რა კომენტარს აკეთებს სახდეპი ვაშინგტონში სუს–ის უფროსის ვიზიტზე
01/07/2024 19:42:26 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ეხმიანებიან გავრცელებულ ცნობებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ. შესაბამისი განცხადება ამჯერად პრეს–სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა დეპარტამენტში გამართულ პრეს–კონფერენციაზე გააკეთა.
კერძოდ, მას ჟურნალისტმა აშშ-ში ქართველი ოფიციალური პირების ვიზიტების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სტუმრობის შესახებ დაუსვა შეკითხვა.
„რაც შეეხება საქართველოს, ამ ბრიფინგის ოთახში ცოტა ხნის წინ მიღებულ ზოგიერთ კანონზე საუბარს დიდი დრო დავუთმეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე, საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომელთაც გვსურს ამ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში პრიორიტეტი მივანიჭოთ. როდესაც საქმე ამ კონკრეტულ კანონს ["აგენტების კანონს"] ეხება, თქვენ მოისმინეთ, როგორც ჩემგან, ისე მეთიუსგან [მილერი] იმ ბევრი საკითხის შესახებ, რომელიც გვაქვს და მოისმინეთ იმის შესახებ, როგორ მიგვაჩნია, რომ ეს საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და გვაქვს სხვა საკითხები, რომლებსაც, ეჭვი არ გვეპარება, რომ მათთან აუცილებლად განვიხილავთ“, - განაცხადა პატელმა.
ამავე თემაზე: "ოცნებისა" და ოპოზიციის რეაქცია "აშშ–ში ივანიშვილის პერსონალური შიკრიკის გაგზავნაზე".


