პაპუაშვილი – "ოცნების" ბანერებზე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე: "ესეც არის ჩარევა საარჩევნო პროცესში"
07/10/2024 07:22:00 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიერ „ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "საარჩევნო პროცესში ჩარევად" აფასებს.
„ბატონი ჰერჩინსკის განცხადება, რომელმაც მან "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" უწოდა იმ საარჩევნო ბანერებს. ესეც არის ჩარევა საარჩევნო პროცესში, ვინაიდან ხდება ერთი მხარის, თუნდაც საარჩევნო ბანერების შეფასება და ის, რატომღაც, არ აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან წარმოებულ კამპანიას და ვნახეთ მათი ბანერებიც, როგორც გაკრული ქალაქში, ისე მცირე პოსტერები, რომელსაც ხან სოციალური მედიით ავრცელებენ. ამ მხრივ, არის, ასევე, ფარისევლური მისი განცხადებაც, ვინაიდან, ჩვენ გვახსოვს, რომ მან აღმაშფოტებელი არ უწოდა FactCheck თანამშრომლის მხრიდან პარლამენტის წევრზე საჯარო სივრცეში მივარდნას და თავდასხმას იმიტომ, რომ ეს თანამშრომელი ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება; მან სამარცხვინო არ უწოდა "სირცხვილია" თანამშრომლების მხრიდან პოლიტიკური თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის და შეურაცხყოფის ზარებს, იმიტომ, რომ „სირცხვილია” ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მა შემზარავი არ უწოდა "JAMnews”–ის ჟურნალისტის მხრიდან გავრცელებულ ბანერს, სადაც იგი 84 ტვიით გვემუქრებოდა პარლამენტის წევრებს იმიტომ, რომ "JAMnews” ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამიტომ, როდესაც დააპირებენ სხვები, რომ ჩვენს თვალში ბეწვი მოძებნონ, ჯერ საკუთარ თვალში მოძებნონ, არის თუ არა იქ დირე. ეს არის სამწუხარო, ფარისევლური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ", – აცხადებს პაპუაშვილი.
"იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი", - ასე შეაფასა 4 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები, რომელზეც უკრაინის განადგურებული შენობაბია გამოსახული და საზოგადოებას ომსა და მშვიდობას შორის "არჩევანს" ამ გზით სთავაზობს.


