პრემიერ–მინისტრი სენატორ ჯინ შაჰინს ტყუილის თქმაში ადანაშაულებს
13/09/2024 07:52:50 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინს ტყუილის თქმაში ადანაშაულებს.
"გუშინ სენატში გამართულ მოსმენაზე ჯინ შაჰინმა თქვა ტყუილი. მან თქვა, რომ თითქოს, ჩვენ მოვითხოვეთ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტა, რაც არის ტყუილი. იქ საუბარი იყო ერთ რამეზე, რომ, როდესაც ჩვენ გვთხოვენ დეპოლარიზაციას, არ შეიძლება, ამერიკული ფულით ფინანსდებოდეს საქართველოში რადიკალიზმი და პოლარიზაცია. ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის, ჩაკითხვაც მოვისმინეთ, კონგრესმენის მხრიდან, ვგულისხმობდით თუ არა ჩვენ კრიტიკის დაფინანსების შეწყვეტას, რაზეც მე დავაკონკრეტე და ეს უნდა ახსოვდეს მას [ შაჰინს], რომ არ იგულისხმებოდა კრიტიკის დაფინანსების შეწყვეტა და იგულისხმებოდა პოლარიზაციის და რადიკალიზმის დაფინანსება – არ შეიძლება ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს პოლარიზაცია და რადიკალიზმი. როდესაც ამის შემდეგ სენატორი ასეთ ტყუილს კადრულობს და შეურაცხყოფას აყენებს ამერიკის სენატს – ასეთ უძვირფასეს ინსტიტუტს, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, ძალიან სამწუხარო პირადად ჩემთვის", – განაცხადა კობახიძემ.


