Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე –"აგენტების კანონზე": ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის კონსტიტუცია

ირაკლი კობახიძე –"აგენტების კანონზე": ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის კონსტიტუცია

06/06/2024 11:44:20 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "აგენტების კანონი" არის "საქართველოს სუვერენიტეტის კონსტიტუცია".

„კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო მზაობა, დავსხდეთ, საჯარო დისკუსიის ფორმატში, ნებისმიერ სუბიექტს მოვუწოდებ. იქნებიან ეს დიპლომატები, უცხოელი პოლიტიკოსები, ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსები, ახალგაზრდები თუ ნებისმიერი სხვა. ყველას მოვუწოდებ, ერთად დავსხდეთ, გავმართოთ საჯარო დისკუსია, საზოგადოების თვალწინ, პირდაპირ ეთერში. ეს არის ჩემი მოწოდება. სამწუხაროდ, ყველა გაურბის საჯარო დისკუსიას, რატომ? - იმიტომ, რომ ალტერნატივა გამჭვირვალობას არ აქვს. შეუძლებელია გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გვქონდეს რაიმე ნეგატიური ობიექტური შეფასება. ამიტომ გაურბიან ისინი საჯარო დისკუსიას ამ თემასთან დაკავშირებით. ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი კანონი, ეს არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რაც, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენი სუვერენიტეტის შემდგომ განმტკიცებაში. აქედან გამომდინარე, მე ამ კანონს ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას. ეს კანონი არის საქართველოს სუვერენიტეტის კონსტიტუცია. ამიტომ არ მოსწონთ ვიღაცებს, ვიღაცებს არ სურთ, რომ იხილონ საქართველო უფრო მეტად ძლიერი, სუვერენული, თუმცა ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ იმ კანონს, რასაც ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას. ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაც კარგია საფრანგეთში, ამერიკაში, ცუდია საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ლოგიკური. ყველა გაურბის საჯარო დისკუსიას, არგუმენტები ჩვენ მხარესაა. მათ შორის, ერთ-ერთი არგუმენტია საერთაშორისო პრაქტიკა, არგუმენტია თვითონ კანონის დახვეწილი შინაარსი, ამის გამო რეალურად ვერავინ შემოდის საჯარო დებატებში ამ კანონთან დაკავშირებით. ყველამ უნდა გაკეთოს საკუთარი დასკვნები, იმასთან დაკავშირებით რატომ გრძელდება უხეში, უსაგნო კრიტიკა“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ორი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს. პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და "აგენტების კანონი" საბოლოოდ მიიღო.

3 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „აგენტების კანონს“ ხელი მოაწერა. კანონი ძალაში უკვე შევიდა. როგორც მან აღნიშნა, 4 ივნისიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს შეიმუშავებს, ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის. მისივე თქმით, 60 დღის შემდეგ დადგება უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების დარეგისტრირების ვალდებულება, რა დროსაც მათ 2023 წელს მიღებული შემოსავლები უნდა დაადეკლარირონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S