რუსეთის ქართული დიასპორის კრემლთან მოთანამშრომლე ლიდერი კურსკში მეომარ ქართველებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს
12/08/2024 07:28:32 პოლიტიკა
რუსეთის ქართული დიასპორის კრემლთან მოთანამშრომლე ლიდერი დავით ცეცხლაძე კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულ შეტევაში მონაწილე ქართველებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ "ეს ქართველების ომი არაა" და რომ "პირადად აღუდგება წინ ქართველების მიერ რუსებისთვის ნასროლ ტყვიებს".
"ასობით ათასი ქართველი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს და ფაქტობრივად ყველა სფეროში მოღვაწეობს, სხვა ხალხებთან ერთად მშვიდობიან თანაცხოვრებასა და მეგობრობაში იქმნის უკეთეს მომავალს, კურსკის ოლქში ქართული ეროვნების "ბოევიკების" გამოჩენა კი თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგაა მიმართული. მოვუწოდებ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლ ყველა ქართველს, იარაღი დაყარონ და საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ! ეს თქვენი ომი არაა! თქვენ არ წარმოადგენთ საქართველოს ოფიციალურად, როცა ქართულ დროშას აფრიალებთ! მე პირადად ჩავალ კურსკში და წინ დავუდგები ტყვიას, რომელსაც რუსებს ესვრით" - განაცხადა ცეცხლაძემ, რომელიც, რუსეთის ქართული დიასპორის ოფიციალური ტელეგრამ-არხის მტკიცებით, "ამჟამად ჩრდილოეთ კავკასიურ ფედერალურ ოლქს სტუმრობს, მერე კი კურსკში აპირებს გამგზავრებას".
ცნობისთვის: ცეცხლაძე, ისევე, როგორც რუსეთში გამდიდრებული რიგი სხვა ქართველები, რომლებმაც ამასწინათ პრორუსული პარტია ჩამოაყალიბეს, კრემლთან აქტიურად თანამშრომლობენ და რეგულარულად მონაწილეობენ "რუსეთ-საქართველოს საქმიანი პალატის" სხდომებში, რომლის არაერთი გადაწყვეტილება, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, უკვე აღსრულდა.
სწორედ მათი "ინიციატივის" საფუძველზე აღდგა ორ ქვეყანას შორის ფრენები, რომლითაც, სტატისტიკის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეები ბევრჯერ უფრო მეტად სარგებლობენ, ვიდრე რუსეთში მცხოვრები ქართველები, რომელთა რაოდენობა, ცეცხლაძისა და სხვა რუსეთუმე ქართველების, მათთან ერთად კი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ცრუ მტკიცების მიუხედავად, არათუ მილიონს არ შეადგენს, არამედ თავად რუსეთის ბოლო საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 200 000-საც კი აღარ აღწევს.
ცოტა ხნის წინ კრემლთან აქტიურად მოთანამშრომლე ეს ახალი პარტია ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და რუსეთ-საქართველოს "სტრატეგიული კავშირის" ჩამოყალიბების აუცილებლობაზეც ალაპარაკდა.


