
15 აპრილს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტთან აქცია გაიმართება
09/04/2024 15:42:30 პოლიტიკა, საზოგადოება
ორშაბათს, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის პარალელურად, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენა არის ჩანიშნული, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება.
როგორც აქციაზე შეკრებილებს განაცხადეს, დღეს იყო მარში და ამით ბრძოლა არ დამთავრებულა.
“ეს არის რამდენიმე ეტაპიანი ბრძოლა. კიდევ იქნება ბევრი ეტაპი და კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს შეკრება. ამისთვის ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ამისთვის ვიგეგმებით. ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ! ორშაბათს ვიკრიბებით ისევ აქ, პარლამენტთან. ორშაბათს არის პირველი საკომიტეტო მოსმენა”,- განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
აქცია პარლამენტის წინ საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?