Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა უკავშირდება საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, საუბარია სარეცხ მანქანებზე

ირაკლი კობახიძე: უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა უკავშირდება საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, საუბარია სარეცხ მანქანებზე

09/09/2024 07:26:55 პოლიტიკა

ელჩის გაწვევისგან განსხვავებით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალურად, ეს არ არის იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც 2022 წელს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით იყო მიღებული.

„მაშინ ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ, იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია ელჩი საქართველოდან. ეს იყო პოლიტიკური აქტი. ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს ამსაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები. ეს ჩაითვალა არაადეკვატურად, მიმდინარე ომის ფონზე და ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ანუ, განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოდან დროებითი რწმუნებული გაიწვია. მიზეზად დასახელდა ის, რომ " "ხარიშინს აბსოლუტურად არ ესმის ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალიები".

უკრაინას ორ წელზე მეტია, საქართველოში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ჰყავს.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ერთ კვირაში – 2022 წლის 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თბილისიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

2022 წლის მარტის ბოლოს ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან ელჩ იჰორ დოლჰოვის გაწვევის დოკუმენტს, ივნისში კი იგი თანამდებობიდან საერთოდ გაათავისუფლა.

2023 წლის ივლისში კიევი დატოვა საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა უკრაინის მოქალაქე, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩისთვის პროტესტის გამოცხადება და 48 საათში ქვეყნის დატოვების შეთავაზება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S