"ყველაფერი მზადაა" – იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ 1 აგვისტოდან დაიწყება „აგენტების კანონით“ გათვალისწინებულ ბაზაში რეგისტრაცია
30/07/2024 08:16:34 პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ უკვე მზად არის ტექნიკური ბაზა, რომელიც აუცილებელი იყო „აგენტების კანონის“ ბაზაში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რეგისტრაციისთვის. ამის შესახებ მან იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
- ამავე თემაზე: იუსტიციის სამინისტრომ "აგენტების კანონის" აღსასრულებლად კანონქვემდებარე აქტი გამოაქვეყნა
„1 აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლების ექცევიან ამ კრიტერიუმებში, შეუძლიათ უკვე განაცხადის გაკეთება. ყველაფერი მზად არის... თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, იცით თქვენ შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას“, - განაცხადა მინისტრმა.
მიუხედავად პარტნიორების კრიტიკისა და მასშტაბური ადგილობრივი პროტესტისა, ხელისუფლებამ საბოლოოდ მაისში მიიღო "აგენტების კანონი", რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელად და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ხელისშემშლელად სახელდება კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება და გამოაცხადა ურთიერთობების გადახედვის შესახებ.
ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონის წინააღმდეგ სამი სარჩელია შესული, ასევე განიხილება დავა ევროპულ სასამართლოში.


