უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოდან დროებითი რწმუნებული გაიწვია
09/09/2024 04:44:13 პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სიბიგამ სოციალურ ქსელში დაწერა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად 5 სექტემბერს დანიშნულმა სიბიგამ 8 სექტემბერს ელჩებთან და კონსულებთან თათბირის შემდეგ გამოაცხადა, რომ საქართველოში დროებით რწმუნებულს გრძელვადიანი მივლინება შეუწყვიტა. მან მიზეზად ის დაასახელა, რომ "ხარიშინს აბსოლუტურად არ ესმის ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალიები".
გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მინისტრის მოადგილე ირინა ბოროვეცი.
ელჩებთან და კონსულებთან თათბირის შემდეგ სიბიგამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინული დიპლომატიის უპირობო პრიორიტეტია იარაღი და თავდაცვის ძალების სხვა საჭიროებები. მინისტრის თქმით, ელჩებს განუსაზღვრა მუშაობის ეფექტიანობის კრიტერიუმები - კონკრეტული შედეგები, გამბედაობა და პროაქტიულობა.
უკრაინას ორ წელზე მეტია, საქართველოში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ჰყავს.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ერთ კვირაში – 2022 წლის 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თბილისიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.
2022 წლის მარტის ბოლოს ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან ელჩ იჰორ დოლჰოვის გაწვევის დოკუმენტს, ივნისში კი იგი თანამდებობიდან საერთოდ გაათავისუფლა.
2023 წლის ივლისში კიევი დატოვა საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა უკრაინის მოქალაქე, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩისთვის პროტესტის გამოცხადება და 48 საათში ქვეყნის დატოვების შეთავაზება.


