ჰერჩინსკი - "ოცნების" ბანერებზე: აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი!
04/10/2024 08:46:24 პოლიტიკა
იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი, - ასე შეაფასა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები, რომელზეც უკრაინის განადგურებული შენობაბია გამოსახული და საზოგადოებას ომსა და მშვიდობას შორის "არჩევანს" ამ გზით სთავაზობს.
ელჩი გამოვიდა შეხსენებით, რომ თუ საქართველოსა და ევროკავშირში მშვიდობაა, ეს სწორედ უკრაინელი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლის დამსახურებაა.
„როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვართ გულგრილი- უკრაინაში გაუმართლებელი, არალეგალური და მზარდად ბრუტალური შეჭრის შემდეგ რუსეთის მხრიდან, ჩვენ ავირჩიეთ მხარე, ჩვენ დავდექით უკრაინის გვერდით, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, იმიტომ, რომ უკრაინელები არა მხოლოდ იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის, საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ იბრძვიან ყველა ჩვენგანისთვის. ისინი იბრძვიან კანონზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისთვის. ასე რომ, თუ მეკითხებით ბილბორდების შესახებ, ნება მომეცით, გითხრათ - ვფიქრობ, რომ ისინი იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი! ჩვენ გვაქვს მშვიდობა უკრაინაში, საქართველოსა და ევროკავშირში უკრაინელი ხალხის მსხვერპლის წყალობით და ისინი იმსახურებენ ჩვენს უკიდურეს პატივისცემას“, - თქვა ელჩმა.
ცნობისთვის: თბილისში გამოჩნდა პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები წარწერით: "არა ომს, აირჩიე მშვიდობა". ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი. ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი - ფერადი.
კიდევ ერთი პლაკატზე მარცხნივ გამოსახულია განადგურებული მარიუპოლის თეატრი, მარჯვნივ - სენაკის თეატრი, რომელიც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "ქართუ ფონდის" მიერაა რეაბილიტირებული.
ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც ომის დროს დანგრეული უკრაინული შენობებია გამოსახული, გადახაზულია შემდეგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები:
4 - „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“
5 - „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“
9 - „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
25 - „გახარია საქართველოსთვის“.
"ასეთი შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს, “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ!", – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ბანერებს.


