იუსტიციის სამინისტრომ "აგენტების კანონის" აღსასრულებლად კანონქვემდებარე აქტი გამოაქვეყნა
30/07/2024 07:42:10 პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტრომ "აგენტების კანონის" აღსასრულებლად კანონქვემდებარე აქტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი დაემატება. აღნიშნული დეპარტამენტის უფლებამოსილებაში იქნება კანონთან დაკავშირებული საკითხების განხორციელება.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გამოცემული ბრძანების თანახმად, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი ორი სტრუქტურული ერთეულისგან შედგება:
- რეგისტრაციის სამსახური;
- დეკლარირების მონიტორინგის სამსახური.
"დეპარტამენტის ამოცანებია კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა, აგრეთვე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა". - ნათქვამია კანონქვემდებარე აქტში.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
ბ) "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა;
გ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
დ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ე) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა;
ვ) ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
"სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი (მისი მოვალეობის შემსრულებელი) არის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი". - წერია ბრძანებაში.
მიუხედავად პარტნიორების კრიტიკისა და მასშტაბური ადგილობრივი პროტესტისა, ხელისუფლებამ საბოლოოდ მაისში მიიღო "აგენტების კანონი", რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელად და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ხელისშემშლელად სახელდება.
ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონის წინააღმდეგ სამი სარჩელია შესული, ასევე განიხილება დავა ევროპულ სასამართლოში.


