22-07-2024 17:49:02 საზოგადოება
ლუკა კინწურაშვილს, რომელიც პოლიციელებს უკანონო დაკავებასა და ღირსებისშემლახველ მოპყრობაში ადანაშაულებს, მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ მან სამართალდამცველს „თავხედი” უწოდა, როდესაც პოლიციელმა დაკავებისას მოქალაქის თქმით, "გვერდში უჩქმიტა". მოსამართლის განმარტებით, მსგავს ვითარებაში გამოსავალი სამართლებრივი გზაა და არა "შეურაცხყოფა".
კინწურაშვილს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა – მუხლი პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა წინააღმდეგობრივი ჩვენებები მისცეს. კერძოდ, ერთის მხრივ, თქვეს, რომ კინწურაშვილი დააკავეს, ვინაიდან ის მისი იდენტიფიცირების საშუალებას არ აძლევდა პოლიციელებს; მეორეს მხრივ, აღიარეს, რომ ახალგაზრდამ მათ პირადიბის დამადასტურებელი დოკუმენტი მიაწოდა. მოსამართლემ სწორედ ამ გარემოებებს გაუსვა ხაზი. კერძოდ, ვინაიდან სამართადამცველებს ხელთ ჰქონდათ დოკუმენტი, იდენტიფიცირების მიზნით დაკავების საჭიროება არ იდგა. ამ ნაწილში მოსამართლემ საქმე შეწყვიტა.
თავად კინწურაშვილი კი ამბობს, რომ რეალურად პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია მის მიერ პროცესის გადაღების მცდელობამ, ვინაიდან სამართალდამცველები მას იმთავითვე არაეთიკურად ესაუბრებოდნენ.
რაც შეეხება დაკავების კანონიერებას, ამ საკითხზე შსს–ს გენინსპექციამ უნდა იმსჯელოს, სადაც საკითხი გასაჩივრებულია. პარალელურად სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.
იხილეთ ასევე: პოლიციელების მხრიდან დამცირებასა და ძალადობაზე ყვებიან