შაჰინი: ერთადერთი თხოვნა, რომელიც პრემიერს ჩვენთან ჰქონდა იყო ის, რომ აშშ-ს შეეწყვეტა იმ არასამთავრობოების დაფინანსება, რომლებიც საქართველოს მთავრობისადმი კრიტიკულები არიან
12/09/2024 16:07:28 პოლიტიკა
ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ["დემოკრატიული პარტია"] სენატში გამართულ მოსმენაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე მას სთხოვა, აშშ-მა შეწყვიტოს მთავრობისადმი კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება.
სენატორმა შაჰინმა ეს პირველად ერთი კვირის წინ განაცხადა, რაც პრემიერმა კობახიძემ უარყო და „ტყუილი“ უწოდა.
შაჰინმა ამჯერად დააზუსტა, რომ სენატორები პრემიერს ეკითხებოდნენ, რა შეიძლება, გაკეთდეს იმისათვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გაუმჯობესდეს, კობახიძეს კი „მხოლოდ ერთი თხოვნა ჰქონდა“:
"შეხვედრაზე, რომელიც [საქართველოს] პრემიერ-მინისტრთან გვქონდა, აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროის რეგრესის საკითხი წამოვწიეთ, რაზეც “უცხოური აგენტების” კანონის მიღებამ იმოქმედა. მოვუწოდეთ მას, რომ დაფიქრდეს გზებზე, რითაც მომავალში საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობების განხილვა შეგვეძლება, რომლებიც თანხმედრაში იქნება ქართველი ხალხის მისწრაფებებთან და უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ნამდვილად დამწუხრებული ვარ, ვინაიდან, ერთადერთი თხოვნა, რომელიც მას ჩვენთან ჰქონდა იყო ის, რომ აშშ-ს შეეწყვეტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც საქართველოს მთავრობისადმი კრიტიკულები არიან".


