
“ოცნების" აქციის დაწყებამდე თავისუფლების მოედნიდან მიუსაფარი ძაღლები წაიყვანეს
23/10/2024 10:41:40 საზოგადოება
“ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების დაწყებამდე თბილისში, თავისუფლების მოედნიდან მიუსაფარი ძაღლები წაიყვანეს. ამის შესახებ “პროექტი ცხოველებისთვის” დამფუძნებელი მარიამ ცერცვაძე წერს.
"თქვენმა სამსახურმა “ოცნების აქციის” წინ მოხიკა მიუსაფარი ძაღლები, ჩატენა მანქანაში და წაიყვანა. ხოდა იქნებ აგვიხსნათ რა პროტოკოლია? სად აჩერებთ და როდის აბრუნებთ? როგორ უზრუნველყოფთ რომ თქვენ ბანძ თავშესაფარში ჭირს არ აიკიდებენ? თუ ცხოველებზე და მათ სტრესზე ზრუნავთ 20 ოქტომბერს რატომ არ იზრუნეთ და წაიყვანეთ? ან ცრემლსადენი გაზის დროს სად იყავით?? ჩვენ რომ ვასულიერებდით ძაღლებს?” – დაწერა მარიამ ცერცვაძემ.
ძაღლების გადაყვანა დაადასტურა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ:
"დიახ, თავისუფლების მოედნიდან მუნიციპალურ თაშესაფარში გადაყვანილია რამდენიმე აქ ბინადარი ცუგა, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, დაგეგმილია წინასაარჩევნო დასკვნითი ღონისძიება. ხალხმრავლობამ და ხმაურმა შესაძლოა, გამოიწვიოს მათი დაბნეულობა, დააფრთხოს ისინი, ან შესაძლოა, მოხდეს დაკბენა და სხვა. ამიტომ, მათსავე უსაფრთხოების მიზნით, ისინი თავშესაფარში სრულად იზოლირებულ სივრცეში ერთად იმყოფებიან და დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ უკან დაბრუნდებიან".
ცნობისთვის: დღეს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში აქციას მართავს.