ალიევმა კობახიძეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა
27/10/2024 07:48:33 პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა და აზერბაიჯანში მიიწვია.
„ამ კენჭისყრით საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების მიმართ. მჯერა, რომ არჩევნების შედეგები ემსახურება საქართველოს ყოვლისმომცველ განვითარებას და კეთილდღეობას [...] და აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მდგრად განვითარებას“, - წერს ალიევი.
მანამდე, წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე კობახიძეს სოციალური ქსელით მიულოცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრიმა ვიქტორ ორბანმა.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნებში 54,273% (1 114 936 ხმა) მიიღო.
ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს. არჩევნების დამკვირვებლებმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც განაცხადეს არჩევნების გაყალბების შესახებ.


