
დასავლელი ლიდერები – "კროკუს სითი ჰოლზე" მომხდარ თავდასხმაზე: "ვერაფერი გაამართლებს ასეთ საზარელ ძალადობას"
23/03/2024 09:48:18 მსოფლიო
მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმას, რომელსაც ბოლო მონაცემებით, 93-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის დასავლელი ლიდერები გმობენ.
"გაერთიანებული სამეფო მკაცრად გმობს მომხდარ ტერაქტს. ჩვენ გულწრფელ და ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებთ მრავალი დაღუპულის ოჯახებს. ვერაფერი გაამართლებს ასეთ საზარელ ძალადობას", – აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი.
მსგავსი განცხადება გაავრცელა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც:
"ჩვენ ვგმობთ საშინელ ტერორისტულ თავდასხმას უდანაშაულო ხალხზე მოსკოვში. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაშავებულთანაა“.
ცნობისთვის: 22 მარტის საღამოს "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულ პირთა ჯგუფი სროლით შეიჭრა და კონცერტის დაწყების მოლოდინში შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლა, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო.
"კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
კრემლში აცხადებენ, რომ "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმასთან დაკავშირებით 11 პირი დააკავეს.
"რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა აცნობა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 11 ადამიანის დაკავების შესახებ, მათ შორის ოთხი პირია, რომლებიც გუშინ მომხდარ ტერაქტში უშუალოდ მონაწილეობდნენ. მიმდინარეობს შემდგომი სამუშაოები თანამზრახველთა ბაზის იდენტიფიცირებისთვის“, - აცხადებენ კრემლის პრეს–სამსახურში.
ამავე თემაზე: ვინ გმობს მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" მომხდარ თავდასხმას