ელჩი: "ჩვენ შევთანხმდით ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოსთან, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვით, ამ კანონის მიღების შემდეგ ეს პირობები გადაიხედება"
05/06/2024 06:36:43 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედება. ამის შესახებ მან MOVEMENT-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"ჩვენ შევთანხმდით ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოსთან, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვით. ახლა კი, "გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მიღების შემდეგ, ეს პირობები გადაიხედება. ექვსი თვით მის შეჩერებას წევრი ქვეყნების ხმების კვალიფიციური უმრავლესობის ნახევარზე ცოტა მეტი სჭირდება. არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის ხმა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ [ წევრი სახელმწიფოები]. ჩემი პრობლემა, როგორც ევროკავშირის ელჩის არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, მოქალაქეები იზარალებენ, რადგან ისინი უკვე მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის პირობებით. ხალხს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, ეს კი ნამდვილად არ არის ევროკავშირის მიზანი. ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მისაღებია მომდევნო კვირებში", - განაცხადა ელჩმა.


