მოსკოვის ულტიმატუმი ბჟანიას

03-09-2024 16:44:46 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებდა ლავირებას საკუთარი ხალხისა და მოსკოვის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებს შორის, კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება.

ორ ცეცხლს შუა ყოფნა რომ უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა, რთულად პროგნოზირებადი არ ყოფილა. კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, როდის აივსებოდა კრემლის მოთმინების ფიალა. და ის, როგორც ჩანს, აივსო: მოსკოვი ასლან ბჟანიას გუნდს აშანტაჟებს და დაჟინებით მოითხოვს, ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულება საქმით დაამტკიცოს - ბოლოს და ბოლოს, აიძულოს დე-ფაქტო პარლამენტი, მიიღოს რუსეთის მიერ ნაკარნახევი ყველა ის კანონი, რომელიც მოსკოვს ოკუპირებული რეგიონის ანექსიისთვის სჭირდება.

საუბარია, კერძოდ, დე-ფაქტო პრეზიდენტისა და პრემიერის მიერ 2020 წლის ნოებერში რუსულ-აფხაზური “ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების” 45-პუნქტიანი პროგრამის ხელმოწერით ნაკისრ ვალდებულებებზე, მათ შორის - აფხაზური საზოგადოებისთვის განსაკუთრებით სენსიტიურ რამდენიმე საკითხზე.

მათ შორისაა ე.წ. „აპარტამენტების შესახებ” კანონი, რომლის მიღება დე-ფაქტო პარლამენტმა ამა წლის 25 ივლისს მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე განუსაზღვრელი დროით გადადო. კანონპროექტი უცხოელებს (ცხადია, რომ უმთავრესად რუსეთის მოქალაქეებს) აფხაზეთში აპარტამენტების აშენება-შეძენის უფლებას ანიჭებდა. მის საფუძველზე ოკუპირებულ რეგიონში უძრავი ქონების სულ მცირე, 100 000 რუსი მესაკუთრე გაჩნდებოდა და უცხოელთათვის მიწისია და უძრავი ქონების მიყიდვის საკანონმდებლო აკრძალვა, რომელსაც აფხაზები ათწლეულების განმავლობაში რუდუნებით იცავდნენ, საბოლოოდ ჩაბარდებოდა წარსულს. დემოგრაფიული რისკების გარდა, ადგილობრივები ამ კანონს უძრავ ქონებაზე ფასების მოსალოდნელი ზრდისა და მათთვის მიუწვდომლად ქცევის, ასევე აფხაზური ტურისტული ბიზნესის მოსალოდნელი ზარალისა და სხვა რიგი ფაქტორების გამო ეწინააღმდეგებოდნენ.

სოხუმის მიერ ამ დრომდე შეუსრულებელ “ვალდებულებებს” შორისაა ასევე კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, რომლის ანალოგიც, სამწუხაროდ, უკვე კარგადაა ცნობილი ქართული საზოგადოებისთვისაც და ამჟამად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

კიდევ ერთი “სავალდებულოდ მისაღები” კანონი აფხაზეთში უცხოელი (ცხადია, უმთავრესად რუსი) ინვესტორების საქმიანობის ყოველმხრივ გამარტივებას, მათთვის მაქსიმალური შეღავათების დაწესებას ეხება და ამავდროულად ბმაშია აფხაზებისთვის უკვე ხსენებულ ძალზე სენსიტიურ საკითხთან - მიწისა და უძრავი ქონების უცხოელებისთვის მიყიდვასთან.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ამ კანონების მიღების შემთხვევაში ყველაფერს რუსი ოლიგარქები დაეპატრონებიან, აფხაზები კი სამშობლოში უუფლებო უმცირესობად და უცხოელთათვის დაბალანაზღაურებად მომსახურე პერსონალად იქცევიან.

დე-ფაქტო პრეზიდენტი ხსენებულ რუსულ კანონებს თვეების განმავლობაში აქტიურად ლობირებდა და მოსკოვს საკითხის უახლოეს ხანებში გადაჭრას ჰპირდებოდა, თუმცა აფხაზური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დარწმუნება მაინც ვერ შეძლო - და არც ერთი მათგანი ამ დრომდე არაა მიღებული.

მოსკოვი უკიდურესად უკმაყოფილოა და თუ 29 აგვისტოს სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში არაოფიციალურად გავრცელებული დოკუმენტით ვიმსჯელებთ, ბჟანიას აფხაზეთის წინააღმდეგ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით დაემუქრა, რაც, ცხადია, მისი ისედაც არაერთგზის შერყეული მმართველობის დასასრულის დასაწყისად შეიძლება, იქცეს.

საუბარია 19 აგვისტოს მოსკოვში ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს - დიმიტრი კოზაკს შორის გამართული შეხვედრის ოქმზე. დოკუმენტი, რომლის ავთენტურობა ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ აფხაზეთში უკვე რამდენიმე დღეა, განხილვის მთავარ თემად რჩება და კომენტატორების დიდი ნაწილის მიერ “აფხაზეთის სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად” ფასდება, შეიცავს მოსკოვის 4-პუნქტიან ულტიმატუმს - მოთხოვნებსა და მუქარებს.

კერძოდ, ოქმის თანახმად:

  • მოსკოვი სოხუმს 1 სექტემბრიდან დახმარებას უწყვეტს და სანქცია გაგრძელდება მანამ, სანამ აფხაზეთი ა) არ მოახდენს ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთერთაღიარება-აღსრულების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირებას და ბ) არ მიიღებს კანონებს რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა და აპარტამენტების შესახებ;
  • შემოდგომა-ზამთრის პერიოდში აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება ამჯერად ყოველგვარი შეღავათების გარეშე, ყველა დანარჩენის მსგავსად, კომერციულ ფასად განხორციელდება;
  • ასლან ბჟანიამ 20 სექტემბრამდე რუსულ მხარეს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია აფხაზური “პარლამენტის” იმ წევრებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შესახებ, რომლებიც რუსული კანონების მიღება-რატიფიცირებისთვის წინააღმდეგობის გაწევით “რუსეთის ფედერაციის ინტერესებსა და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებს აზიანებენ”, რათა ამ უკანასკნელებს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ.
  • ულტიმატუმის მეოთხე პუნქტი კი რუსეთ-აფხაზეთის საპარლამენტო კონტაქტების მინიმუმამდე შემცირებას შეეხება.

დღეს, 3 სექტემბერს, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა 1 სექტემბრიდან მის მიერ ოკუპირებულ რეგიონს დაფინანსება შეუჩერა და "გარკვეული ვალდებულებების" შესრულება მოსთხოვა. ამასთან, მან ადგიობრივთა მიერ "აფხაზეთის სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად" შეფასებული რუსული ულტიმატუმის ერთგვარ ჩვეულ მოვლენად გასაღება და მეტიც - მოსკოვის გამართლებაც სცადა:

"მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას შესაძლოა, გამოეწვია გარკვეული სანქციები. 1 სექტემბრიდან მათი განხორციელება დაიწყო. უკვე შეჩერებულია გარკვეული სოციალური დაფინანსება, რომელიც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ეს აშკარად პირველი ასეთი ნაბიჯებია. გარდა ამისა, ელექტროენერგიის საფასურის გადახდაც შესაძლოა, კომერციულ ფასში მოგვიწიოს. რაც შეეხება აფხაზეთის პარლამენტის ზოგიერთი დეპუტატისა და ოპოზიციონერისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობას, დღეს მსოფლიოში მოქალაქეობის ჩამორთმევა სავსებით მიღებული სასანქციო პრაქტიკაა. შორს რომ არ წავიდეთ, ამასწინათ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სამ დეპუტატს. ეს რუსული მხარის პრეროგატივაა და ის საკითხი, რომელზეც ჩვენ ვერანაირად ვერ ვიმოქმედებთო“.

მოსკოვში მშვენივრად ესმით, რას უქადის ეს ყველაფერი ბჟანიასა და მის გუნდს, რომელიც სულაც არ ყოფილა კრემლისთვის “ურჩი” პარტნიორი: სწორედ მისი მმართველობის პირობებში დაისაკუთრა რუსეთმა აიბღა, ბიჭვინთის სახელმწიფო სააგარაკე კომპლექსი ასობით ჰა ნიწითა და სანაპირო ზოლიანად, ასევე სოხუმის აეროპორტი, ოჩამჩირეში კი უპრობლემოდ მოიპოვა ძველი სამხედრო ბაზის ახალ - მუდმივი ბაზირების სამხედრო-საზღვაო ბაზად გარდაქმნის უფლება… თუმცა ვისთვისაა საიდუმლო, რომ მოსკოვს მეგობრობა ვასალობად ესმის და რაც მეტს უთმობ, მით მეტს გთხოვს?!

ეს არც თავად ბჟანიასთვის უნდა ყოფილიყო საიდუმლო, მათ შორის - 2020-ში, როცა რუსეთს “ერთიანი სოციალურ-ეკონომიური სივრცის ფორმირებისთვის კანონმდებლობათა ჰარმონიზაციის” 45-პუნქტიან პროგრამაზე უწერდა ხელს. ახლა მას ან ულტიმატუმის შესრულება მოუწევს - აქედან მომდინარე ყველა სავალალო შედეგით, ან ძალაუფლების ნებით დათმობა მოსკოვისადმი კიდევ უფრო ლოიალური ძალებისთვის, რომლებიც აფხაზურ ოპოზიციაშიც მრავლადაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები