
გია დვალი – "აგენტების" შესახებ კანონპროექტზე: ამას კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან, ეს არის კონტროლის მექანიზმი
11/04/2024 06:32:01 პოლიტიკა, საზოგადოება
ფიზიკოსი და მეცნიერი გია დვალი აცხადებს, რომ "აგენტების" შესახებ კანონპროექტს კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან.
მისი თქმით, ეს არის კონტროლის მექანიზმი.
„არ ველოდი, რომ ამ კანონის ინიცირება მოხდებოდა, თუმცა რაღაც სიურპრიზები ყოველთვის მოსალოდნელია. გასაგებია, ამერიკამ საერთოდ რომ არაფერი არ გვითხრას და იგივე, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა, ჩვენ ხომ გვესმის, ეს კანონი რამხელა კატასტროფაა. [...] ამას კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან. ევროპას და საერთოდ სახელებს რომ თავი დავანებოთ, ეს არის კონტროლის მექანიზმი. ერთ-ერთი არგუმენტი ასეთი მომისმენია, რომ გამჭვირვალობა ცუდია?! რაღაც საზღვრის შემდეგ, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა აღარ არის გამჭვირვალობა, ვინაიდან ის გადადის ტოტალურ კონტროლში”, - განაცხადა გია დვალმა და დასძინა, რომ დიდი იურისტობა არ არის საჭირო იმისათვის, რომ მიხვდე “ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები შემდეგ საითკენ მიდის”.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?