მოსკოვში აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მიერთებაზე ალაპარაკდნენ

05-09-2024 11:29:46 კონფლიქტები

სანამ საქართველოს მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ მოქალაქეებს ბუნდოვან საფუძველზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის "ნებისმიერ წუთს" აღდგენის შესაძლებლობაზე ესაუბრება და "ამისთვის მზაობის უზრუნველსაყოფად" საკონსტიტუციო უმრავლესობას სთხოვს, მოსკოვში, რომელთან დაახლოების "პრაგმატულ პოლიტიკასაც" "ქართული ოცნება" თვეების განმავლობაში ასაღებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთ-ერთ საკვანძო ფაქტორად, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან მიერთების შესაძლებლობაზე საუბრობენ.

იხილეთ ასევე:

ცხინვალი: "ჩვენ რუსული სამყაროს განუყოფელი ნაწილი ვართ... რაც ადრე გააცნობიერებს ამას თბილისი, მით უკეთესი მისთვის"

მოსკოვი "ოცნებისგან" სოხუმისა და ცხინვალის აღიარებას მოითხოვს

როგორც NEWS.ru-სთან საუბრისას სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა, "მსგავსი საკითხების გადაჭრა ხალხს რეფერენდუმის გზით შეუძლია".

"აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და სხვა იმ სუვერენული ქვეყნების საკითხები, რომელთაც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაერთიანება სურთ, სახალხო რეფერენდუმების გზით უნდა გადაწყდეს. მსგავს გადაწყვეტილებებს ხალხები იღებენ და არა სახელმწიფოთა ხელმძღვანელები. ამგვარად, თუ ჩატარდება სახალხო რეფერენდუმები და მოსახლეობა გამოთქვამს რუსეთთან მიერთების სურვილს, შემდეგ უკვე დაიწყება იურიდიული პროცედურა ყველა შესაბამისი საკონსტიტუციო ნორმის გასაფორმებლად" - განაცხადა ვოდოლაცკიმ.

ცნობისთვის: რუსეთმა, რომელიც აფხაზეთის მიერ საქართველოს ამ რეგიონის ანექსიაზე მიმართული "რიგი ვალდებულებების" შეუსრულებლობით უკმაყოფილოა, სოხუმზე ზეწოლა გაზარდა და ფინანსურად თითქმის სრულად მასზე დამოკიდებულს 1 სექტემბრიდან დაფინანსება შეუწყვიტა. ამასთან, როგორც აღინიშნა, ეს "მხოლოდ პირველი ნაბიჯია".

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ამ დრომდე რუსეთში რჩება და ოფიციალური ინფორმაციით, "რიგი შეხვედრები აქვს დაგეგმილი". სოხუმში კი გრძელდება სკანდალი, რომელიც რუსული მხარის მიერ ბჟანიასთან ამასწინანდელი შეხვედრის შემდეგ შედგენილი ოქმის სოცქსელში გაჟონვამ გამოიწვია: ოქმი, რომელიც აფხაზური მხარისადმი 4 მოთხოვნას შეიცავს, "ულტიმატუმად" შეფასდა. აფხაზური ოპოზიცია დე-ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს.

იხილეთ ასევე: მოსკოვის ულტიმატუმი ბჟანიას

თუმცა მოსკოვი პოზიციის შერბილებას აშკარად არ აპირებს. რუსი პოლიტიკოსები არ მალავენ, რომ აფხაზი პედაგოგებისთვის, მედიკოსებისა და დე-ფაქტო ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის განკუთვნილი სოცგადახდების შეწყვეტის გადაწყვეტილება იყო პასუხი სოხუმის განგრძობად ურჩობაზე, კერძოდ, დე-ფაქტო პარლამენტის "პოლიტიკაზე, რომელიც რესპუბლიკაში არსებულ საინვესტიციო კლიმატსა და რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს აზიანებს".

ამასთან, მოსკოვი, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მსგავსად, ხელს დასალეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორისკენ იშვერს და ცდილობს, საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს სოხუმის მიერ რუსული მხარის მოთხოვნების ამ დრომდე დაუკმაყოფილებლობა შედეგია "აფხაზეთში მოქმედ გარედან მართულ არასამთავრობო სექტორს დაქვემდებარებული აქტიური უმცირესობის ძალისხმევისა, რომელიც ყველაფერ რუსულის წინააღმდეგაა მიმართული".

"აფხაზური პარლამენტი უკვე საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავს არიდებს რუსეთ-აფხაზეთის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას - მაგალითად, არ აღიარებს აფხაზეთში რუსული საარბიტრაჟო სასამართლოების იურისდიქციას. ამ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტი დიდი ხანია, აფხაზურ პარლამენტში იმტვერება და დეპუტატები, რომლებიც პოპულისტურ განწყობებსა და რუსეთისადმი უნდობლობის აღვირახსნილ კამპანიას არიან აყოლილები, მას ამ დრომდე არ ამტკიცებენ. თავად ამ კამპანიას კი აწარმოებს მცირე, თუმცა საკმაოდ აქტიური ჯგუფი (მათ შორის - რამდენიმე დეპუტატიც), რომელიც რუსეთთან ნებისმიერ შეთანხმებას ეწინააღმდეგება და "აფხაზეთის სუვერენიტეტის ხელყოფად" რაცხავს. ეს ჯგუფი, რომელიც დასავლური გრანტებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურ ანტირუსულ კამპანიას დაექვემდებარა, მიზანმიმართულად აზიანებს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებს და აფხაზეთის მოსახლეობას ეს უნდა ესმოდეს. დიდი იმედი მაქვს, მოსახლეობა ფერებს არჩევს და მიხვდება, ვინ მართალია, ვინ - დამნაშავე" - განაცხადა "Газете.Ru"-სთან საუბრისას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა.

აფხაზეთის დასჯის ანალოგიური მიზეზები დაუსახელა დღეს რუს ჟურნალისტებს მისმა კოლეგამ - სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსეი ჩეპამ.

"სოხუმი არაერთგზის იქნა გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ პოლიტიკა, რომელიც საინვესტიციო კლიმატსა და ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს აზიანებდა, სოციალურ სფეროზე მოახდენდა გავლენას" - აღნიშნა მან.

ამასთან, ჩეპას მტკიცებით, "უკვე არსებობს აღქმა იმისა, როგორ გამოსწორდეს ვითარება":

"უკვე არსებობს იმის აღქმა, რა უნდა გაკეთდეს და როგორ, რათა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები კვლავინდებურად მტკიცე დარჩეს. ვიცით, რომ წინ უნდა ვიაროთ, რომ საჭიროა ნაკლები პიარი და მეტი საქმე" - დასძინა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები