Accentnews.ge
ვინ გმობს მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" მომხდარ თავდასხმას

ვინ გმობს მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" მომხდარ თავდასხმას

23/03/2024 09:50:38 მსოფლიო

მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმას, რომელსაც ბოლო მონაცემებით, 93-მდე ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი ემსხვერპლა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა გმობს.

ვინ გმობს თავდასხმას (თბილისის დროით 13:40 საათისთვის არსებული მონაცემები)

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი

"გაერთიანებული სამეფო მკაცრად გმობს მომხდარ ტერაქტს. ჩვენ გულწრფელ და ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებთ მრავალი დაღუპულის ოჯახებს. ვერაფერი გაამართლებს ასეთ საზარელ ძალადობას", – აცხადებს კამერონი.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

"ჩვენ ვგმობთ საშინელ ტერორისტულ თავდასხმას უდანაშაულო ხალხზე მოსკოვში. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაშავებულთანაა“, – აცხადებს შოლცი.

რუსეთში დიდი ბრიტანეთის საელჩო

"ჩვენ ვგმობთ მომხდარ ტერაქტს. ეს საშინელი ტრაგედიაა. ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაშავებულთა და დაღუპულთა ახლობლებს“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაერო–ს უშიშროების საბჭო

"ვგმობთ საშინელ ტერორისტულ თავდასხმას", – აცხადებს საბჭო.

ევროპული კომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრეს–სპიკერი პიტერ სტანო

"ევროკავშირი შოკირებული და შეძრწუნებულია მოსკოვში მომხდარი თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობებით. ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. თანავუგრძნობთ რუსეთის ყველა მოქალაქეს, ვინც დაზარალდა", – აცხადებს სტანო.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი

"შოკირებული ვარ, ცნობებით მოსკოვში ტერორისტული თავდასხმის შესახებ. მკაცრად ვგმობ ამ ტერორისტულ აქტს!", – წერს იგი სოცილაურ ქსელში.

ამასთან, მომხდარი დაგმეს პოლონეთის, აზერბაიჯანის, შვედეთის, კვიპროსის, ბოსნია და ჰერცოგოვინას და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა; პაკისტანის პრემიერ–მინისტრის ოფისმა; გაერო–ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა; მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ და უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუს ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს ჩინეთისა და ინდოეთის ლიდერებმა და მომხდარი დაგმეს.

რაც შეეხება საქართველოს, მთავრობის ადმინისტრაციამ შემდეგი განცხადება გაავრცელა:

„საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“.

ცნობისთვის: 22 მარტის საღამოს "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულ პირთა ჯგუფი სროლით შეიჭრა და კონცერტის დაწყების მოლოდინში შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლა, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო.

"კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

კრემლში აცხადებენ, რომ "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმასთან დაკავშირებით 11 პირი დააკავეს.

"რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა აცნობა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 11 ადამიანის დაკავების შესახებ, მათ შორის ოთხი პირია, რომლებიც გუშინ მომხდარ ტერაქტში უშუალოდ მონაწილეობდნენ. მიმდინარეობს შემდგომი სამუშაოები თანამზრახველთა ბაზის იდენტიფიცირებისთვის“, - აცხადებენ კრემლის პრეს–სამსახურში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S