Accentnews.ge
ჰერჩინსკი – "აგენტების" შესახებ კანონპროექტზე: . "ეს არც ევროპულია და არც ამერიკული"

ჰერჩინსკი – "აგენტების" შესახებ კანონპროექტზე: . "ეს არც ევროპულია და არც ამერიკული"

11/04/2024 08:05:46 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ "აგენტების" შესახებ კანონპროექტი "არც ევროპულია და არც ამერიკული".

დიპლომატის თქმით, "გამჭვირვალობაზე ლეგიტიმური ზრუნვა არ უნდა იქცეს საბაბად, რომ მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზება და მათთვის სივრცის შეზღუდვა".

"ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებულები. გამჭვირვალობაზე შესახებ ლეგიტიმური ზრუნვა არ უნდა იქცეს საბაბად, რომ მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზება და მათთვის სივრცის შეზღუდვა. სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. მარტივად რომ ვთქვა, ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის არც ევროპული და არც ამერიკული კანონი და ამის შესახებ ამერიკის ელჩმაც ისაუბრა. მე მესმის, რომ შეიძლება, იყოს ზრუნვა გამჭვირვალობაზე და ჩვენ ყველანი გამჭვირვალობის მომხრეები ვართ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეზღუდვის ხარჯზე, რადგან ისინი ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის", – განაცხადა ელჩმა.

როგორც მან აღნიშნა, ეს კანონპროექტი ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებთან შეუთავსებელია.

ჰერჩინსკის თქმით, იმედი აქვს, მოიძებნება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციის, მარგინალიზებისთვის გვერდის ავლის გარეშე.

„როგორც არის ახლა, ეს შეუთავსებელია და განსაკუთრებით ამჟამინდელ კონტექსტში, ევროკომისიისთვის ძალიან რთული იქნება, გააკეთოს დადებითი შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში. მესმის, რომ ეს არის მხოლოდ წინადადება, იქნება დისკუსიები, რომლებიც გაგრძელდება რამდენიმე კვირა, შესაძლოა, რამდენიმე თვეც კი. გულწრფელად ვიმედოვნებ, მოიძებნება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციის, მარგინალიზებისთვის გვერდის ავლის გარეშე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ დემოკრატიაში, მათ შორის, საქართველოში, ევროკავშირის წევრობის გზაზე მიმავალ ქვეყანაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S