Accentnews.ge
ძიძების ასოციაცია: „აგენტების" შესახებ კანონი ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის დაცინვაა

ძიძების ასოციაცია: „აგენტების" შესახებ კანონი ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის დაცინვაა

09/04/2024 16:31:22 საზოგადოება

საქართველოს ძიძების ასოციაციაში აცხადებენ, რომ მათნაირი ორგანიზაციებისთვის "აგენტების" შესახებ კანონპროექტი დაცინვა და თვალში ნაცრის შეყრაა.

მათი თქმით, ფონდებთან თანამშრომლობით მოაეხერხეს პროფკავშირის შექმნა და საქმიანობა.

ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ძიძების და საოჯახო მშრომელების პროფკავშირული ასოციაციის შექმნის იდეით სამი წლის წინ გავერთიანდით.

ჩვენი მიზანი იყო და არის, გვემუშავა ოჯახში დასაქმებული ქალების საერთო ინტერესებისთვის - ძიძების და დამხმარეების უკეთესი შრომითი პირობებისთვის, სოციალური უსაფრთხოებისთვის.

ორი წელი ძირითადად ენთუზიაზმით ვიმუშავეთ. პირველი კვლევა საოჯახო მშრომელებზე CTC-ის დახმარებით გავაკეთეთ. შემდეგ პირველი თანამშრომლობა მარიამ ჭანჭალეიშვილთან და ბიოლის ფონდთან გვქონდა. მარიამი დღემდე ჩვენი მეგობარი და გულშემატკივარია. შემდეგ მალევე იყო სამოქალაქო საზოგადოების ფონდის თანადგომა.

დაახლოებით ერთი წელია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და პროგრესული ფორუმის მხარდაჭერით შევძელით უფასოდ ხელმისაწვდომი გაგვეხადა იურიდიული და პროფესიული დახმარება, დაგვეწყო საზოგადოებრივი კამპანია საოჯახო მშრომელების უფლებების და ღირსების დასაცავად.

ფინანსური დახმარება მივიღეთ იმისთვის, რისი კეთებაც საჭიროდ და აუცილებლობად მიგვაჩნდა და დღემდე ყველაფერი, რასაც ფულით ვაკეთებთ, მშრომელების საჭიროებებს და ინტერესებს ემსახურება.

ფინანსური დახმარების ფარგლებში ასოციაციაში ამჟამად სრულ განაკვეთზე მუშაობს ორი ადამიანი - მათი ხელფასი ძიძის საშუალო ხელფასის ტოლია. მაგრამ კიდევ 4 ადამიანი მუშაობს ენთუზიაზმით, ანაზღაურების გარეშე.

ჩვენი ტიპის პროფკავშირული ასოციაციები, ჩვეულებრივ, წევრთა საწევრო გადასახადებით ფინანსდება უცხოურ ქვეყნებში, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ეს თითქმის შეუძლებელია. შეუძლებელია დაბალი ხელფასების, უღირსი საცხოვრებელი პირობების და უწესო საბანკო პროცენტების გამო.

კვლევა, რომელზეც ახლა ვმუშაობთ და რომელიც საოჯახო მშრომელების შრომით პირობებს სწავლობს, აჩვენებს, რომ ძიძების და დამხმარეების უმრავლესობას არ შეუძლია, თუნდაც ხელფასის 1 პროცენტი გადაიხადოს საწევროს სახით ჩვენნაირი გაერთიანების შესანარჩუნებლად.

სწორედ ამიტომაა, რომ მიღებული ფინანსური დახმარება ანაცვლებს იმას, რისი გაცემაც ჩვენს წევრებს ამ დრომდე არ შეუძლიათ.

აგენტების კანონპროექტი - შეცვლილი სახელით - ჩვენთვის და ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის დაცინვაა, თვალში ნაცრის შეყრაა, როცა ვხედავთ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი შეიძლება გეწოდოს იმის გამო, რომ შენი ქვეყნის არასახალხო პოლიტიკის და ეკონომიკის პირობებში პოულობ რესურსს და შესაძლებლობას ფუნქციონირებისთვის, შრომის პირობის გაუმჯობესებისთვის, ღირსებისთვის".

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S