Accentnews.ge
ISFED: 16-მა პარტიამ 7.3 მლნ ლარის შემოწირულება მიიღო, აქედან 84% — „ოცნებამ"

ISFED: 16-მა პარტიამ 7.3 მლნ ლარის შემოწირულება მიიღო, აქედან 84% — „ოცნებამ"

04/09/2024 09:43:46 პოლიტიკა

ISFED-მა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მოიცავს 1 ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება.

ISFED ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო ღონისძიებების დაწყებისთანავე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, ძირითადი ოპოზიციური გაერთიანებების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას დაჰპირდნენ. გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების მკვეთრი წინააღმდეგობის მიუხედავად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, რომელსაც თან ახლდა ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერება.

„სამართლიანი არჩევნები” მიუთითებს, რომ ყოველივე აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია და ევროკავშირისა და დასავლური სახელმწიფოების მიერ საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადახედვა მოჰყვა.

ISFED-ის თანახმად, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო ღონისძიებების მიმდინარეობისას დაფიქსირდა წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლისა და ძალადობის რამდენიმე ფაქტი, ასევე საოფისე ფართების დაქირავებისას წარმოშობილი სირთულეები და ოფისზე თავდასხმის შემთხვევებიც.

დაკვირვების პერიოდში „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან სამი მმართველ პარტიას, ხოლო ორი ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებას უკავშირდებოდა.

ISFED მიუთითებს, რომ 2024 წლის 1 ივნისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით 16-მა პოლიტიკურმა პარტიამ 7 395 731 ლარის შემოწირულება მიიღო, რომლის 84%-ზე მეტი მმართველი პარტიის შემოწირულებებზე მოდიოდა.

ანგარიშში წერია, რომ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მოახლოებასთან ერთად, ტრადიციულად, გახშირდა მმართველი პარტიის მიერ მასშტაბური სახელმწიფო პროექტების ინიციირება. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება, მსგავსი ინიციატივების/პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს და შლის ზღვარს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S