კობახიძე: "თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადახედოს გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე"
19/08/2024 13:11:57 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიხაილო ხარიშინის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, უკრაინის ხელისუფლებაა".
„ელჩის გაწვევის მიზეზად დასახელებული იქნა ორი საბაბი, ერთი იყო რუსეთისთვის სანქციების არდაწესება. თქვენ იცით, რომ დღეს უკვე ოპოზიცია აცხადებს ღიად, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ იქნებოდა სწორი. ისინი ახლა, ორი წლის თავზე ჩვენს გზავნილებს იმეორებენ. მეორე საბაბი იყო ის, რომ ჩვენ არ გავგზავნეთ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები. ჩვენ მათი მოთხოვნის მიხედვით უნდა გაგვეგზავნა მებრძოლი მოხალისეები მთავრობის ოფიციალური ნებართვით, ჩვენი თვითმფრინავებით, ეს არ გავაკეთეთ - ამ ორი საბაბით და არა მიზეზით - უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია ელჩი საქართველოდან, შესაბამისად, აშკარაა, თუ რა იყო მოტივი ამ ყველაფრის უკან, რაზეც ღიად საუბრობდნენ მოგვიანებით უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები. თქვენ გახსოვთ, პოდოლიაკი, დანილოვი ღიად მოგვიწოდებდნენ ჩვენ მეორე ფრონტის გახსნისკენ და აქ ძალიან ლოგიკურად იკითხება ის გადაწყვეტილება, რომელიც პირველ მარტს იქნა მიღებული ორი წლის წინ. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს არის სწორედ უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, რაც იყო უკიდურესად არამეგობრული გადაწყვეტილება. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ჩვენ ყველა შემთხვევაში, ასეც და ისეც დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რადგან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს ჩვენგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რა თქვა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა
"როცა უკვე მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, მოულოდნელად საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა. მე მხოლოდ ფაქტებს ვამბობ. უცნაურია და ასეთი რიტორიკა დაემთხვა "პერფორმანსს", რომელიც ანტიუკრაინულმა, პრორუსულმა და იმედი მაქვს, რომ ისინი ანტიქართულიცაა, ძალებმა გამართეს აქ საელჩოს შენობასთან შეურაცხმყოფელი პლაკატებითა და ლოზუნგებით უკრაინასთან მიმართებაში.
სამწუხაროდ, მალე ასეთ რიტორიკას მიმართეს ზოგმა სხვა პოლიტიკოსებმა, ქართველმა, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებისა და საპარლამენტო კორპუსის წარმომადგენლებმა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც, გადაჭარბების გარეშე, სამაგალითო ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე, როგორც სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს და პატივს სცემს სხვა სახელმწიფოებს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნორმალური სახელმწიფო, უკრაინა ვერ დატოვებდა ამ ფაქტებს ყურადღების მიღმა", – განუცხადა მან „ინტერპრესნიუსს".


