"ოცნებისა" და ოპოზიციის რეაქცია "აშშ–ში ივანიშვილის პერსონალური შიკრიკის გაგზავნაზე"
01/07/2024 12:27:38 პოლიტიკა
"ქართულ ოცნებაში" ეხმიანებიან პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმად, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი აშშ–ში "პერსონალურ შიკრიკად" გააგზავნა. მართალია, გახარია სახელსა და გვარს ან სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა მოგვიანებით, „ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა".
„ეს იყო ყოველწლიური ოფიციალური ვიზიტი, ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტი იყო უსაფრთხოების მიმართულებით. თავადაც თქვა [12 ივნისს, პარლამენტში] - გრძელდება პარტნიორობა და ვგეგმავთ საინტერესო თანამშრომლობის ახალ ეტაპებსო - ამასთან დაკავშირებით იყო წასული“,- იტყობინება „ინტერპრესნიუსი" სუს–ზე დაყრდნობით.
რას ამბობენ "ოცნებაში"
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას "სისულელეს" უწოდებს.
მისი თქმით, "ეს არ იყო პარტიული ვიზიტი, ლილუაშვილი არ წარმოადგენს პარტიის აქტივისტს":
"არ მეგონა, გიორგი გახარია თუ ასე დაბლა დაეცემოდა და ნულს ქვემოთ, იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა - რა სისულელეებს ლაპარაკობს! რა შიკრიკი?! ბატონი გახარია ზრდილობასთან ერთად, ლოგიკასაც მოისაკლისებს! [...] ეს პარტიული ვიზიტი არ იყო, ლილუაშვილი პარტიის აქტივისტს არ წარმოადგენს და პარტნიორებთან გაცილებით უფრო სიღრმისეული საკითხებია განსახილველი, რაც უსაფრთხოებას ეხება. სპეციალურ სტრუქტურებს - თავდაცვის სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურებს შორის ძალიან ინტენსიური, მჭიდრო ურთიერთობები არსებობს, რაც მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არ ეხება. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს ტერორიზმთან ბრძოლის, სხვადასხვა საფრთხეების დაძლევის მიმართულებით. თუ ლილუაშვილი აშშ-ში ამასთან დაკავშირებით იმყოფებოდა, არ ვიცი, ამას შიკრიკი რატომ ჰქვია. უშიშროების სამსახურს რაც ევალება, იმას აკეთებს".
რას ამბობენ ოპოზიციაში
თავის მხრივ, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ "ბიძინა ივანიშვილს მცდელობა ექნება, რომ როგორმე დაალაგოს ურთიერთობა აშშ-სთან, თუმცა, მან "წითელი ხაზები" უკვე ბოლომდე გადაკვეთა". შესაბამისი განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
"ივანიშვილს, რა თქმა უნდა, მცდელობა ექნება, რომ როგორმე დაალაგოს ურთიერთობა [აშშ-სთან], მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მან წითელი ხაზები უკვე ბოლომდე გადაკვეთა. ერთადერთი, რაც მას უშველის, ეს არის ხელისუფლებიდან მშვიდობიანი წასვლა და მისი გადაბარება დემოკრატიული ძალებისთვის. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ეს მისთვის გამოსავალი გახდეს ამ მძიმე ვითარებიდან, რაშიც თვითონ ჩაიყენა თავი“.
"ლელოს" წევრი დეპუტატის სალომე სამადაშვილის შეფასებით, "სრულიად შესაძლებელია, რომ ლილუაშვილი აშშ-ში ჩასულიყო ივანიშვილის პირადი დავალების შესასრულებლად და არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დღის წესრიგის დასაცავად":
"უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც კოორდინირებულად მუშაობს მთელი სახელმწიფო მანქანა ივანიშვილის ინტერესების მომსახურებისთვის, ჩვენ რეალურად, ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს იმაზე, თუ როგორ ხდება სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება ივანიშვილის პირადი ინტერესების მომსახურებისთვის“, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, "იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა აღდგეს, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება".
„საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დაფუძნებულია ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომელსაც ივანიშვილმა არაერთხელ უღალატა. ახლა მისი პერსონალური ემისიის გაგზავნა ვაშინგტონში, ვეღარ შეცვლის იმას, რომ მისი და მისი ხელისუფლების ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან კომპრომეტირებულია. აშშ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს და გვერდით უდგას ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკური სტრუქტურებისთვის, თუმცა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა აღდგეს, ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება და არა ივანიშვილის მარიონეტებისა და ემისრების ვაშინგტონში გაგზავნა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


