18-07-2024 19:10:18 საზოგადოება ,სამართალი
"არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, შიშის გრძნობა მაქვს, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ მქონდა – ერთადერთი გამოსავალი და ბერკეტი ეს არის, რომ მივმართო [საგამოძიებო სამსახურს]", - თქვა ლუკა კინწურაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვის შემდეგ.
კინწურაშვილი კიდევ ერთი ახალგაზრდაა, რომელიც პოლიციელთა მხრიდან ღირსების შემლახველ მოპყრობაზე, უსაფუძვლო დაკავებასა და ძალადობაზე საუბრობს. მისი გამოცდილება მსგავსია საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლის თორნიკე ობოლაშვილის „თავგადასავლისა“ პოლიციელების მხრიდან მათთან ავტობუსის გაჩერებაზე დაწყებული კომუნიკაციისა და შემდეგ, მათი ნაამბობის მიხედვით, განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ერთი ინციდენტი მოხდა მუხიანის ტერიტორიაზე 9 ივლისს, მეორე – თემქაზე – 15 ივლისს, ორივე შსს–ს გლდანი–ნაძალადევის რაიონის სამმართველოს საპასუხისმგებლო ზონაა.
თორნიკე ობოლაშვილი
კინწურაშვილის შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის, მეორე ნაწილის, „ბ“–ქვეპუნქტით დაიწყო ახალგაზრდა კაცის გამოკითხვის შემდეგ, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების ხუთიდან რვა წლამდე ვადით აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების სამ წლამდე ვადით ჩამორთმევით.
„ამ ე.წ. საპოლიციო ღონისძიების სრული მიმდინარეობისას მის მიმართა გამოყენებული არაერთი ფრაზა ამარტივებს ამ მოტივის ამოკითხვას: ეს უკავშირდებოდა მის საქმიანობას, ცხოვრების წესს (ვეგანია) – იყო დამცინავი დამოკიდებულება, ქილიკი ცხოველებთან დაკავშირებით, რომ „ხომ არ დალევდა ცხოველის სისხლს“ და ა.შ. აყენებდნენ ღირსების შემლახველ მდგომარეობაში და ეს უკავშირდებოდა კონკრეტულ ჯგუფთან მის კუთვნილებას. ძალიან მნიშვნელოვანია, საგამოძიებო სამსახურმა ეს ნაწილი გამოკვეთოს – სიძულვილით მოტივირებული დანაშაული“.
ლუკა კინწურაშვილი
რაც შეეხება თავად ინციდენტს, შემდეგ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ჩნდება ეჭვი, რომ ახალგაზრდამ ყურადღება მხოლოდ სვირინგებით მიიპყრო.
ადვოკატი გვიამბობს, რომ ახალგაზრდა კაცი ავტობუსის გაჩერებაზე იმყოფებოდა, სწორედ ამ დროს მიუახლოვდა მას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამი პირი და მოითხოვეს პირადობის მოწმობის წარდგენა. ვინაიდან სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი პირების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ახალგაზრდა კაცმა თავად სთხოვა მათ სამსახურებრივი მოწმობის წარდგენა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად სამართალდამცველებთან ჰქონდა საქმე.
„ერთ–ერთმა წარუდგინა სამსახურებრივი მოწმობა და ამის შემდეგ ლუკამაც მიაწოდა თავისი პირადობის მოწმობა. ამ პიროვნებამ გადარეკა, სავარაუდოდ უფროსთან და ინფორმაცია მიაწოდა ლუკასთან დაკავშირებით... იქიდან გამომდინარე, რომ კომუნიკაცია საწყის ეტაპზევე იყო უხეში, დამამცირებელი – მიმართვის ტონი... ლუკამ გადაწყვიტა, მობილურით გადაეღო პროცესი სამომავლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. ამან კიდევ უფრო გააღიზიანა აღნიშნული პირები... შემდეგ უკვე ადგილზე სამსახურებრივი მანქანით მივიდა კიდევ ერთი პოლიციელი, ლუკა კვლავ იღებდა... ამ პოლიციელმა დანარჩენებს საკმაოდ უხეშად (გინებით) მიმართა, რომ დაეკავებინათ ლუკა და ერთ–ერთმა ხელი შეუშალა გადაღების პროცესში“.
შემდეგ, როგორც ადვოკატი გვიამბობს, პოლიციის განყოფილებაში კინწურაშვილს „შესთავაზეს“, რომ თუ ვიდეოს წაშლიდა, გაათავისუფლებდნენ და იზოლატორში აღარ გადაიყვანდნენ: „ლუკა კვლავ საფრთხის ქვეშ გრძნობდა თავს და ჰქონდა ერთადერთი სურვილი, გაცლოდა იქაურობას“, ამიტომ, ვიდეო წაშალა, თუმცა სავარაუდო ხელმძღვანელმა ახალგაზრდა კაცისთვის ხელბორკილის დადება და იზოლატორში გადაყვანა ბრძანა“:
„განყოფილებაში დაახლოებით ორი საათი იმყოფებოდა, გრძელდებოდა დამამცირებელი დამოკიდებულება გარეგნობასთან, საქმიანობასთან დაკავშირებით – ის ცხოველების უფლებების დამცველია და შესამჩნევი „ტატუ“ მის მკლავებზეც, სწორედ ცხოველების უფლებების დაცვას უკავშირდება. ამდენად, მათთვის ადვილად იდენტიფიცირებადი იყო, თუ რა საქმიანობას ეწეოდა ლუკა“.
"განყოფილებაში მეკითხებოდნენ, რას ვფიქრობდი გადახრილებზე, 17 მაისზე, მთავაზობდნენ ცხვრის მოკვლას და სისხლის დალევას (ვეგანი ვარ), რას ვფიქრობდი აბორტზე – ცხოველების სიცოცხლე თუ გადარდებს, ბავშვების(ზიგოტას) “მოკვლას” რატომ ვემხრობოდი და რაც ყველაზე საწყენია, ამას ქალი მეკითხებოდა",– იხსენებდა ახალგაზრდა კაცი.
კინწურაშვილი თბილისიდან გურჯაანის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც 11 ივლისამდე იმყოფებოდა, ხოლო 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლო მის საქმეზე იმსჯელებს – პოლიციელები მას წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
„არც დაკავების და არც სამართალდარღვევის ოქმზე მას ხელი არ მოუწერია, რადგან არ ეთახმებოდა მითითებულ გარემოებებს“,– დასძენს ადვოკატი.