საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი უკანონო დაკავებასა და პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

18-07-2024 10:42:26 საზოგადოება

მოქალაქე თორნიკე ობოლაშვილი პოლიციის მხრიდან უკანონო დაკავებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს.

კერძოდ, როგორც მოქალაქე იხსენებს, პოლიციასთან მისი ურთიერთობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში 15 ივლისს, საღამოს დაახლოებით 17:30 საათისთვის დაიწყო, როდესაც საცხოვრებელი სახლიდან გამოვიდა და მიემართებოდა ავტობუსის გაჩერებისკენ.

"გაჩერებისკენ მიმავალს მომესმა სიტყვები – „ჯიგარო, აქეთ მოიწი“,– იხსენებს მოქალაქე და აღმოაჩინა, რომ სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი ორი მამაკაცი მას მიმართავდა.

"ვკითხე ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, რაზეც მიპასუხეს, რომ იყვნენ პოლიციიდან და სურდათ ჩემი იდენტიფიცირება. ვინაიდან, გარეგნულად არაფერზე ეტყობოდათ, რომ პოლიციელები იყვნენ მოვთხოვე ჯერ თავად წარმოედგინათ შესაბამისი საბუთი, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მაჩვენა თავისი სამსახურებრივი მოწმობა. აღნიშნულის შემდგომ, დავრწმუნდი რა, რომ ნამდვილად პოლიციიდან იყვნენ ჩემი ჩანთიდან ამოვიღე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გამომართვა ერთ-ერთმა მათგანმა. ამ დროს მეორე პოლიციელმა მითხრა, რომ „ტურისტს“ ვგავდი, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და ვთხოვე ახსნა თუ რას გულისხმობდა ამით, რაზეც მიპასუხა, რომ ეს ცუდი განზრახვით არ უთქვამს და კომპლიმენტად უნდა მიმეღო. ამის შემდგომ, ამავე პოლიციელმა მითხრა, რომ ზედაპირულად უნდა შევემოწმებინე, რაზეც დავთანხმდი და ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე საშუალება მივეცი ზედაპირულად შევემოწმებინე. მას შემდეგ, რაც ზედაპირულად შემამოწმა, ამავე პოლიციელმა მითხრა, რომ ჩანთა გამეხსნა, რაზეც უარი განვაცხადე, განვუმარტე, რომ ჩანთაში არაფერი უკანონო არ მედო, რომ ვიყავი იურისტი, ვიცოდი ჩემი უფლებები და რომ თუ ჩემი ჩანთის გახსნა უნდოდათ მაშინ უნდა ეწარმოებინათ ჩხრეკა, შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამის შემდგომ, ამავე პოლიციელი გადავიდა აშკარა მუქარის ტონზე და მითხრა რომ თუ ჩანთას არ გავხსნიდი, მაშინ 3 საათით დამაყოვნებდა ადგილზე და ვერსად წავიდოდი. აღნიშნულზე ვუპასუხე, რომ მისი მუქარა იყო არაკანონიერი და კიდევ რამდენჯერმე მოვითხოვე დაებრუნებინათ ჩემი პირადობის მოწმობა და გავეშვი, რადგან მეგობართან შესახვედრად მაგვიანდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს გადავიღებდი ვიდეო კამერით",– ამბობს მოქალაქე.

ის იხსენებს, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ უბრუნებდნენ პირადობის მოწმობას, მოითხოვდნენ ჩანთის გახსნას. ამის შემდეგ მან მობილური ტელეფონით პროცესის გადაღება დაიწყო.

"როგორც კი დაინახეს, რომ გადაღება მართლა დავიწყე, მაშინვე ორივე შეხმატკბილებულად მომვარდა, ტელეფონი წამართვეს, ხელები ძლიერად გადამიგრიხეს და სწრაფი ტემპით წამიყვანეს მათი მანქანისკენ. მე არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. ამ დროს დავინახე, რომ იქვე იმყოფებოდა ერთი ბიჭი, რომელსაც ვთხოვე ეს ყველაფერი ვიდეოკამერით გადაეღო, მაგრამ მითხრა, რომ მის ტელეფონს კამერა გაფუჭებული ჰქონდა და ვერ გადაიღებდა. სანამ მანქანამდე მივედით გზაზე წამაქციეს და ასფალტზე დამაგდეს, რის შედეგადაც იდაყვიდან და თითებიდან სისხლი წამომივიდა. ამ დროს გავიგე, რომ ერთ-ერთმა მათგანმა რაციით დამხმარე ეკიპაჟიც გამოიძახა. მალევე მანქანის უკანა სავარძელზე ძალით ჩამაგდეს, ერთი პოლიციელი საჭესთან დაჯდა, ხოლო მეორე ჩემს გვერდით და ხელი ძლიერად გადამიგრიხა. ამ დროს დამხმარე ეკიპაჟიც მოუვიდათ და უკანა სავარძელზე კიდევ ერთი პოლიციელი მომიჯდა, რომელმაც მეორე ხელიც გადამიგრიხა. ასე მიმიყვანეს თემქის პოლიციის განყოფილებამდე. მანქანიდან ისევ ძალით გადმომიყვანეს და შემიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.პოლიციის შენობაში შეყვანის შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა აგდებული ტონით მითხრა – „ჰა, ახლა ხო მაინც გახსნი მაგ ჩანთას“. ამაზეც ვუპასუხე რომ მე ჩემი ნებით ჩანთას არ გავხსნიდი და თუ უნდოდათ ენახათ მაშინ უნდა გაეჩხრიკათ. ამის შემდეგ ჩამიყვანეს ქვევით სართულზე, სადაც კამერები არ იყო და დამიწყეს აგდებული ტონით საუბარი, რომ რამდენს ვბედავდი, როცა უარს ვეუბნებოდი ჩანთის გახსნაზე. მე მოვითხოვე განემარტათ სტატუსი, ვიყავი თუ არა დაკავებული, რაზეც ისევ აგდებული ტონით მითხრეს რომ ბორკილები ხომ არ მეკეთა და თუ იურისტი ვიყავი ეს უნდა მცოდნოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიციის შენობის დატოვებაზე უარი მითხრეს და „განმიმარტეს“, რომ ვიყავი არა დაკავებული არამედ შეკავებული (პოლიციის განყოფილებაში). ამის შემდეგ მოვითხოვე ადვოკატთან ზარის განხორციელება, რაზეც მითხრეს, რომ რახან დაკავებული არ ვიყავი, ამიტომ არ მქონდა არც ზარის განხორციელების უფლება და არ დამარეკინეს".

მოქალაქე იხსენებს, რომ ასე გავიდა დაახლოებით ერთი საათი, ამ დროის განმავლობაში მასთან არაერთი პოლიციელი მივიდა და მოითხოვდა ჩანთის გახსნას, "მეუბნებოდნენ – თითქოს ვალდებული ვიყავი, რომ ჩანთა გამეხსნა და რომ არ გახსნის მიზეზი მხოლოდ ის შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ შიგნით რაღაც უკანონოს ვინახავდი".

"ამის შემდეგ ჩამოვიდა ისევ ის პოლიციელი, დამიბრუნა ჩემი ტელეფონი და მითხრა, რომ უფლება მქონდა დამერეკა ადვოკატთან. მე გამოვართვი ტელეფონი და როგორც კი მას ბლოკი მოვხსენი, უკნიდან მეორე პოლიციელი მომეპარა, ტელეფონი წამართვა და გაიქცა, ხოლო დანარჩენმა პოლიციელებმა მითხრეს რომ სკამზე დავრჩენილიყავი და არ გავნძრეულიყავი. მიუხედავად ამდენი და ასეთი სახის უკანონობისა, შევძელი თავის ხელში აყვანა და მშვიდად განვაგრძე მოცდა (სხვა რაღა დამრჩენოდა..). აშკარა იყო, რომ სურდათ ჩემს ტელეფონში არსებული პირადი ინფორმაციის ნახვა იმ იმედით, რომ იქნებ რამე უკანონოსაც გადაყროდნენ. ამის შემდეგ ჩემთან ჩამოვიდა კიდევ ერთი პიროვნება, რომელმაც თავი გამაცნო განყოფილების უფროსად და მითხრა თავიდან მომეყოლა ყველაფერი. მეც დავიწყე თავიდან ყველაფრის მოყოლა, მაგრამ ლაპარაკისას მაჩერებდა და მეუბნებოდა ხელები არ მექნია და მშვიდად მესაუბრა ( ხელები ისედაც გაჩერებული მქონდა და მშვიდად ვსაუბრობდი). განყოფილების უფროსს ყველაფერი დეტალურად მოვუყევი (ის, რომ უკანონოდ წამართვეს ტელეფონი, უკანონოდ დამაკავეს, მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მექცეოდნენ აგდებულად და რომ ტელეფონი მეორედ წამართვეს (ამჯერად განბლოკილ მდგომარეობაში) და დიდი ვარაუდით უკანონოდ აგროვებდნენ ჩემს ტელეფონში არსებულ პირადი ხასიათის ინფორმაციას და ვთხოვე დაებრუნებინათ ჩემი ტელეფონი და მოეცათ უფლება, დამერეკა ადვოკატთან, რაზეც მან მიპასუხა, რომ მომეცადა და თვითონ აუცილებლად გაერკვეოდა საქმის ვითარებაში. ასევე, მკითხა თუ სად ვმუშაობდი და ვუთხარი რომ ვიყავი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი, რის შემდეგაც მისი სახის გამომეტყველებაზე უკმაყოფილება შევნიშნე. საბოლოოდ წავიდა იმ პირობით რომ საქმის დეტალებში მალე გაერკვეოდა და მთხოვა მომეცადა მის დაბრუნებამდე".

მოქალაქე იხსენებს, რომ 1 საათის გასვლის შემდეგ კვლავ მივიდა მასთან რამდენიმე პოლიციელი და უთხრეს, რომ "წინააღმდეგობას გაწევას აზრი არ ჰქონდა და ჩანთა გამეხსნა":

"ამაზე ვუთხარი, რომ მე წინააღმდეგობა არცერთ ეტაპზე არ გამიწევია და რომ მე თვითონ ჩანთას კვლავ არ გავხსნიდი და თუ უნდოდათ თავად გაეჩხრიკათ. ამის შემდგომ გამომართეს ჩანთა და დაიწყეს მისი გაჩხრეკა და ვიდეო გადაღება. მათდა სამწუხაროდ, არც ჩანთაში აღმომაჩნდა რაიმე სახის უკანონო ნივთი. სამაგიეროდ აღმოჩნდა ჩემი სამსახურებრივი მოწმობა, რომელზეც ეწერა, რომ ნამდვილად ვიყავი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფროსი თანაშემწე. აღნიშნულის შემდგომ, ჩემს მიმართ აქამდე არსებული აგდებული ტონი ძირეულად შეიცვალა და დაიწყეს, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომ თუ მე თავიდანვე ვანახებდი მათ ჩემს სამსახურებრივ მოწმობას ისინი მაშინვე გამიშვებდნენ და ეს „გაუგებრობაც“ არ მოხდებოდა.. მეტი დამაჯერებლობისთვის ერთ-ერთმა მათგანმა დაიგინა :დ. ასევე მითხრეს, რომ თითქოს ჩვენ ერთ საერთო საქმეს ვემსახურებოდით და ბევრი საერთო გვქონდა :დ (კენდრიკს მეტი საერთო აქვს დრეიკთან ვიდრე მე ყველა იმ პოლიციელთან, რომლებიც ასეთ უკანონობას სჩადიან, არღვევენ ადამიანის უფლებებს და აზიანებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტს.ამის შემდგომ ჩემთან მოვიდა კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც გამეცნო როგორც გამომძიებელი და მითხრა რომ დგებოდა ჩემი დაკავების ოქმი და რომ დაახლოებით 1 საათში შევძლებდი პოლიციის შენობის დატოვებას, თუმცა დარეკვის საშუალება არც მან მომცა, რადგან, მისი აზრით, ადვოკატის საჭიროება არ იყო".

მოქალაქე იხსენებს, რომ დაახლოებით 1 საათში მასთან კვლავ ის პოლიციელი მივიდა, რომელმაც დააკავა და უთხრა, ხელი მომეწერა დაკავების ოქმზე, რაზეც უარი მიიღო, მოქალაქის განმარტებით, 2 მიზეზის გამო:

"ა) ძალიან რთულად ან საერთოდ არ იკითხებოდა ოქმში რა ეწერა;

ბ)რისი წაკითხვაც მოვახერხე იყო ტყუილი, კერძოდ, ოქმში ეწერა, რომ მე დაკავებისთანავე განმემარტა ჩემს მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი და დაკავების საფუძველი, რომ მქონდა საშუალება, ჩემი დაკავების ფაქტი მეცნობებინა ახლობლებისთვის".

"როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, არათუ ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა არ მომცეს, ისიც კი არ განმიმარტეს, რომ ვიყავი დაკავებული და არა შეკავებული. ასევე, ოქმში რაც გავარჩიე მედავებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც თითქოს გამოიხატა იმაში, რომ არ მივეცი ზედაპირული შემოწმების ჩატარების შესაძლებლობა. [...] ასევე ოქმში წერია, რომ თითქოს პოლიციელებს ვესაუბრებოდი ცინიკურად, რაც ასევე ტყუილია, თუ ცინიზმში იმას არ გულისხმობენ, რომ ვიცოდი კანონში რა ეწერა და მოვუწოდებდი კანონის შესაბამისად ემოქმედათ.საბოლოოდ, 4 საათზე მეტი დროის განმავლობაში ვიყავი უკანონოდ დაკავებული, არ მომცეს უფლება დამერეკა, რის გამოც ბევრ ჩემთვის ძვირფას ადამიანს, მათ შორის ასაკოვან ბებიას, მოუწია ნერვიულობა. გამიჩხრიკეს ტელეფონი, ფოტო-ვიდეოსურათების განყოფილებაში ჩასულები იყვნენ წინა წლის გაზაფხულამდე :დ. არ ვიცი კიდევ რა სახის ინფორმაციას გაეცნენ. ასევე წაშლილი დამხვდა ის რამდენიმეწამიანი ვიდეო, რომლის გადაღებაც მოვასწარი სანამ ტელეფონს წამართმევდნენ".

მოქალაქე ამბობს, რომ მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს იმისთვის, რომ "ამ პოლიციელებმა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი მათ მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე". მან მივმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ელის მათგან ადეკვატურ რეაგირებას.