
აზერბაიჯანის მოთხოვნით საქართველოში დაკავებული ჟურნალისტი აპელაციისთვის ემზადება
06/08/2024 11:19:09 საზოგადოება
საქართველოში ბაქოს მოთხოვნით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფხან სადიგოვის ინტერესების დამცველები აპელაციისთვის ემზადებიან.
როგორც ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ უთხრა „აქცენტს“, ამ ეტაპზე, შესაბამისი დოკუმენტების მიღების შემდეგ, გასაჩივრდება სადიგოვის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება, რადგან სხვა პროცედურები – საექსტრადაციო – ჯერ დაწყებული არ არის.
აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ირკვევა, რომ დაკავება მოხდა ბაქოს ცნობის საფუძველზე, რომ მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, შეფარდებული აქვს პატიმრობა და რომ ის ძებნაშია გამოცხადებული.
მოსამართლის განმარტებით, სადიგოვს, აღძრული საქმის მიხედვით, ბრალად ედება ადამიანებისგან შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის მიზნით. თავად სადიგოვი ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
ადვოკატი ამბობს, რომ საექსტრადაციო პროცედურების დასაწყებად ქართულმა მხარემ საქმის მასალები უნდა მიიღოს, რის შესაბამისადაც იმსჯელებს სასამართლო.
ის პროცედურების დაწყებას მოკლე დროში არ ელის:
„აზერბაიჯანიდან უნდა მოხდეს მთლიანი საქმის დოკუმენტების გამოთხოვა. ამჟამად რამდენიმე დოკუმენტია მოწოდებული – რომ ძებნაზეა და პატიმრობა აქვს შეფარდებული. უშუალოდ რა მტკიცებულებებზეა საუბარი, რა დანაშაულის ნიშნებია ... ეს უნდა გადმოაგზავნონ, რომ ამის მიხედვით დაიწყოს მსჯელობა. გადმოგზავნილი დოკუმენტები აზერბაიჯანულ ენაზე იქნება შედგენილი, დასჭირდება თარგმნა. ამდენად, ვფიქრობ, ეს დღეს და ხვალ არ მოხდება, თუ რამე სასწაული არ მოხდა“,– ვარაუდობს ადვოკატი და დასძენს, რომ დოკუმენტების მიწოდების შემდეგ, აპელაციის პარალელურად, დაიგეგმება აქტივობა.
აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბრიდან ცხოვრობდა. Amnesty International-ის ინფორმაციით, სადიგოვს აზერბაიჯანში 2020 წლის მაისში 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პოლიტიკურად მოტივირებული გამოძალვის ბრალდებით. იგი 2023 წლის მაისში შეიწყალეს, მაგრამ აწყდებოდა ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და დევნის გამო სამშობლო დატოვა, – აცხადებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია.
სადიგოვის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებამ მას თურქეთში გამგზავრების საშუალება არ მისცა და აცნობა, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო გამგზავრება.