
შშმ პირები – ხელისუფლებას: "თუ უცხოელი პარტნიორები დატოვებენ საქართველოს, ჩვენ რადარებიდან გავქრებით"
08/04/2024 09:44:23 საზოგადოება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ მიიღოს ე.წ. აგენტების შესახებ კანონი.
მათი თქმით, თუ მმართველი პარტია ამ კანონს მიიღებს, მაშინ არა მარტო არასამთავრობო სექტორს და მედია ორგანიზაციების მუშაობას შეექმნება საფრთხე, არამედ დაირღვევა შშმ პირთა უფლებებიც.
"თუ უცხოელი პარტნიორები დატოვებენ საქართველოს, ჩვენ რადარებიდან გავქრებით […]. რუსეთს უნდა ქართული საზოგადოება განუვითარებელი, დაბეჩავებული და გატეხილი და თუ შიგნით არსებული სეგმენტებიც დაბეჩავდებიან ცალ-ცალკე, ბევრად გაუმარტივდებათ მათ ჩვენი სახელმწიფოს სატელიტად ქცევა. შესაბამისად, ჩვენ, შშმ პირთა ნაწილს, ნამდვილად არ გვსურს ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ინვალიდებს დაგვიძახებენ. ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ ინვალიდები. არ გვინდა, გავხდეთ ინვალიდები, რადგან გვინდა, ვიყოთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სახელმწიფოსთვის რაღაცები ვაკეთოთ და ამ შესაძლებლობისთვის ჩვენ გვჭირდება ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვაძლევენ. არა რუსულ კანონს და არა პრორუსულ ქმედებებს!”, – ამბობს ანა სიხაშვილი.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?