Accentnews.ge
ხარიშინი: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს უკრაინა–საქართველოს ოდესღაც სამაგალითო ურთიერთობები

ხარიშინი: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს უკრაინა–საქართველოს ოდესღაც სამაგალითო ურთიერთობები

19/08/2024 09:08:36 პოლიტიკა

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიხაილო ხარიშინის განცხადებით, "იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს უკრაინა–საქართველოს ოდესღაც სამაგალითო ურთიერთობები". ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, "უკრაინას არ ჰყავს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, გასულ წელს კი პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, კიივი დატოვა საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა. როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯებს ელის უკრაინის ხელისუფლება საქართველოსგან ამ სიტუაციის შეცვლასა და დიპლომატების დასაბრუნებლად?", დიპლომატმა შემდეგი განაცხადა:

"ვეცდები თქვენს კითხვას ფაქტებით ვუპასუხო. დასკვნები კი სცადეთ თავად გააკეთოთ, ან ექსპერტებმა სცადონ. ეს ექსპერტების საქმეა. თუკი ახლო წარსულის საკვანძო ფაქტებზე ვსაუბრობთ, 2022 წლის ოქტომბერში, როგორც ცნობილია, უკრაინამ მოიწვია და მიიღო აგრემანი უკრაინაში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნის თაობაზე.

როცა უკვე მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, მოულოდნელად საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა. მე მხოლოდ ფაქტებს ვამბობ. უცნაურია და ასეთი რიტორიკა დაემთხვა "პერფორმანსს", რომელიც ანტიუკრაინულმა, პრორუსულმა და იმედი მაქვს, რომ ისინი ანტიქართულიცაა, ძალებმა გამართეს აქ საელჩოს შენობასთან შეურაცხმყოფელი პლაკატებითა და ლოზუნგებით უკრაინასთან მიმართებაში.

სამწუხაროდ, მალე ასეთ რიტორიკას მიმართეს ზოგმა სხვა პოლიტიკოსებმა, ქართველმა, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებისა და საპარლამენტო კორპუსის წარმომადგენლებმა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც, გადაჭარბების გარეშე, სამაგალითო ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე, როგორც სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს და პატივს სცემს სხვა სახელმწიფოებს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნორმალური სახელმწიფო, უკრაინა ვერ დატოვებდა ამ ფაქტებს ყურადღების მიღმა.

ამასთანავე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინისთვის, საქართველო, ქართველი ხალხი ყოველთვის იყო, არის და დარჩება ძმურ ხალხად და ქვეყნად, რომელთანაც უკრაინა ავითარებდა და განავითარებს ძალიან მჭიდრო ურთიერთობებს თანაბარუფლებიანობის, პარტნიორობის საფუძველზე. სხვანაირად ვერ იქნება.

ამიტომაც ჩვენ, როგორც დიპლომატებს, გვაქვს მოწოდება ამ სიტუაციაში როგორმე დავეხმაროთ ჩვენს უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვაწარმოოთ ნორმალური დიალოგი. ჩვენს დონეზე, დიპლომატიის დონეზე, ბოლო დროის განმავლობაში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჩვენს კოლეგებთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მე მქონდა ორი შეხვედრა. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სხვა ევროპული ქვეყნების დიპლომატებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც ორგანიზებული იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ის ეძღვნებოდა მთავრობის მოხსენებას მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ევროკავშირში მიმავალ გზაზე ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ჩემს კოლეგას საქართველოს საელჩოდან უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს ასევე ცოტა ხნის წინ მიეცა საშუალება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კოლეგებთან ჰქონოდა შეხვედრა, სადაც საქართველოსთვის აქტუალური საკითხების წამოჭრისა და მათზე პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ყველა აღნიშნული შეხვედრა განხორციელდა ორი სამინისტროს ტერიტორიული პროფილური და ფუნქციონალური დეპარტამენტების ხელმძღვანელების, მნიშვნელოვანი, საკვანძო დეპარტამენტების დონეზე.

გვაქვს მოლოდინი, რომ მალე აღდგება ნორმალური, სრულფასოვანი დიალოგი მინისტრების მოადგილეების დონეზე და ეს ყველაფერი გახდება ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების შემდგომი გაუმჯობესებისა და აღდგენის საწინდარი იმ დონეზე, როგორზეც არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო.

მინდა იცოდეთ, რომ უკრაინა არ არის იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები ხორციელდებოდეს ელჩების დონეზე. ამისთვის საჭიროა გარკვეული უარყოფითი ფაქტორებისა და ტენდენციების თავიდან აცილება, რომლებზეც უკვე ვისაუბრე. ბურთი, როგორც ამბობენ, ამჟამად მოედნის ქართულ ნახევარშია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S