
ევროკომისია გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის ახალ გეგმას წარადგენს
20/03/2024 13:26:21 მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გადადო იმ გეგმის გამოქვეყნება, რომელიც გაყინული რუსული აქტივების შემოსავლის უკრაინისთვის იარაღის შესაძენად დახარჯვას ეხება. ევროკავშირი ოთხშაბათს განაცხადებს, რომ დაახლოებით 3 მილიარდი ევროს ნაწილი, რომელიც გაყინული აქტივებიდან უნდა მიიღონ, ასევე არასამხედრო დახმარებაზეც დაიხარჯება, იუწყება politico.
მოსალოდნელია, რომ 10% დაიხარჯება ქვეყნის აღდგენაზე, ხოლო დანარჩენი 90% გამოიყოფა იარაღის შესაძენად. მანამდე ამ სეთავაზების შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ისაუბრა.
კომისიის წინადადების შემდეგ, საკითხს ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ სამიტზე განიხილავენ. ევროპული ქვეყნების ლიდერები ეძებენ გზებს უკრაინის შემცირებული სამხედრო მარაგების შესავსებად.
აშშ მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივები სრულად (250 მილიარდი დოლარი) უკრაინის დასახმარებლად უნდა გამოიყენოს, თუმცა ამ იდეას ევროკავშირში ბევრი ეწინააღმდეგება სამართლებრივი და ფინანსური რისკების გამო.
ფონ დერ ლაიენის ინიციატივაა, რომ თანხა მთლიანად არ გამოიყოს იარაღის შესყიდვებისთვის, რომელიც ევროპის მშვიდობის ფონდს უნდა გადაეცეს. თანხის ნაწილი ასევე უზრუნველყოფს კიევის საბიუჯეტო მხარდაჭერას.
გამოცემის მიერ მოპოვებულ ტექსტში ასევე ნახსენებია თანხების გამოყენება უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მოდერნიზაციისთვის.
გეგმის ცვლილება რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგობის გამო მოხდა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ თანხის იარაღის შესაძენად გამოყენებას. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი, შიშობენ, რომ იარაღის ყიდვა ხელს შეუწყობს ესკალაციას უკრაინაში, ხოლო სხვებს - მალტისა და ირლანდიის ჩათვლით - არ აქვთ უფლება იყიდონ ლეტალური იარაღი ნეიტრალიტეტის გამო.
კომისიის წინადადება მოიცავს მხოლოდ 2024 წლის 15 თებერვლის შემდეგ მიღებულ შემოსავალს.