Accentnews.ge
გახარია: ივანიშვილს მთავრობის წარმომადგენელი პერსონალურ შიკრიკად ჰყავს გაგზავნილი აშშ-ში, შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ როგორმე გაიგონ იქ რა ხდება

გახარია: ივანიშვილს მთავრობის წარმომადგენელი პერსონალურ შიკრიკად ჰყავს გაგზავნილი აშშ-ში, შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ როგორმე გაიგონ იქ რა ხდება

01/07/2024 11:24:27 პოლიტიკა

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი "პერსონალურ შიკრიკად" გააგზავნა. გახარია სახელსა და გვარს ან სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ ამბობს, რომ პირი, რომელიც ამერიკაში გაიგზავნა ძალოვან სტრუქტურას წარმოადგენს.

მისი თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკამ სანქციები დააწესა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.

"ჩვენი ხელისუფლება აქ რომ პოზებში დგას, რომ აი, ჩვენ რაღაც, ჩვენი სუვერენიტეტი, სხვისი აზრი არ გვაინტერესებს, გულში მჯიღებს რომ ირტყამენ, სინამდვილეში იმდენად შეშინებულები არიან, შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ როგორმე გაიგონ მაინც იქ რა ხდება. ახლაც მორიგი შიკრიკი ჰყავდათ გაგზავნილი, ფოსტალიონი, საკმაოდ მაღალი დონის, ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად გაგზავნილი ჰყავს იქ. ჯობდა, რომ არ გაეგზავნა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას, როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია", - განაცხადა გახარიამ.

მოგვიანებით, „ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

„ეს იყო ყოველწლიური ოფიციალური ვიზიტი, ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტი იყო უსაფრთხოების მიმართულებით. თავადაც თქვა [12 ივნისს, პარლამენტში] - გრძელდება პარტნიორობა და ვგეგმავთ საინტერესო თანამშრომლობის ახალ ეტაპებსო - ამასთან დაკავშირებით იყო წასული“,- იტყობინება „ინტერპრესნიუსი" სუს–ზე დაყრდნობით.

"ოცნების" რეაქცია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციას "სისულელეს" უწოდებს.

მისი თქმით, "ეს არ იყო პარტიული ვიზიტი, ლილუაშვილი არ წარმოადგენს პარტიის აქტივისტს":

"არ მეგონა, გიორგი გახარია თუ ასე დაბლა დაეცემოდა და ნულს ქვემოთ, იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა - რა სისულელეებს ლაპარაკობს! რა შიკრიკი?! ბატონი გახარია ზრდილობასთან ერთად, ლოგიკასაც მოისაკლისებს! [...] ეს პარტიული ვიზიტი არ იყო, ლილუაშვილი პარტიის აქტივისტს არ წარმოადგენს და პარტნიორებთან გაცილებით უფრო სიღრმისეული საკითხებია განსახილველი, რაც უსაფრთხოებას ეხება. სპეციალურ სტრუქტურებს - თავდაცვის სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურებს შორის ძალიან ინტენსიური, მჭიდრო ურთიერთობები არსებობს, რაც მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არ ეხება. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს ტერორიზმთან ბრძოლის, სხვადასხვა საფრთხეების დაძლევის მიმართულებით. თუ ლილუაშვილი აშშ-ში ამასთან დაკავშირებით იმყოფებოდა, არ ვიცი, ამას შიკრიკი რატომ ჰქვია. უშიშროების სამსახურს რაც ევალება, იმას აკეთებს".

ოპოზიციის რეაქცია

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ "ბიძინა ივანიშვილს მცდელობა ექნება, რომ როგორმე დაალაგოს ურთიერთობა აშშ-სთან, თუმცა, მან "წითელი ხაზები" უკვე ბოლომდე გადაკვეთა". შესაბამისი განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

"ივანიშვილს, რა თქმა უნდა, მცდელობა ექნება, რომ როგორმე დაალაგოს ურთიერთობა [აშშ-სთან], მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მან წითელი ხაზები უკვე ბოლომდე გადაკვეთა. ერთადერთი, რაც მას უშველის, ეს არის ხელისუფლებიდან მშვიდობიანი წასვლა და მისი გადაბარება დემოკრატიული ძალებისთვის. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ეს მისთვის გამოსავალი გახდეს ამ მძიმე ვითარებიდან, რაშიც თვითონ ჩაიყენა თავი“.

"ლელოს" წევრი დეპუტატის სალომე სამადაშვილის შეფასებით, "სრულიად შესაძლებელია, რომ ლილუაშვილი აშშ-ში ჩასულიყო ივანიშვილის პირადი დავალების შესასრულებლად და არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დღის წესრიგის დასაცავად":

"უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც კოორდინირებულად მუშაობს მთელი სახელმწიფო მანქანა ივანიშვილის ინტერესების მომსახურებისთვის, ჩვენ რეალურად, ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს იმაზე, თუ როგორ ხდება სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება ივანიშვილის პირადი ინტერესების მომსახურებისთვის“, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S