
ვინ რისთვის მიდის "ოცნების" აქციაზე: "ვმუშაობ და საჭიროა"; „სააკაშვილის დასამხობად"; "იმისთვის მივდივარ, რომ ხალხს ყურადღება მოგვაქციონ"
23/10/2024 09:40:11 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე დასასწრებად პარტიის მხარდამჭერები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან თბილისში ავტობუსებითა და მსუბუქი ავტომობილებით მიემართებიან.
დედაქალაქში ზუგდიდიდან გაემგზავრნენ პარტიის ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, აქტივისტები და საჯარო მოხელეები. მათი თქმით, მხარს უჭერენ მმართველ გუნდს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა.
"მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ ინარჩუნებს მშვიდობას. კურსი არის აღებული დადებითისკენ… თავიდან ბოლომდე ყველაფერი გაკეთებული არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, კურსია აღებული იქეთკენ, რომ გაკეთდეს ბევრი რამ და საქართველო დარჩეს, როგორც ქვეყანა და არა ვინმეს ვასალი“, - განუცხადა "რადიო თავისუფლებას" ლადო ქვარცხავამ, ზუგდიდის მერის წარმომადგენელმა მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში.
როგორც "რადიო თავისუფლება" იუწყება, პარტიის მხარდამჭერების ნაწილის თქმით, დედაქალაქში „სააკაშვილის დასამხობად მიემგზავრებიან“.
დედაქალაქში მოემართებიან ბათუმიდანაც.
"შემომთავაზეს უფასოდ წაგიყვანო და 2 წელია, არ ვყოფილვარ და რაზე არ წავალ?", - ამბობს, "მთავარი არხის" ცნობით, ერთ ერთი მოქალაქე ბათუმიდან.
"ქვეყანას ვჭირდები და მივდივარ, აქციას აუცილებლად დავესწრები", – აცხადებს ერთ–ერთი ადგილობრივი.
"თუ სხვებისთვის შეიძლება აქციაზე, რატომ არ შეიძლება ჩემთვის? მივდივარ ჩემი ნებით, არავის დაუძალებია", – აცხადებს კიდევ ერთი მოქალაქე ბათუმიდან.
გურიიდან მომავალი ერთ–ერთი მოქალაქე, "ტვ პირველის" ცნობით, აცხადებს, რომ "მუშაობს და საჭიროა აქციაზე წასვლა":
"ვმუშაობ და საჭიროა. არავის დაუვალებია. მთავრობა დღეს ესაა და სჭირდებათ და რა ვიცი".
"ეს ღვინოა, თუ გინდა დაგალევინებ. თბილისში მიმაქვს, იქ ვცხოვრობ, აქციაზე არ მივდივარ", – აცხადებს ერთ–ერთი მოქალაქე გურიიდან.
"ქალაქში მივდივარ ექიმთან", - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
"იმისთვის მივდივარ, რომ ხალხს ყურადღება მოგვაქციონ. არიან ვეტერანები, რომლებსაც საშუალება არ აქვს, ზოგი ჩაწოლილია და წამალიც არ ჰყოფნის. დახმარება არანაირია, ერთი ფინანსია 100 ლარი", – აცხადებს ერთ–ერთი მოქალაქე გურიიდან.
ცნობისთვის: დღეს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში აქციას მართავს.