ჰერჩინსკი: უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების ალბათობა დაბალია, რადგან ეს, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს შეეხება და ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს
06/06/2024 13:28:22 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, "უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების ალბათობა არის, თუმცა – დაბალი, რადგან ეს, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს შეეხება და ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს".
"მე არა ერთხელ განმიცხადებია და გადამიცია შესაბამისი მოწოდებები ევროკავშირშიც, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს და საფასური გადაიხადოს იმისთვის, რაც მათ არ გაუკეთებიათ. პირიქით, ისინი აპროტესტებდნენ ["აგენტების კანონს'] და ამ პროტესტს ჩვენ ახლაც ვხედავთ. აქედან გამომდინარე, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების ალბათობა არის, თუმცა – დაბალი, სწორედ იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს შეეხება. რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, აქ თამასა მაღალია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებმა კონსენსუსით უნდა მიიღონ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სახელებს. ეს სახელები კი წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარადგინონ, რომელსაც ყველა უნდა დაეთანხმოს. მე თუ შემეკითხებით, ეს [ინდივიდუალური სანქციების დაწესება] ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი", – განაცხადა, "ფორმულას" ცნობით, დიპლომატმა.


