
"ნიღბებით იყვნენ, წიხლებს მირტყამდნენ" – აბდუშელიშვილი მასზე თავდასხმის შესახებ საუბრობს
25/06/2024 16:08:56 საზოგადოება
"ზოდის გადარჩენისთვის" წევრი კოტე აბდუშელიშვილი მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ საუბრობს. საუბარია სოფელ ზოდზე, სადაც მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებასა და გაცემული ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვს მოსახლეობა.
მისი თქმით, თავდასხმა თბილისში, 51-ე სკოლის წინ მოხდა.
აქტივისტი ყვება, რომ სამი ნიღბიანი უკნიდან დაესხა თავს, წააქციეს და ურტყამდნენ.
"მანქანის გადაღება შევძელი. ფრანგული ნომრებით იყო, ფიტით. ახლა პოლიციაა მოსული, სურათები გადაუღეს... წაქცევის დროს სამი ადამიანი შემდგა და კიდევ კარგი აქ ხალხი იყო და სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი..., - ამბობს აბდუშელიშვილი.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავს დაესხნენ სამოქალაქო აქტივისტ ნიკო გაფრინდაშვილს, რომელიც ასევე ამ მოძრაობის წევრია.
გაფრინდაშვილი მომხდარს 30 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირებს, რომელიც სოფელ ზოდში მანგანუმის მოპოვებით სამუშაოების შეჩერებასა და გაცემული ლიცენზიის გაუქმებას უკავშირდება.