში 530 დამკვირვებელი წარმოადგენდა. მათგან 380 ODIHR-ის მიერ წარგზავნილი ექსპერტი და ხანგრძლივვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებელია, 61 OSCE–ს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარი და თანამშრომელი, 39 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წარმომადგენელი, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 38 წარმომადგენელი და 12 ევროპარლამენტარი.

რა თქვა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა ფაიქ ოზთრექმა საარჩევნო პროცესის შეფასებისას ხაზი გაუსვა, რომ ეს არჩევნები კრიტიკული ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის, ასევე იქნება მისი შედეგები.

"მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვალში, ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენი ძალისხმევა საქართველოს მხარდასაჭერად და ასევე მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ საქართველო დგას ძალიან მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე. ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არის ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი და რომ ეს არჩევნები კიდევ ერთი კრიტიკული ტესტი იქნებოდა საქართველოს დემოკრატიისთვის. მეორე ტესტი იქნება ამ არჩევნების შედეგები. სწორედც ამიტომ გადავწყვიტეთ, დავაკვირდეთ ამ არჩევნებს. როდესაც მოგვიწვიეს, მივიღეთ ეს მოწვევა, რადგან საქართველოში ვაკვირდებოდით ყველა არჩევნებს",- თქვა მისიის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ამჟამინდელ განცხადებაში აღნიშნულია რამდენიმე უარყოფითი ელემენტი, რომელიც მისიამ არჩევნების დროს დააფიქსირა:

"პირადად მე რაც მაწუხებდა, ეს იყო დაძაბული, ძალიან ღრმად პოლარიზებული გარემო, ასევე დაშინების და ზეწოლის შემთხვევები საარჩევნო უბნების გარეთ, ხმის ფარულობის დარღვევა და არათანაბარი პირობები, ასევე განხეთქილებების შემომტანი რიტორიკა. ჩემი მოვალეობაა, მოვამზადო ანგარიში, რათა ასამბლეამ ახლიდან შეაფასოს და გადასინჯოს ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ მხარდაჭერას ვუწევთ ქართველ ხალხს, ვისაც უნდა დემოკრატიული საქართველო",- თქვა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა.

მან განმარტა, რომ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსისგან ცალკე მოქმედი სტრუქტურაა და საუბრობს არა NATO-ს, არამედ სწორედ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სახელით.

რა თქვა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა

ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანტონიო ლოპეზ ისტურიზმა განაცხადა, რომ "ქვეყანაში დემოკრატია დაღმასვლას განიცდის და სამწუხაროდ, ამის მტკიცებულებები ვნახეთ".

"ჩვენ გვესმოდა ძალადობის, დაშინების, სიძულვილის ენის შემთხვევების შესახებ ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. მმართველმა პარტიამ სცადა, რომ სამართლებრივი გზებით აეკრძალა ოპოზიციური პარტიები.[...] იყო ნიშნები იმის, რომ თითქოს ეცდებოდნენ არჩევნებით მანიპულირებას, ასევე იყო ინფორმაცია მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე იყო ზეწოლა საჯარო მოხელეებზე, რომ მიეღოთ მონაწილეობა კამპანიის ღონისძიებებში. ჩვენ სხვადასხვა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მოხდა დოკუმენტების კონფისკაცია. უნდა აღინიშნოს ახლად ჩამოყალიბებული ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც კამპანიის განმავლობაში პოლიტიკური მიზნებისთვის იყო ინსტრუმენტალიზებული. ყველა ეს ძალისხმევა და ნაბიჯი ქმნის მთლიან სურათს, რომ ეს ყველაფერი კარგად იყო დაგეგმილი და მთლიანი ორკესტრირებული სქემა არსებობდა.

ჩვენთვის გასაოცარი იყო, რომ დავინახეთ კამერები უბნებზე, რაც არ არის გათვალისწინებული ამჟამინდელი კანონმდებლობით. ჩვენმა, ევროპარლამენტარების გუნდმა, ასევე დაინახა და შეამჩნია დაძაბულობა და ქაოსი. ერთ შემთხვევაში, ბიულეტენების ჩაყრა მოხდა ყუთში. ასევე, იყო დარღვევები, გაიყვანეს დამკვირვებლები და მედიის წარმომადგენლები. გადახიეს დამკვირვებლების საჩივრები. ხდებოდა ამომრჩევლების დაშინება, როგორც საარჩევნო უბანზე, ასევე მის გარეთ. ასევე იყო ზეწოლა მოქალაქე დამკვირვებლებზე და ხმის ფარულობა ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებას დემოკრატიის მიმართ, ქვეყნის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავთ, რომ საქართველოში დემოკრატია დაღმა სვლას განიცდის და სამწუხაროდ, ამის მტკიცებულებები ვნახეთ. იყო ასევე მტრული დამოკიდებულება, დაშინება და კენჭისყრის დღეს რაც ვნახეთ, ამან შეიძლება, ძირი გამოუთხაროს პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში. მნიშვნელოვანია ის, რომ შეტყობინებები დარღვევების შესახებ იქნას გამოძიებული და სათანადო რეაგირება მოხდეს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განახორციელოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, რაც გამოხატა მისიამ. გუშინ ქართველებმა მისცეს ხმა პარტიებსა და კოალიციებს და ეს არის ფუნდამენტური უფლება. მიუღებელია დემოკრატიისთვის, რომ აკრძალული იქნას ოპოზიციური პარტიები. განვაგრძობთ ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას“, - განაცხადა ანტონიო ლოპეზ ისტურიზმა.

27 ოქტომბერს პრეს-კონფერენცია გამართეს ამერიკულმა ორგანიზაციებმაც – „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა“ (NDI), რომელთაც ერთობლივი სადამკვირვებლო მისია ჰქონდათ.

ამავე თემაზე: NDI/IRI –არჩევნების შედეგზე დარღვევების ზეგავლენაზე: "ეს იყო ბევრი ნაკლოვანებებით დატვირთული არჩევნები, თუმცა საბოლოო პასუხის გაცემა ნაადრევია"

ცნობისთვის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 27 ოქტომბრის 11:00 სთ-სთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99%-ის (3111–დან 3100) შედეგები და წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

  • "ქართული ოცნება" – 54,08 % (1 117 480 ხმა).
  • „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.92% (225 680 ხმა);
  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12% (209 137 ხმა);
  • „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.78% (181 424 ხმა);
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 7.76% (160 354 ხმა);
  • „გირჩი“ - 3,01% (62 217 ხმა);
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,44% (50 463 ხმა);
  • „ლეიბორისტული პარტია“ - 0,72% (15 057 ხმა).

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

4 ოპოზიციური სუბიქტიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. "ძლიერ საქართველოში" კი განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები აცდენილია მოქალაქეების ნებას. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S