კრემლთან დაახლოებული ქართველები პუტინსა და კობახიძეს „დასავლური საფრთხის წინააღმდეგ ქვეყნების უპირობო გაერთიანების“ მოწოდებით მიმართავენ
05/08/2024 12:50:13 პოლიტიკა
კრემლთან დაახლოებული წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი მამუკა ფიფია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საქართველოს პ;რემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე მოუწოდებს, "ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გააერთიანონ რუსეთი და საქართველო დასავლეთის წინააღმდეგ, რომელსაც რუსული ცივილიზაციის განადგურება და საქართველოს ომის მორევში შეთრევა აქვს განზრახული". ამის შესახებ მან თელავში, პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" წევრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიფინგს წინ უძღოდა 4 აგვისტოს თელავში პრორუსული ძალების მიერ გამართული შეხვედრა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების წლისთავს მიეძღვნა.
ფიფიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, "სასწრაფოდ და უპირობოდ დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და სტრატეგიული კავშირის ჩამოყალიბებაზე".
"რუსეთს თავს მოახვიეს გადამწყვეტი დაპირისპირება გაერთიანებულ დასავლეთთან, რომელსაც რუსული ცივილიზაციის განადგურება აქვს განზრახული. ამავდროულად დასავლეთი ცდილობს, ომის მორევში ჩაითრიოს საქართველო - პატარა კავკასიური ქვეყანა, რომელიც ამჟამად მას წინააღმდეგობას უწევს, თავის გადარჩენას ცდილობს და პირდაპირი მნიშშვნელობითი იბრძვის, რათა ფიზიკურად არ განადგურდეს. ისტორიული პროცესების რკინის ლოგიკა კვლავაც გადამწყვეტად აყენებს დღის წესრიგში საქართველო-რუსეთის, ქართველი და რუსი ხალხების დაახლოების საკითხს. დროის ვერაგ გამოწვევებთან გასამკლავებლად საქართველომ და რუსეთმა კვლავ უნდა დაძლიონ უთანხმოებები და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გაერთიანდნენ. ჩვენ, ისევე, როგორც ჩვენს წინაპრებს 18-ე საუკუნის ბოლოს, არ გვაქვს სსხვა არჩევანი, თუ არა შევქმნათ ერთიანი სივრცე ყველა გაგებით - როგორც საერთო ეკონომიკური, ისე საერთო კულტურული, საინფორმაციო, სამხედრო-პოლიტიკური. ამის გარეშე შეუძლებელია მყარი მშვიდობის, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა" - განაცხადა ბრიფინგზე ფიფიამ.
მან ისიც აღნიშნა, რომ "მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს საქართველოში უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული, ანტისახელმწიფოპებრივი ძალები კი გადატრიალებას ამზადებენ და თუ ეს გეგმა განხორციელდა, საქართველო დაშლისა და განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება".
"მთელი ქართული საზოგადოებრიობა უნდა გაერთიანდეს და მოემზადოს, რათა პროდასავლური რევანში არ დაუშვას. ამასთან დაკავშირებით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებასაც, დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაიწყოს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად. მივმართავთ ასევე ორივე ქვეყნის ხელისუფლებებს, დაიწყონ პირობების მზადება რუსეთ-საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობების აღსადგენად შემდგომში მოსკოვსა და თბილისს შორის სტრატეგიული კავშირის აღდგენის პერსპექტივით. დროა, აღვადგინოთ უსაფრთხოების საერთო სივრცე!" - დასძინა ფიფიამ.
ცნობისთვის: ბიზნესმენი მამუკა ფიფია საქართველოში სკანდალის მიზეზად ქცეული რუსი დეპუტატის - კომუნისტი სერგეი გავრილოვის ახლო მეგობარია. ამ უკანასკნელის საქართველოში ვიზიტსა და ამჟამინდელ პრემიერ ირაკლი კობახიძის თანხლებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას 2019 წელს თბილისში "გავრილოვის ღამედ" ცნობილი მოვლენები მოჰყვა.
2023 წელს ფიფია საქართველოს პარლამენტს სტუმრობდა და ამის დასტურად გამოაქვეყნა ფოტო წარწერით "ვსწავლობ საქართველოს კონსტიტუციას". როგორც მოგვიანებით გაირკვა, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი "ქართული ოცნების" დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძის მიწვევით მოხვდა.


